საშემსრულებლო ხელოვნება

კლუბი BASSIANI ამერიკელ დიჯეისა და პროდიუსერს Jeff Mills უმასპინძლებს

15 თებერვალს კლუბი BASSIANI ამერიკელ დიჯეისა და პროდიუსერს Jeff Mills უმასპინძლებს.

„როდესაც მას პირველად მოვუსმინეთ, ეს გამაოგნებელი იყო… მისი ტექნიკა და უნარები იმდენად განსაკუთრებული იყო, რომ თვალს და ყურს ვერ ვუჯერებდით. ასე სწრაფად ამ ყველაფერს ვერავინ აკეთებდა“ – როდესაც ახალგაზრდა JEFF MILLS-მადეტროიტის ლეგენდარულ “CHEEKS“-ში დაუკრა, კლუბის წარმომადგენლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. აშკარა იყო, რომ დეტროიტ-ტექნოს მეორე ტალღა საიმედო ხელში იყო, რადგან ამ ტალღის ქიმზე ფუტურისტული მიდგომებით და ინოვაციებისკენ დაუოკებელი სწრაფვით გამორჩეული არტისტი მოექცა.

როდესაც 80-იან წლებში THE ELECTRIFYING MOJO თავისი საკულტო რადიო-შოუთი ინდუსტრიული ქალაქის მუსიკალურ ხასიათს განსაზღვრავდა, MILLS საკუთარი რადიო გადაცემით კიდევ უფრო უცნობი და იგნორირებული ნამუშევრების დღის სინათლეზე ამოტანას ცდილობდა. სწორედ WDRQ რადიოში დაიბადა სამი ფირსაკრავით დაკვრის იდეაც, რაც მოგვიანებით მისი სამარკო ნიშანი გახდა: „თავდაპირველად მესამე ფირსაკრავი იმისთვის გამოიყენებოდა, რომ რაიმე ტექნიკური ხარვეზის დროს შემცვლელად გვქონოდა, თუმცა მე მისი უფრო აქტიურად გამოყენება დავიწყე, იმისთვის რომ უფრო კომპლექსური შთაბეჭდილება შემექმნა“.

სწორედ მისი მულტიფუნქციონალურობა, რაც სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობების კარგად ცოდნასა და დაკვრის განსაკუთრებულ ტექნიკაში გამოიხატებოდა, THE WIZARD-ის დაბადების წინაპირობად იქცა. ეს “ჯადოქარი” კი მალე ტექნოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური კოლექტივის, UNDERGROUND RESISTANCE-ს საკვანძო ფიგურად იქცა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ UR-ს დაარსებამდე MILLS-ს თავის მუსიკალური გზა უკვე არჩეული ჰქონდა, რაც, პირველ რიგში, ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდებოდა, თუმცა ეს კავშირი თანდათან უფრო ფერმკრთალი გახდა და საბოლოო მან ჰიპ-ჰოპის ფესვებს გვერდი თავისი პროექტის FINAL CUT გამო აუარა. ეს პროექტი უფრო მეტად ჩიკაგოს ინდუსტრიული ჟღერადობით და ბელგიური EBM-ის გავლენით ხასიათდებოდა, თუმცა არავის დავიწყებია ტრადიციული დეტროიტ ტექნოს ჟღერადობა. ამ სინთეზის საუკეთესო რეპრეზენტაცია იყო 1990 წლის რელიზი DEEP INTO THE CUT, რომელიც გერმანულ ლეიბლზე INTEFISCH RECORDS გამოიცა. ეს ლეიბლი იმ პერიოდის დადაისტური მოძრაობით იყო შთაგონებული, რაც ძირითადად DIMITRI HEGEMANN-ის ხედვებით იყო განსაზღვრული. იგივე წელს პროექტის წევრებმა სოლო კარიერის გზა აირჩიეს, რამაც MILLS მაიკ ბენქსთან, იგივე MAD MIKE-თან დაახლოვა, რაც საბოლოოდ UNDERGROUND RESISTANCE-ს დაბადების წინაპირობად იქცა. როგორც UR-ს სახელით, ასევე სოლო პროექტების მეშვეობით, JEFF MILLS ტექნოს მთავარ მისიონერად და იდეოლოგად იქცა.

კომენტარები

კომენტარი