კულტურა

ადამიანი, რომელმაც 35 ათასი ორიგინალური სტატია დაწერა და 3 მილიონზე მეტი სტატია დაარედაქტირა

35 წლის ამერიკელი სტივენ პრუიტი პორტალ Reddit-ისა და სხვა პოპულარული რესურსების მთავარ გმირად გადაიქცა მას შემდეგ, რაც CBS-მა მასზე სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც ინგლისურენოვანი Wikipedia-ს განვითარებაში სტივენის როლზეა საუბარი.

CBS-ის ინფორმაციით, ინგლისურენოვან ვიკიპედიაში ახლა, საერთო ჯამში, 6 მილიონი სტატიაა. პრუიტი კი არის ადამიანი, რომელსაც ამ პუბლიკაციების მესამედზე მეტში შეუტანია მინიმუმ ერთი შესწორება.

საერთო ჯამში, ენთუზიასტის ანგარიშზე ვებ-გვერდზე დაფიქსირებული 3 მილიონზე მეტი შესწორებაა, რითაც მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა Wikipedia-ს განვითრებაში.

ის მშობლებთან ერთად ცხოვრობს აშშ-ში, ვირჯინიას შტატში. პრუიტი აშშ-ის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს, სადაც მას არქივებთან მუშაობა ევალება. Wikipedia-ს რედაქტირება სიუჟეტის გმირმა 2006 წელს დაიწყო.

საერთო ჯამში, სტივენი Wikipedia-ს გაუმჯობესებისთვის დღეში მინიმუმ 3 საათს ხარჯავს. ის ამბობს, რომ ინფორმაციის თავისუფლების იდეით არის გატაცებული და ამას სიხარულით აკეთებს. გარდა ამისა, სტივენს 35 ათასზე მეტი ორიგინალური პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული.

Wikipedia მრავალენოვანი, თავისუფალი ენციკლოპედიაა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. ის გაიშვა 2001 წლის 15 იანვარს. პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე.

agora.ge

კომენტარები

კომენტარი