ლიტერატურა

პაულ ცელანის ლექსის “სიკვდილის ფუგა” 5 თარგმანი

1949 წელს გერმანელმა ფილოსოფოსმა თეოდორ ადორნომ თავისი ყველაზე ცნობილი ფრაზა თქვა: „აუშვიცის შემდეგ ლექსის წერა ბარბაროსული საქციელია“. ადორნოს ამ სიტყვების ადრესატად კი მიჩნეულ იქნა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გერმანულენოვანი პოეტის, პაულ ცელანის 1947 წელს გამოქვეყნებული ლექსი „სიკვდილის ფუგა“, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ჰოლოკოსტის ყველაზე ცნობილ პოეტურ სიმბოლოდ იქცა. ადორნოს მიაჩნდა, რომ ოსვენციმის შემზარაობის ლექსის ენით გადმოცემა შეუძლებელია. ცელანისთვის კი, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკში მშობლები დაკარგა და თავადაც შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, პოეზია სწორედაც რომ ის ენა იყო, რომელიც ყველანაირ დოკუმენტურ ისტორიაზე უფრო მეტი სიზუსტით არეკლავდა განცდილ სისასტიკეს. „სიკვდილის ფუგა“ პაულ ცელანმა საკონცენტრაციო ბანაკში დაწერა.

გთავაზობთ ლექსის ქართველი მთარგმნელების მიერ შესრულებულ თარგმანებს:

დათო ბარბაქაძის თარგმანი

შავი რძე დილასისხამისა ჩვენ ვსვამთ მწუხრიჟამს

ვსვამთ მას შუადღეჟამს და დილაჟამს ვსვამთ მას ღამეჟამს

ვსვამთ და ვსვამთ ჩვენ მას

ჩვენ ვთხრით სამარეს ჰაერთა შინ სივიწროვეს სადაც არ გრძნობენ

სახლში მავანი კაცი ცხოვრობს ის გველებთან თამაშობს ის წერს

წერს აბნელდება როცა გერმანეთს მარგარეტ შენი ოქროსფერი თმა

წერს და გამოდის სახლიდან და ვარსკვლავები ციმციმებენ სტვენით უხმობს თავის ნაგაზებს

სტვენით გაიხმობს იგი თავის ებრაელებს და აიძულებს მათ მიწაში თხარონ სამარე

ახლა კი რამე საცეკვაო დაუკარით ასე გვიბრძანებს

დილასისხამის შავო რძეო ჩვენ გსვამთ ღამეჟამს

ჩვენ გსვამთ დილაჟამს და შუადღეჟამს გსვამთ შენ მწუხრიჟამს

ჩვენ შენ გსვამთ და გსვამთ

სახლში მავანი კაცი ცხოვრობს ის გველებთან თამაშობს ის წერს

წერს აბნელდება როცა გერმანეთს მარგარეტ შენი ოქროსფერი თმა

სულამით შენი ფერფლისფერი თმა ჩვენ ვთხრით სამარეს ჰაერთა შინ სივიწროვეს სადაც არ გრძნობენ

ზოგს ნიადაგში უფრო ღრმად ჩასვლას სხვებს სიმღერას და ცეკვას უბრძანებს

წაეტანება ქამარზე ფოლადს ამოაშიშვლებს ცისფერია მისი თვალები

ნიჩბები უფრო ღრმად ჩაასეთ თქვენ კი ისევ საცეკვაოს დაკვრა განაგრძეთ

დილასისხამის შავო რძეო ჩვენ გსვამთ ღამეჟამს

ჩვენ გსვამთ დილაჟამს და შუადღეჟამს გსვამთ შენ მწუხრიჟამს

ჩვენ შენ გსვამთ და გსვამთ

სახლში მავანი კაცი ცხოვრობს მარგარეტ შენი ოქროსფერი თმა

სულამით შენი ფერფლისფერი თმა ის გველებთან განაგრძობს თამაშს

ყვირის სიკვდილი უფრო ტკბილად დაუკარით სიკვდილი ხომ ოსტატია გერმანეთიდან

ყვირის შეეხეთ ვიოლინოს მეტი სიბნელით მერე ჰაერში კვამლივით ახვალთ

მერე სამარეს ჰპოვებთ ღრუბლებში სივიწროვეს სადაც არ გრძნობენ

დილასისხამის შავო რძეო ჩვენ გსვამთ ღამეჟამს

ჩვენ გსვამთ შუადღეჟამს სიკვდილი ხომ ოსტატია გერმანეთიდან

ჩვენ გსვამთ მწუხრიჟამს და დილაჟამს ჩვენ შენ გსვამთ და გსვამთ

სიკვდილი ხომ ოსტატია მისი თვალი არის ცისფერი

ის შენ ტყვიასხმულს მოგახვედრებს ის გესვრის ზუსტად

სახლში მავანი კაცი ცხოვრობს მარგარეტ შენი ოქროსფერი თმა

თავის ნაგაზებს ის ჩვენ გვიქსევს ის ჰაერში გვჩუქნის სამარეს

ის გველებთან განაგრძობს თამაშს სიკვდილი ხომ ოსტატია გერმანეთიდან

მარგარეტ შენი ოქროსფერი თმა

სულამით შენი ფერფლისფერი თმა

ზვიად რატიანის თარგმანი

შავი რძისნამი განთიადისა
მას ვეწაფებით შებინდებისას
მას ვეწაფებით დილით
შუადღით მას ვეწაფებით როცა ღამეა
ჩვენ ვეწაფებით მას ვეწაფებით
ჰაერში ვითხრით საფლავებს
ჩვენსას იქ ადგილი ყველას ეყოფა
კაცი კი ცხოვრობს ის ცხოვრობს სახლში
ის გველს აცეკვებს ის იწყებს წერას
წერს და ბინდდება გერმანიაში
ვაი შენი თმის ოქროს მარგარეტ
ის წერს და გადის ვარსკვლავებს ღვიძავთ
ის სტვენით უხმობს ძაღლების ხროვას
ის ებრაელებს მოუხმობს სტვენით
ყვირის სალფავი მიწაში თხარეთ
ის ჩვენ გვიბრძანებს დაუკარით თქვენ კი იცეკვეთ

შავო რძისნამო განთიადისა ჩვენ გეწაფებით როცა ღამეა
შენ გეწაფებით დილით შუადღით
შენ გეწაფებით შებინდებისას
ჩვენ გეწაფებით შენ გეწაფებით
კაცი კი ცხოვრობს ის ცხოვრობს სახლში
ის გველს აცეკვებს ის იწყებს წერას
წერს და ბინდდება გერმანიაში
ვაი შენი თმის ოქროს მარგარეტ
ვაი შენი თმის ნაცარს სულამით ჰაერში
ვითხრით საფლავებს ჩვენსას იქ ადგილი ყველას ეყოფა
ის კი დაგვყვირის საფლავები თხარეთ მიწაში
თქვენ კი იმღერეთ ის დაგვყვირის და დაუკარით
ქამრიდან იძრობს ელვარე რკინას
მისი თვალები არის ცისფერი
ღრმად დაატანეთ მიწას ნიჩაბი
თქვენ კი იცეკვეთ და დაუკარით

შავო რძისნამო განთიადისა
ჩვენ გეწაფებით როცა ღამეა
შენ გეწაფებით დილით შუადღით
შენ გეწაფებით შებინდებისას
ჩვენ გეწაფებით შენ გეწაფებით
კაცი კი ცხოვრობს ის ცხოვრობს სახლში
ვაი შენი თმის ოქროს მარგარეტ
ვაი შენი თმის ნაცარს სულამით
ის გველს აცეკვებს ის იწყებს წერას
ის ყვირის ტკბილად უმღერეთ სიკვდილს
ხოლო სიკვდილი მოძღვარია გერმანიიდან
მეტი ნაღველი ვიოლინოებს რათა კვამლივით აიჭრათ მაღლა
ღრუბლებში თქვენი საფლავებია იქ ადგილი ყველას ეყოფა

შავო რძისნამო განთიადისა ჩვენ გეწაფებით როცა ღამეა
შენ გეწაფებით შუადღით დილით
ხოლო სიკვდილი მოძღვარია გერმანიიდან
შენ გეწაფებით შებინდებისას
ჩვენ გეწაფებით შენ გეწაფებით
ხოლო სიკვდილი მოძღვარია
გერმანიიდან მისი თვალები არის ცისფერი
ყველას მიგაწვენთ მისი ტყვიები
არვის აცდება მისი ნასროლი
კაცი კი ცხოვრობს ის ცხოვრობს სახლში
ვაი შენი თმის ოქროს მარგარეტ
ის ჩვენზე გეშავს ძაღლების ხროვას
ის ჩვენ საფლავებს გვჩუქნის ჰაერში
ის გველს აცეკვებს და ის ოცნებობს
ხოლო სიკვდილი მოძღვარია გერმანიიდან

ვაი შენი თმის ოქროს მარგარეტ
ვაი შენი თმის ნაცარს სულამით

ზაალ ჯალაღონიას თარგმანი

შავი რძის შხეფები ალიონისას.
რომელსაც ხარბად ვსვამთ შეღამებისას.
მრუმე ღამითაც
ჩვენ მას ვეწაფებით დილით,
და შუადღისას.
ჩვენ მას ყოველთვის ხარბად ვისრუტავთ.
საკუთარ საფლავებს ჰაერში ვითხრით,
რადგან იქ ადგილი ყველას გვეყოფა.
კაცი ცხოვრობს თავის სახლში
და გველებს ეთამაშება, კაცი შუალედებში წერს.
წერისას ბნელდება გერმანიაში.
მივსტირი შენს ოქროს თმას მარგარეტ.
ის წერს. გამოდის გარეთ. ვარსკვლავებს ისევ ღვიძავთ ცაში.
ბნელ ჩრდილებს დასდევს ძაღლების ხროვა.
ვარსკვლავი გვიხმობს, ებრაელებო, გამოდით
გარეთ,
ყველამ გათხარეთ თქვენთვის საფლავი
და მოემზადეთ, დაუკარით, იწყება ცეკვა.
შავი რძის შხეფებო ალიონისას
კვლავ უნდა დაგეწაფოთ სულის ამოსვლამდე.
ეს შუაღამით, ეს დილით
მე ვერ მელევა მძაფრი წყურვილი.
ის კაცი ცხოვრობს, თავის სახლშია
და ცეკვავს ისევ თავის გველებთან
და იწყებს წერას.
ჩუმად ბინდდება გერმანიაში.
ვაი, შენ ოქროვან თმას მარგარეტ.
შენი თმის ნაცრად ქცევას, ავაი სულამით.
საკუთარ საფლავს ჰაერში ვითხრით
იქ ადგილი ყველას გვეყოფა.
ის კი გვიყვირის გათხარეთ მიწა
და თან იმღერეთ, დაუკარით. იცეკვეთ ყველამ.
ნიჩაბი მიწას მძლავრად შეახეთ
ნუღარ გაგირბით თვალი ზეცისკენ.
შავ რძეში გვიწევს ბანაობა ალიონისას.
თან ვეწაფებით, ვსვამთ მას შუადღისას
საღამო ჟამს თუ მრუმე ღამეში.
ო, კაცი ცხოვრობს თავის სახლში
და გველებთან ცეკვავს.
ო, შენი თმების ნაცრად ქცევა, ნუ მომაგონე
ო, სულამით.
ვიღაცა ისევ გაყვირის და მოჰყავს ძაღლების ხროვა.
ჰე, მოიმარჯვეთ ვიოლინო და ჰანგებს კვამლივით აჰყევით.
ცისფერი თვალებით- სიკვდილი უბადლო ოსტატია გერმანიიდან..
ღრუბლის ქულებზე მოვინიშნე ჩვენი საფლავი
იქ სივიწროვე არ გვემუქრება
ჩვენ საფლავები ჰაერში გველის.
შავი რძის შხეფი ალიონისას,
რომელსაც ვეწაფებით დღისით და ღამით.
რომელსაც ვსვამთ ნებისმიერ დროს
და მოცეკვავე გველები სახლში
კაცი რომელიც იწყებს წერას.
მრუმე უკუნი გერმანიაში.
და დირიჟორი, აქნეული სიკვდილის ხელი.
ტყვია რომელიც ყოველთვის გვეძებს.
და საფლავებს გვჩუქნის ჰაერში.
ო,შენს ოქროვან თმას მარგარეტ,
ვაი, შენს ნაცრად ქცევას სულამით.

გიორგი ლობჟანიძის თარგმანი

გარიჟრაჟის შავ რძესა ვსვამთ საღამოობით,
შუადღეობით და დილაობით,
ვსვამთ ღამითაც,
ვსვამთ და კიდევ ვსვამთ.
საფლავს ვითხრით ჰაერში. იქ თალხნად ვიქნებით.
იმ სახლში ცხოვრობს ერთი კაცი. ის თამაშობს იქედნეებით. წერს.
წერს, როდესაც გერმანიას ბინდი ედება.
შენი ოქროსფერი თმები, მარგარიტე! _
ასე წერს იგი. სახლის წინ დგება და ციმციმებენ ვარსკვლავები,
ის უსტვენს თავის მგელთა გუნდებს
უსტვენს თავის იუდეველებს –
რომ სამარე გაითხარონ დედამიწაზე!
ის გვეუბნება: დაუკარით! ახლა ვიცეკვებთ!
გარიჟრაჟის მრუმე რძეო,
შენა გსვამთ ღამით,
დილით შენ გსვამთ,
შუადღისას,
გსვამთ საღამოთი,
გსვამთ და კიდევ გსვამთ
იმ სახლში ცხოვრობს ერთი კაცი.
ის თამაშობს იქედნეებით. წერს.
წერს, როდესაც გერმანიას ბინდი ედება.
შენი ოქროსფერი თმები, მარგარიტე!
შენი ფერფლისფერი თმები, სულამით!
ჩვენ ვითხრით საფლავს ჰაერში. იქ თალხნად ვიქნებით.
ის მოითხოვს: ,,ღრმად ჩათხარეთ მიწაში ბარი! ჰეი!” – იქ ერთს, ხოლო მეორეს:
დაუკარით და იმღერეთო!
ის რკინას წელზე იგუნდავებს. ის მათ იქნევს. ლურჯთვალებაა.
,,ღრმად დაჰკარი ბარი!” – იქ ერთს, ხოლო მეორეს,
არ შეჩერდე, ჩვენ აქ ვცეკვავთო!
გარიჟრაჟის მრუმე რძეო,
შენა გსვამთ ღამით,
დილით შენ გსვამთ,
შუადღისას,
საღამოთი გსვამთ. ჩვენ შენა გსვამთ.
იმ სახლში ცხოვრობს ერთი კაცი.
შენი ოქროსფერი თმები, მარგარიტე!
შენი ფერფლისფერი თმები, სულამით!
ის თამაშობს იქედნეებით. წერს.
მოითხოვს: უფრო ტკბილად დამიკარით სიკვდილი, ასე.
სიკვდილი გერმანელი ოსტატია.
ის მოითხოვს:ბრუნდედ ჩამოჰკარით სიმებს
და ზეცად ამაღლდებით, როგორც კვამლი.
იქ, ღრუბლებში მოინახება სამარე თქვენი. თალხნად იქნებით!
გარიჟრაჟის მრუმე რძეო,
შენა გსვამთ ღამით,
გსვამთ შუადღისას,
და სიკვდილი გერმანელი ოსტატია – ლურჯი თვალებით.
ის გიმიზნებს სპილენძის ტყვიას. არ აგაცილებს.
ის უმიზნებს საუკეთესოდ.
იმ სახლში ცხოვრობს ერთი კაცი.
შენი ოქროსფერი თმები, მარგარიტე!
ის ჩვენზე გეშავს თავის მგლებს და
ის ჩვენ გვჩუქნის საფლავს ჰაერში.
ის თამაშობს იქედნეებით და ბჭობს სიკვდილი –
გერმანელი ოსტატია,
შენი ოქროსფერი თმები, მარგარიტე!
შენი ფერფლისფერი თმები, სულამით!

ლულუ დადიანის თარგმანი

შავი რძის ცისკრის მას ვსვამთ საღამოს

ვსვამთ შუადღისას და სისხამ დილით ვსვამთ ყოველღამე

ვსვამთ და ვსვამთ ისევ

სამარეს ვუთხრით ჰაერთა წიაღ, სადაც ადგილი ეყოფა ყველას

კაცი, რომელიც იურვებს გველებს სახლში რომ ცხოვრობს და უყვარს წერა

წერს მაშინ, როცა გერმანიას მოიცავს ბინდი ოქროდ ნაფერი თმები შნი, ჰოი მარგარეტ

შემდეგ პარმალზე გამოდის და ვარსკვალვებს უმზერს სასტვენით იხმობს თავის ნაგაზებს

სტვენითვე იხმობს თავის ურიებს და ათხრევინებს მიწას – სამარეს

გვიბრძანებს ახლა საცეკვაო დავუკრათ რამე.

შავო რძევ ცისკრის გსვამთ ყოველღამე

გსვამთ და გსვამთ ისევ

კაცი, რომელიც იურვებს გველებს წერს მაშინ, როცა

გერმანიას მოიცავს ბინდი ოქროდ ნაფერი თმები შენი, ჰოი, მარგარეტ,

რუხი ფერფლი შენი თმებისა, ჰოი, სულამით ჰაერში ვუთხრით სამარეს, სადაც

სივიწროვეს იგრძნობს ვერავინ.

ის უკიჟინებს, რომ მიწის წიაღს უფრო ღრმად ჩასწვდნენ სხვებს აიძულებს

როკვას სიმღერას.

ის იარაღის ბუდეს სწვდება მყის ხელაღებით თვალები მისი არის ცისფერი

თქვენ ნიჩბით უფრო ღრმად ჩასჭერით სხვებმა კი კვლავაც საცეკვაო

დაუკრან რამე.

შავო რძევ, ცისკირს, გსვამთ ყოველღამე

გსვამთ შუადღისას და სისხამ დილით გსვამთ საღამოხანს

გსვამთ და გსვამთ ისევ

კაცი, რომელიც ცხოვრობს სახლში და იურვებს გველებს

ოქროდ ნაფერი თმები შენი, ჰოი, მარგარეტ, რუხი ფერფლი შენი თმებისა,

ჰოი სულამით,

გვიყვირის: „სიკვდილს უფრო ტკბილად დაკვრა შეშვენის“, სიკვდილი კი

ოსტატია გერმანიიდან.

უფრო აკვნესეთ ვიოლინო კაეშნით სავსე, მაშინ კვამლივით ჰაერსა და ცას შეერევით

მაშინ ღრუბლები ჰპოვებთ სამარეს იქ, სივიწროეს იგრძნობს ვერავინ.

შავო რძევ, ცისკრის, გსვამთ ყოველღამე.

გსვამთ შუადღისას სიკვდი აკი ოსტატია გერმანიიდან.

ჩვენ გსვამთ საღამოს, გსვამთ სისხამ დილით, გსვამთ და გსვამთ ისევ

სიკვდილი აკი ოსტატია გერმანიიდან, მისი თვალები არის ცისფერი.

ის გიმიზნებს და ზუსტად არტყამს მიზანში ტყვიას.

კაცი, რომელიც სახლში ცხოვრობს. ოქროდ ნაფერი თმები შენი, ჰოი, მარგარეტ.

აქეზებს თავის ნაგაზებს ჩვენზე და საფლავს ზეცის წიაღში გვიძღვნის

იურვებს გველებს და ოცნებბობს. აკი სიკვდილი ოსტატია გერმანიიდან

ოქროდ ნაფერი თმები შენი, ჰოი, მარგარეტ!

რუხი ფერფლი შენი თმებისა, ჰოი, სულამით!

 

კომენტარები

კომენტარი