ლიტერატურა

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2019

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 1-ელ თებერვალს, უკვე მეოთხედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

ღონისძიება წელს პირველად სამი დღეს გასტანს და 1-დან 3 თებერვლის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე ლიტერატურულ აქტივობას  გააერთიანებს.

პროექტში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ორგანიზაცია და 60-მდე ავტორი. თბილისის გარდა შეხვედრები და სხვადასხვა ლიტერატურული აქტივობები დაგეგმილია საქართველოს თხუთმეტამდე ქალაქში, დაბასა და სოფელში.  წელს პირველად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შემოუერთდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორების წარმომადგენლები.

ღონისძიებები ოფიციალურად 2019 წლის, 1-ელ თებერვალს, 12:00 საათზე თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში  „არტისტული ყვავილების“ კითხვით გაიხსნება, რომელიც მიეძღვნება გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 60 წლის თავს და ასევე, ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საეტაპო პოეტური კრებულის „არტისტული ყვავილების“ გამოცემიდან 100 წლის იუბილეს.

გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ვახტანგ ჯავახაძე, რატი ამაღლობელი, ანი კოპალიანი, ნინია ნადირაძე და ილია ჭანტურია.

2019 წელს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა 3 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში დასკვნითი ღონისძიებით შეჯამდება, სადაც მკითხველს ლაშა ბუღაძესთან, პაატა შამუგიასთან და ზვიად კვარაცხელიასთან შეხვედრის საშუალება მიეცემა. ისინი ლიტერატურასა და ადამიანის უფლებებზე ისაუბრებენ.  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეოთხედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი. 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცის მიზანია, საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი, საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად.

ასევე, მნიშვნელოვანია ღონისძიების მასშტაბურობა – ლოკალური და რეგიონული მასშტაბით ავტორების, უნივერსიტეტების, სკოლების, ბიბლიოთეკების, წიგნის მაღაზიებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციას. წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საქართველოში წიგნთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია “Litworld”.

კომენტარები

კომენტარი