ვიზუალური ხელოვნება

ავტოფარეხზე შესრულებული ბენქსის გრაფიტი 100 000 ფუნტად გაიყიდა

უელსის ქალაქ პორტ-ტოლბოტში მცხოვრებმა იენ ლუისმა ბენქსის ნახატი, რომელიც შემოქმედმა მის ავტოფარეხზე დახატა, 100 000 ფუნტ სტერლინგად გაყიდა.

BBC-ის ცნობით, გრაფიტი ესექსის საგრაფოში გალერიის მფლობელმა ჯონ ბრენდლერმა შეიძინა, რომელიც ამ დროისთვის ბენქსის არაერთ ნამუშევარს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ ახალი მფლობელი დათანხმდა ხელოვნების ნიმუშის ქალაქში დატოვებას.

ქალაქ პორტ-ტოლბოტში, ერთ-ერთი შენობის კედელზე ბენქსის ნახატი დეკემბერში, წინასაახალწლოდ გამოჩნდა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ პატარა ბიჭი პირით თოვლის ფანტელებს იჭერს, ხოლო, თუ საპირისპირო მხარეს შემოვუვლით, გამოდის, რომ ფანტელები სინამდვილეში დამწვარი კონტეინერის ფერფლია.

ბენქსის ეს ნამუშევარი შემთხვევით აღმოჩნდა ამ ინდუსტრიულ ქალაქში. პორტ-ტოლბოტში მდებარეობს ფოლადის ქარხანა და ამ ზაფხულობით შავი ნაცრით იფარება სახლების სახურავები და მანქანები მთელ რაიონში.

კომენტარები

კომენტარი