ლიტერატურა

ჯაბა ზარქუა – ჩვეულებრივი ამბავი არაჩვეულებრივ კონტექსტში | იტალო კალვინო – ბარონი ხეზე

ფოტო: AT

ბარონი ხეზე; იტალო კალვინო

გამომცემლობა „აგორა“; 2018

თარგმანი – ილია გასვიანი

ნაპოლეონის ეპოქა, ევროპა, ბარონები, ჰერცოგები, სალონური საუბრები, მემკვიდრეობისთვის ბრძოლა, მსახურები, ინტრიგები… ოო, არა, ღმერთო დიდებულო, ოღონდ ეს არა, გავიფიქრე პირველივე გვერდების წაკითხვისთანავე და ერთადერთი მიზეზი, რატომაც კითხვა განვაგრძე, იტალო კალვინოს ავტორიტეტი იყო. ეს თემები სადღაც ასე 18-19 წლის ასაკში მიტაცებდა სოფლის საშინაო ბიბლიოთეკაში სტენდალისა და ბალზაკის კითხვისას. ეს ენაც, რაღაცნაირად მოწესრიგებული და ლამაზი, საერთოდ არ ემთხვეოდა ჩემი სულის ამჟამინდელ მდგომარეობას, მაგრამ გული მაინც რეჩხს მიშვებოდა და თითქოს მაიძულებდა ბოლომდე მიმეყვანა დაწყებული საქმე. ჰო, ინტრიგა ნამდვილად  მქონდა, კალვინოს სახელი პირველად არ გამეგო და მაინტერესებდა, ერთი ამ თემებს რას უპირებდა.

ხომ არის ასეთი გამოთქმა – „ტყეში გავიდა“, რაც გულისხმობს განდგომას, ამბოხს, დიდი ძიების დასაწყისსა თუ უბრალოდ მალვას დროებით. ამ წიგნის მთავარი გმირი არც მეტი არც ნაკლები – ტყეზე ავიდა, პირდაპირი გაგებით. ვინ იფიქრებდა, რომ დიდგვაროვნების სახლში გამართული ერთი რიგითი ოჯახური ვახშმის დროს ლაწირაკი ბავშვის იმპულსური ახირება მის ცხოვრების აზრად გადაიქცეოდა და ჯიუტი კოზიმო აღარასოდეს დაადგამდა მიწაზე ფეხს. ჰო, ასე ჯიუტად, მშობლებზე გაგულისებული თავისი ეზოს ხეზე აძვრა და დარჩა კიდეც იქ.

რა არ გადახდა თავს მიწაზე ფეხდაუდგმელად – სიყვარული, ბრძოლა, სისხლი, თავგადასავლები… ჩამოთვლა რაღა საჭიროა, მხოლოდ თვით ნაპოლეონთან შეხვედრაც საკმარისი იქნება იმ მასშტაბის წარმოსადგენად, რასაც კოზიმოს ცხოვრება ერქვა. „კოზიმო პიოვასკო დი რონდო – იცხოვრა ხეებზე – მუდამ უყვარდა მიწა – ავიდა ზეცად“ – ეს ეწერა მის საფლავზე. ამაზე ზუსტად შეუძლებელი იყო რამის დაწერა.

რაღაცნაირი შუალედური მდგომარეობაა ეს ხეზე ცხოვრება, რომ ვუკვირდებოდი. არც იქითაა, არც აქეთ. ახლა, ალბათ, წარმოგიდგენიათ, რომ დაჰკრა ფეხი ამ პატარა ტუტუცმა ბავშვმა და მაუგლი გახდა შუაგულ ევროპაში? ნწ, ნურას უკაცრავად. ცივილიზაციასთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. უბრალოდ მის მიერ ცივილიზაციის აღქმა იყო უნიკალური, რითიც ძალიან ვისიამოვნე როგორც მკითხველმა. ხეზე ასული კაცის პრიზმაში დანახული სხვადასხვა ყოფითი საკითხი ერთ რამედ ღირს. შეხედეთ როგორი დისტანციაა – არც იმდენად  მაღლაა, კაცმა რომ თქვას, ზემოდან დაჰყურებს მოვლენებსო (მაგალითად, როგორც იქნებოდა კოსმოსური ხომალდიდან დედამიწის ცქერა) და მაინც მაღლაა ამავდროულად. არც მიწისაა, არც ცისა – რაღაცნაირად ეს აღწერა მიესადაგება ალბათ ყველაზე უკეთ ხეზე ცხოვრებას.

კოზიმოს, ამ ახირებულ ბარონს, თავისი გზის პოვნა უნდოდა, რომელიც განსხვავებული იქნებოდა არამარტო მამამისის და  მისი ნაცნობების გზისგან, არამედ ყველა იმ გზისგან, რომელზეც ოდესმე ადამიანს უვლია. იპოვა კიდეც და დატოვა ულამაზესი და უნიკალური ამბავი.

გამიჭირდება, რომ კოზიმოს საქციელი ცალსახად ამბოხად შევაფასო, რადგან ამბოხი სრულდება ან გამარჯვებითა და ან მარცხით. მას აქვს სასრული. შეუძლებელია ამბოხი უსასრულოდ გაგრძელდეს. კოზიმოს საქციელს კი არ ჰქონია სასრული. კი, ეს გადაწყვეტილება იმპულსურად მიიღო ბავშვობისას ოჯახის ჯიბრზე, მაგრამ იმ წამიერმა წყენამ ათასჯერ გაუარა და მიხვდა, რომ ეს იყო მისი გზა, რომელზეც უნდა ევლო. განა ვინმეს ჯინაზე, არამედ ისე, უბრალოდ. ეს რომ ამბოხი ყოფილიყო, კოზიმო თავისი წლების უნახავი სატრფოს ნახვის შემდეგ მაინც ჩამოდგამდა ფეხს მიწაზე, მაგრამ არა. ო, რამდენჯერ გაუძლია ცდუნებისათვის! რამდენჯერ მონდომებია მიწაზე ჩამოსვლა წამიერად, მაგრამ ადვილად შეუკავებია თავი. განა, დიდად რამეზე სწყდებოდა გული, არავითარ შემთხვევაში. კოზიმო იყო დაბადებული ხეზე საცხოვრებლად, მორჩა და  გათავდა.

ძალიან საინტერესოა ურთიერთობების ის მოდელი, რომელსაც კოზიმოს მაგალითზე ვაკვირდებით წიგნში. მაგალითად, ვერტიკალური სიყვარული. კოზიმო ზემოთაა, ადამიანები ქვემოთ. მისი ზემოთ ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს აროგანტულობას ან რამე მსგავსს, უბრალოდ ასეა. მისი სიყვარულის ისტორიაც შესაფერისია ამ არანორმალურობისა. საინტერესოა ასევე ისტორიის მდინარება კოზიმოს ფეხქვეშ, რევოლუცია, ცვლილებები, ეპოქების აღსასრული და დასაწყისი. „ტყეზე ასვლის“ კონტექსტი თითქოს შინაარს უცვლის ამ ობიექტურსა და მყარ მოცემულობებს და უფრო ალამაზებს მათ. ასე მაგალითად: დაუვიწყარია კოზიმოს მამაკაცად ინიციაციის სცენა – ნადირობა, როცა ის გარეულ კატას კლავს თავისი ხმლით და სატრფოსთან მიათრევს, თუმცა სატრფო ამ დროს მიჰყავთ სახლიდან და ბევრი წელი ვეღარ ხვდებიან ერთმანეთს. იმ კატისგან კოზიმო შემდეგ ქუდს შეიკერავს, რომელსაც მთელი ცხოვრება არ მოიხდის თავიდან. ერთ რამედ ღირს მისი და ოტიმო-მასიმოს, ტაქსა ძაღლის მეგობრობაც. ძაღლისა და პატრონის დამოკიდებულებასაც როგორი სხვანაირი შინაარსი აქვს, როცა პატრონი სულ ზემოთაა და ძაღლი სულ ქვემოთ. ჯან-გადგომილის ისტორია? კრიმინალისა, რომელიც შიშის ზარს სცემდა იქაურობას და რომელსაც შემთხვევით კოზიმო შეიფარებს, წიგნებს წააკითხებს, კრიმინალურ ენერგიას გამოაცლის და… გააუვნებლებს საბოლოოდ. წიგნებით გაკეთილშობილებული ცუდი ძიას ამბავი განა რა ორიგინალურია ახლა, მაგრამ ხეზე ასული კაცის კონტექსტი ყველაფერს თავდაყირა აყენებს და შინაარსებს უცვლის, აკი გითხარით ზემოთ უკვე და ისევ განვმეორდები. აი, თავად ნაპოლეონისა და კოზიმოს შეხვედრაზე საერთოდ რა უნდა ვთქვათ, მით უმეტეს, როცა მათ შორის დიოგენესა და ალექსანდრე მაკედონელის შეხვედრის სცენა თამაშდება. ხომ გახსოვთ, გაიწიე, მზეს მიჩრდილავო, ფილოსოფოსმა რომ სთხოვა იმპერატორს. კოზიმოს დიდი და შლეგური სიყვარულიც… სიყვარული რა გასაკვირია ახლა როცა საქმე ლიტერატურას ეხება, მაგრამ ეს სულ სხვაა ზემოთ არაერთხელ ნახსენები კონტექსტის გამო, სულ სხვა შინაარსი აქვს, ოდნავ უფრო აღმატებული, ვიდრე ადამიანური სიყვარულია. მოკლედ, ამის ჩამოთვლა ახლა შორს წაგვიყვანს, რადგან თავად უნდა დატკბეთ ნაცნობი მოცემულობების შეცვლილი შინაარსებით, რაც დიდებულად გააკეთა იტალო კალვინომ და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ობიექტური და მყარი არაფერია ამქვეყნად, ყველაფერი დამოკიდებულია კონტექსტზე და ხედვის კუთხეზე, რაკურსზე.

ჯაბა ზარქუა

 

 

კომენტარები

კომენტარი