არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

შესაძლოა, რუსთაველის მეტროს რესტავრაციისას ვეფხვის სტილიზებული გამოსახულების კონსტრუქცია ჩამოხსნეს და ასლით შეცვალეს

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მეტროსადგურ “რუსთაველის” რესტავრაციის ფარგლებში, ვეფხვის სტილიზებული გამოსახულებით კონსტრუქცია ჩამოიხსნა და ისინი მისი ასლებით ჩანაცვლდა, – ამის შესახებ განცხადება, რომლის ადრესატიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია და კახა კალაძეა, ირაკლი ფიფიამ გაავრცელა.

“ეს ორგანიზებული დანაშაულია!
რუსთაველის მეტროში განხორციელებული “რესტავრაცია” ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს! აღნიშნული მეტროსადგური 1966 წლის იანვარში გაიხსნა. მისი არქიტექტორები კალანდაღიშვილი და ჯანელიძე იყვნენ. სტილი კარგად ნაცნობი მონუმენტალიზმი; (თუმცა კონსტრუქტივიზმის და 70-იანებს დასაწყისის ესთეტიკაც იგრძნობა.) სადგური გამოირჩეოდა იმით, რომ მის ინტერიერი სრულად იყო მორგებული თემაზე. სპეციალურად ვეფხისტყაოსნის თემატიკით გაჯერებული დეტალები სადგურს განსაკუთრებულ პეწს მატებდა. დღეს ეს უკვე წარსულია…

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დროსთან ერთად ინტერიერში არსებული მორთულობა სადგურში სულ უფრო და უფრო ღარიბდებოდა. ჯერ იყო და ექსკალაროტის განათება გაქრა, შემდეგ სპეციალურად ამ სადგურისათვის შექმნილი ლომებიანი სკამები, ახლა კი ბოლო ნაწილზე ვართ გადასულები: 2018 დეკემბრის დასაწყისში სპილენძისაგან ჩამოსხმული ერთიანი ვეფხვის სტილიზებულიგამოსახულებიანი საჰაერო ცხაურები ჩამოიხსნა. უკვე იანვრის დასაწყისში საკმაო უკმაყოფილება იყო საზოგადოებაში რაც სხვადასხვა სოციალური მედიითაც გაჟღერდა.

იანვრის შუა რიცხვებში “ცხაურები დააბრუნეს”, რასაც მეც დიდი სიხარულით შევეგებე, თუმცა პირველივე შეხედვისასაც აშკარა იყო, რომ “რესტავრაცია” არ იყო მათი ჩამოხსნის მიზეზი. დღეს უფრო საგულდაგულოდ შევათვალიერე და აშკარაა, რომ საბჭოთა პერიოდის სპილენძის ცხაურები მისმა “თანამედროვე ასლებმა” ჩაანაცვლეს. რაც ყველაზე მთავარია, დაიკარგა ერთანი ესთეტიკის შეგრძნება. ვეფხვის სტილიზებული გამოსახულება ჩარჩოს სპეციალური მინიმალისტური ორნამენტული დეკორით უკავშირდებოდა, რაც შესაძლებლობას იძლეოდა, რომ ცხაურის მარტივი მექანიკური ჩადგმით, მთელი კონსტრუქცია მყარად მიმაგრებულიყო სვეტებზე. დღეს ეს სფერული დეკორები დაკარგულია და ჩარჩო და ანიმალისტური გამოსახულება ერთმანეთსაა დაცილებული, ამიტომაც საჭირო გახდა, რომ ვეფხვის გამოსახულების ასლი მეტალის ბადეზე ალუმინის ჭანჭიკებით დაემაგრებინათ.

აღნიშნული “რესტავრაცია” სინამდვილეში უფრო ორგანიზებულ ქურდობას გავს და არა რესტავრაციას.

საინტერესოა, რა აზრისაა ამაზე მეტროს ადმინისტრაცია და ამ “რესტავრაციის” დასრულებისას ვინ მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს ხელი?!” – წერს ირაკლი.

კომენტარები

კომენტარი