ლიტერატურა

ლიტერატურა სოციალური კომპლექსების საჯაროდ გადამუშავების მანქანად იქცა | ინტერვიუ ლექსო დორეულთან

“არტნიუსი”, ახალი რუბრიკის ფარგლებში, აჯამებს 2018 წელს და იმ ლიტერატურულ პროცესებს, რომლითაც გასულმა წელმა თავი დაგვამახსოვრა. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი ლიტერატურის კრიტიკოსი ლექსო დორეულია, რომელმაც ისაუბრა დღევანდელი ლიტერატურის ფორმასა და ხასიათზე. გარდა ამისა, მან შეაფასა საქართველოში არსებული ლიტერატურული პრემიები და ზვიად რატიანის საქმე.

გთავაზობთ ინტერვიუს:

– რა მოხდა დადებითი ქართულ ლიტერატურაში 2018 წელს?

– 2018 წელი ქართული ლიტერატურისთვის ენობრივი იზოლაციისგან თავის დაღწევის  შანსი იყო. ცხადია, ვგულისხმობ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის ფაქტს.

– რა შეიცვალა უარყოფითისკენ?

– არ ვიცი, რამდენად მოიტანა ეს დისკურსი მაინც და მაინც 2018-მა წელმა, მაგრამ თანამედროვე ქართული ლიტერატურა სულ უფრო და უფრო მოსაწყენი და კონფორმისტული ხდება. ნელ-ნელა ის იქცა კიდეც სოციალური კომპლექსების საჯაროდ გადამუშავების მანქანად. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს „საჯაროობა“ მხოლოდ ფორმალური სახით არსებობს, რადგან ზვიად რატიანის საქმემ ნათლად აჩვენა – ადამიანები საუკეთესო ქართველ მწერლებს უბრალოდ სახელობითაც არ იცნობენ.

ასევე, მახსენდება პრემია „საბა“ და ნომინაციებიდან დროებით ამოღებული კრიტიკის ჟანრი – არადა, ქართულ ლიტერატურას თუ რამ აკლია, ეს თვითრეფლექსიაა. პოსტმოდერნული გაგებით კი, კრიტიკა ტექსტის უნარია, რომ მან თავი ტექსტად აღიქვას.

სამწუხაროდ, კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ლიტერატურულმა პრემიამ „ლიტერა“.

– ჩვენ დავინახეთ ხელისუფლება რომელიც, ერთი მხრივ, პოეტს სდევნდა, მეორე მხრივ კი მხარს უჭერდა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. თან ამაყობდა და თან არბევდა კლუბ BASSIANI-ს, დაანგრია და გამოფინა საყდრისის ნაწილები – რატომ ხდება ეს? როგორია ხელისუფლება ლიტერატურისა და კულტურის მიმართ?

– ზვიად რატიანი გახდა მსხვერპლი არსებული ხელისუფლების უკონტროლო მიდრეკილების – გვაცხოვროს დემონსტრაციული შიშის პირობებში. და, რაც ყველაზე შემზარავია, მას ეს გამოუვიდა – ზვიად რატიანს ქვეყნის დატოვება მოუწია, დამნაშავეები კი არ დასჯილან.

– რამდენად უნდა ერეოდეს სახელმწიფო ლიტერატურაში და, პირიქით, ლიტერატურა სახელმწიფოში?

– ლიტერატურის კომპეტენციის სივრცე შეუზღუდავია, მან შეიძლება ასახოს ან სულაც ესთეტიკური ლეგიტიმაცია მიანიჭოს ცხოვრების ნებისმიერ სფეროს. რაც შეეხება სახელმწიფოს ჩარევას ლიტერატურაში, სიმართლე გითხრათ, კითხვის არსი კარგად არ მესმის.  როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ, მისი ნანგრევები სულაც არ არის მშვენიერი.

– თქვენი 2018 წლის შემოქმედებითი მოღვაწეობა რომ შეაჯამოთ…

– ამ წელს ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და სასიამოვნო აღმოჩნდა სალექციო კურსი ბორხესის შესახებ, რომელსაც თავისუფალ უნივერსიტეტში ვუძღვებოდი.

სტუდენტებისგან უამრავი რამის სწავლა შევძელი – საოცარი სიამოვნება და პატივი იყო მათთან ერთად ლიტერატურულ და ფილოსოფიურ პრობლემებზე ფიქრი.

ასევე, საუკეთესოდ მახსენდება ჩემი საყვარელი ჟურნალის “არილი” საფრანკფურტე ნომრები, რომელთა გამოცემაშიც მეც მიმიძღვის გარკვეული წვლილი.

– 2018 წელი რომ მწერალი იყოს, რომელი იქნებოდა?

ალბათ, ალენ რობ-გრიიე, რადგან 2018 წელი, ჩემთვის, ბრექსიტისთან ასოცირდება. სწორედ რობ-გრიიეს ესთეტიკური გემოვნებით და სტილით შექმნილს ჰგავს 2018 წელი.

– რომელი ლექსი მოუხდებოდა 2018 წელს ყველაზე მეტად?

– ცალსახად, ზურაბ სალუქვაძის „ო, რა მაგარი ქალი ხარ“ – ეძღვნებათ ტერეზა მეისა და ანგელა მერკელს.

– 2018 წელს გამოცემული წიგნებიდან, რომელი მოგეწონა? 

ჩვენთვის 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა იტალო კალვინოს რომანების თარგმნა იყო. განსაკუთრებით კი, ხათუნა ცხადაძის მიერ გენიალურად ნათარგმნი „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ დამამახსოვრდა.

კომენტარები

კომენტარი