კულტურა

“მშობლები განათლებისთვის” განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“მშობლები განათლებისთვის” განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“რამდენიმე დღეა საზოგადოებაში აქტიურად განიხილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასკოლო გამოცდების გაუქმებასთან და ეროვნული გამოცდების ცვლილებასთან დაკავშირებით. ამ პროცესს სამინისტრო რეფორმას უწოდებს, თუმცა უნდა გავიხსენოთ, რომ ბოლო ათწლეულია განათლების სისტემაში ყველა მისაღებ თუ მიუღებელ, გონივრულ თუ არაგონივრულ, კვლევაზე დაფუძნებულ თუ პირთა ვიწრო ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რეფორმას არქმევენ, შემდეგ კი ამის შესახებ ინფორმაციას მასმედიის საშუალებით, ფრაგმენტულად გვაცნობენ.

მშობლები დღეს ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ განათლების ერთიანი, სისტემური ხედვის შემუშავებისა და მასთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევის  გარეშერეფორმა ვერ განხორციელდება და ვერ ავცდებით მთავრობებისა თუ მინისტრების ცვლის პირობებში მორიგ ექსპერიმენტებს. გარდა ამისა, გამორიცხულია განათლების ცალკეული კომპონენტის ერთმანეთისგან განცალკევებით განხილვა და რეფორმირება.

სასკოლო გამოცდების გაუქმება რეფორმა არ არის. ეს არის იმის აღიარება, რომ წლების განმავლობაში არასწორი გზით გვივლია და რაც მთავარია, არასწორი გზით გვიტარებია მომავალი თაობა.

ცხადია, გამოცდების გაუქმებით ერთი უსარგებლო და არაფრისმომცემი აქტივობის განხორციელების ვალდებულება მოეხსნება მოსწავლეს და სკოლას, თუმცა ე.წ. რეფორმა არ აჩვენებს, როგორ გაუმჯობესდება ზოგადი განათლების ხარისხი, რაც გულისხმობს მოსწავლეების პიროვნულ განვითარებას, მათთვის მრავალმხრივი ინტერესების გაღვივებას, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, გამჭოლი კომპეტენციების რეალურად განვითარებას, ისე, რომ დღევანდელი მოსწავლისგან ხვალ მივიღოთ თავისუფლად მოაზროვნე, სწორი ღირებულებების მქონე კარგი მოქალაქე.

რეფორმა არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი და საშურია, თუმცა მან კომპლექსურად უნდა მოიცვას რამდენიმე საკითხი: როგორ ზოგად განათლებას მიიღებენ მოსწავლეები, სად და რა პირობებში მიიღებენ, რა კომპეტენციისა და ღირებულებების მქონე მოქალაქეები ასწავლიან მათ და რა რესურსით.

დღეს კი რეალობა ასეთია:

სკოლა დღეს ვერ იძლევა ხარისხიან განათლებას და 21-ე საუკუნისთვის გამოსადეგ აუცილებელ უნარებს. მოსწავლეებს რეპეტიტორის გარეშე უჭირთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება;

სკოლის ინფრასტრუქტურა ხშირ შემთხვევაში მოუწესრიგებელია, რითიც ბავშვს ერთმევა უფლება, განათლება მიიღოს უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, ფსიქიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას. ბავშვთა მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობა, ანტისანიტარია საპირფარეშოებში, ბუფეტის არქონა ან უხარისხო საკვები – ეს ჩვენი სკოლების ყოველდღიურობაა;

იმის ნაცვლად, რომ მასწავლებლები მთლიანად გადართულები იყვნენ მათ უმნიშვნელოვანეს საქმიანობაზე, ფიქრი უწევთ როგორ გაუმკლავდნენ უმწვავეს სოციალურ ფონს და ყოველდღიურ პრობლემებს, მათი ანაზღაურება დაბალია, მათ კომპეტენციას კი ვერ შველის ტრენინგები; ამ ყველაფერს ხშირად ემატება ზოგადსაკაცობრიო, დემოკრატიული ღირებულებების დეფიციტი. რაც შეეხება კომპეტენტურ პედაგოგებს, თავსმოხვეული „რეფორმების“ და ცვლილებების გამო, მათ დრო არ რჩებათ, რომ მოსწავლეების საჭიროებებზე იფიქრონ და არა შემფასებლების;

დირექტორები ანგარიშვალდებულები არიან რესურს-ცენტრების, სამინისტროს, ხელისუფლებების და არა სამეურვეო საბჭოს, სასკოლო საზოგადოების, მშობლების და რაც მთავარია, მოსწავლეების წინაშე. მათი ანაზღაურება დიდად არ აღემატება მასწავლებლებისას, პასუხისმგებლობა კი უზღვავი აქვთ.

პრობლემა ყველა მხარეს არის, თუმცა მისი ობიექტურად შეფასებისა და ერთიანი ძალისხმევით გამოსწორების ნაცვლად მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორები ურთიერთბრალდებებით ვართ დაკავებული, სამინისტრო ამ დროს მედიატორის როლსაც კი არ ასრულებს და წლიდან წლამდე, მინისტრიდან მინისტრამდე, მთავრობიდან მთავრობამდე გვაცნობს ახალ-ახალ რეფორმებს, რომელთა წარმატება თუ წარუმატებლობა ხშირ შემთხვევაში ვერც კი იზომება.

რა უნდა გაკეთდეს და რას გთავაზობთ?

კარგი განათლება შეუძლებელია ავტონომიური, მონაწილეობით მმართველობაზე დაფუძნებული და სასკოლო საზოგადოების (არა მთავრობის)წინაშე ანგარიშვალდებული სკოლის გარეშე. ამას ადასტურებს ხანგრძლივი და ფართო საერთაშორისო გამოცდილება. იმავეს ადასტურებს ადგილობრივი ერთეული მაგალითებიც. მიტომ, ჩვენი მოლოდინია უახლოეს სამ თვეში მომზადდესარსებითი ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებკანონში დეცენტრალიზაციის მიმართულებით; 2019 წლის გაზაფხულ-ზაფხულში მიღებული იყოს ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის დანერგვისთვისაც ერთი სასწავლო წელი იქნება გათვალისწინებული.

შედეგად, ჩვენ მივიღებთ რეალურად დამოუკიდებელ სკოლას, რომელშიც განათლების ხარისხიც და ადმინისტრირების საკითხებიცდამოკიდებული იქნება სამეურვეო საბჭოს (სასკოლო საზოგადოების) კონტროლზე.

დღევანდელი სამეურვეო საბჭო არაა სათანადოდ ძლიერი, ხოლო სკოლის დირექტორი სამინისტროს დირექტივების შესრულებაში კარგავს დროს. მასწავლებლის დაქირავებაც და მისი გათავისუფლებაც იმდენ ბარიერთანაა დაკავშირებული, რომ წლების განმავლობაში მასწავლებელთა კონტინგენტი თითქმის არ შეცვლილა. მასწავლებლის მიღების, გათავისუფლების და მისი პროფესიული განვითარების კონტროლს უნდა ახორციელებდეს არამარტო დირექტორი, არამედ სამეურვეო საბჭო. სკოლას რეალურად უნდა გადაეცეს საკუთრებაში საკუთარი ქონება და ეს არ უნდა იყოს უზურფრუქტი. ამის გარეშე სკოლის მონაწილეობითი მართვა სუსტი იქნება. უნდა გაიზარდოს მასწავლებლისა და დირექტორის ანაზღაურება.

ის, რაც გამოსწორდა – ერთია (ეს არაა რეფორმა) და მეორეა ის, რაც ამას უნდა მოჰყვეს (რეფორმა). სწორედ ზემოაღნიშნულის განხორციელებით შეიძლება გახდეს სკოლა მოსწავლეზე ორიენტირებული და გაუმჯობესდეს ზოგადი განათლების ხარისხი.” – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი