ლიტერატურა

ლაშა ბუღაძე: “მრჩება განცდა, რომ ხელისუფლებას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ჩაფლავება უნდოდა”

“არტნიუსმა”, მწერლებთან და ლიტერატორებთან ერთად, დაიწყო ახალ რუბრიკაზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც ვაჯამებთ 2018 წელს და იმ პროცესებს, რომლებითაც გასულმა წელმა თავი დაგვამახსოვრა. ამჯერად, ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი მწერალი ლაშა ბუღაძეა, რომელმაც ისაუბრა იმ მოვლენებზე, რომლებითაც გასულმა წელმა თავი დაგვამახსოვრა.

გთავაზობთ ინტერვიუს:

რა მოხდა დადებითი ქართულ ლიტერატურაში 2018 წელს?

ამ შეკითხვაზე, ალბათ, ყველა ერთსა და იმავე პასუხს გაგცემთ: საქართველოს და ქართული ლიტერატურის წარმოჩენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სხვადასხვა ენაზე თარგმნილი ქართული წიგნები წიგნის მაღაზიების დახლებზე, ასობით კონტრაქტი და კონტაქტი ახალ გამომცემლებთან თუ მკითხველებთან და განვლილი კილომეტრები ქალაქიდან ქალაქამდე, სადაც ქართველ მწერლებს მეტი და მეტი მკითხველი ელოდა. მგონი, გერმანიისგან განსხვავებით, ეს მოვლენა სათანადოდ არ იყო აღქმული საქართველოში, თუმცა ეს ბუნებრივიცაა, რადგან იქ ლიტერატურა მნიშვნელოვანია, აქ კი ბევრი უმნიშვნელო და წარმავალი რამ…    

რა შეიცვალა უარყოფითისკენ?

ლიტერატურაში ამ კუთხით მსუბუქი მოწყენილობის პერიოდია, რადგან გასულ წელს თავბრუდამხვევი ტემპი ჰქონდა, თუმცა, პროფესიული თვალსაზრისით, ეს სულაც არ არის ცუდი, რადგან წერისთვის სიჩუმე და კონცენტრაციაა საჭირო. გარეგანი მოწყენილობა შინაგან პროდუქტიულობად უნდა კომპენსირდეს. მაგრამ ქვეყანაში ზოგადად სახიფათო აპათია და უიმედობაა, ისეთი განცდა მაქვს, რომ ქვეყანას ფუნქცია, ხოლო საზოგადოებას ნება აქვს დაკარგული…

ჩვენ დავინახეთ ხელისუფლება რომელიც, ერთი მხრივ, პოეტს სდევნდა, მეორე მხრივ  კი მხარს უჭერდა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. თან ამაყობდა და თან არევდა კლუბ BASSIANI-ს, დაანგრია და გამოფინა საყდრისის ნაწილები – რატომ ხდება ეს? როგორია ხელისუფლება ლიტერატურისა და კულტურის მიმართ?

ეს ვცრელი საკითხია. პირადად მე რამდენჯერმე მქონდა განცდა, რომ ხელისუფლებას – ყოველ შემთხვევაში, მის გარკვეულ ნაწილს – ფრანკფურტის პროექტის ჩაგდება თუ არა, ჩაფლავება მაინც უნდოდა, თუმცა, საბოლოოდ, სახელმწიფოებრივმა პოზიციამ იმძლავრა, მართალია, მცირე იძულებით საზოგადოების მხრიდან, მაგრამ მაინც… დანარჩენზე, აბა, რა გითხრათ? ეს ხელისუფლება სიმულაციით არის დაკავებული – სიმულაციური დემოკრატიით, სიმულაციური თავისუფლებით, სიმულაციური ბოდიშებით და სიმულაციური ფუნქციონირებით, რაც დღეს თუ არა ხვალ მათ მდუმარე თუ ხმაურიან და არასიმულაციურ პროტესტად დაუბრუნდებათ.  

რამდენად უნდა ერეოდეს სახელმწიფო ლიტერატურაში და, პირიქით, ლიტერატურა სახელმწიფოში?

ლიტერატურა უნდა ერეოდეს ყველგან, სადაც შესაძლებელია და შეუძლებელი, სახელწიფო რამდენჯერაც ჩაერია, იმდენჯერვე წაიტეხა ცხვირი. რა დიქტატორი ან ცენზორიც არ უნდა მეფობდეს სადმე, საბოლოოდ მაინც მწერალი და ტექსტი გამოდის გამარჯვებული.

თქვენი 2018 წლის შემოქმედებითი მოღვაწეობა რომ შეაჯამოთ…

– იცით, რეალურად ახლაც შეჯამების პროცესში ვარ, ამაში კი ის ადამიანები მეხმარებიან, რომლებიც თუნდაც ჩემ ბოლო რომანს კითხულობენ და შთაბეჭდილებებს მიზიარებენ. ესეც, ალბათ, ერთგვარი შეჯამება და გააზრებაა განვლილი ეტაპის.

2018 წელი რომ მწერალი იყოს, რომელი იქნებოდა?

წლები, როგორც წესი, პუბლიცისტები არიან და არა მწერლები. შეიძლება ისტორიკოსებიც. დრო უნდა გავიდეს, რათა ისტორია ლიტერატურად იქცეს. ამიტომ 2018 წელს ჯერ კიდევ წინ აქვს “გამწერლება”, ჯერ მოსაწყენად ახლოსაა ჩვენთან..

რომელი ლექსი მოუხდებოდა 2018 წელს ყველაზე მეტად?

ამ წელს მიზეზთა გამო ორი პოეტის ლექსები ვიკითხე ყველაზე ხშირად და თუკი გასული წლის ხმოვან პოეტურ ფონად ჩამესმის რამე, სწორედ ამ ორის ტექსტებია. ესაა ზვიად რატიანის “ნეგატივი. 20 წლის შემდეგ”, რომელსაც თავად ვუკითხავდი მისი პოეზიის არმოცდნე (და ახლა მისი ტექსტებით მონუსხულ) “ნეოფიტებს” და რატი ამაღლობელის “ანგელარიუმი”, რომელიც სწორედ იმიტომ მომწონს, რომ გამომწვევად არააქტუალურია.

2018 წელს გამოცემული წიგნებიდან, რომელი მოგეწონათ, რომელს გაუწევდით რეკომენდაციას? 

რაც ბოლომდე წავიკითხე, თითქმის ყველაფერი. ისე დამჩემდა თუ გამოვიდა, რომ პარალელურად ვკითხულობ რამდენიმე წიგნს (არა მხოლოდ მხატვრულს), ჰოდა, თუკი სხვებისგან მომწყვიტა რომელიმე ერთმა, ესე იგი, განსაკუთრებულად მომწონებია. ასეთი კი უდავოდ იყო რამდენიმე. რომანებიდან ეს იყო აკა მორჩილაძის “კუპიდონი”, სადაც, მართალია, ისევ ნაცნობი და ნიღბების მოყვარული აკა ვიხილე, თითქმის შეუძლებელი რომ არის ოსტატურად დამალული ავტორის ხმის გაგონება, მაგრამ ამასთანავე კიდევ ერთხელ ვისიამოვნე მისი გამომგონებლობით, ამასთანავე დასასრულით, სადაც მწერალმა ისტორიკოსის ინტუიტიურობით აღწერა მკვლელი დიქტატორი, უფრო სწორად, დიქტატორის ერთგვარი სუბსტანცია, ამ შემთხვევაში სტალინის… რასაც ასე დაბეჯითებით ვერ ვიტყვი გასული წლის კიდევ ერთ საინტერესო სარომანე შთაბეჭდილებაზე, რომელიც თემურ ბაბლუანის “მზე, მთავრე და პურის ყანამ” დამიტოვა. მართალია, ის რაღაცნაირად პრიმიტიული, კინოსცენარის ენით ყვება ამ ამბავს (პრიმიტიული და მარტივი ენა, მოგეხსენებათ, სხვადასხვა რამაა), მაგრამ ტექსტიდან მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია, უბრალოდ რომანს იმდენად სუსტი ფინალი აქვს, რომ შესაძლოა ბოლოს ხაზიც კი გადაესვას მანამდე წაკითხულს… ცუდი ფინალით განცდა გრჩება, რომ რომანს კონცეფცია, ანუ სათქმელი არ აქვს, არ აქვს პოზიცია არც ავტორს და არც პროტაგონისტს, რასაც წესით ეს რომანი შედარებით პრეტენზიულ რომანად უნდა ექცია, თუმცა ისიც დასაშვებია, რომ ავტორს არც ჰქონია იმის პრეტენზია, რომ რომანი უნდა დაეწერა (რომანი კი პრეტენზიული ჟანრია), რაც იცოდა და რისი და როგორი მოყოლაც შეეძლო, მოყვა, ჰოდა შესანიშნავი, უპრეტენზიო ათავგადასავლო წიგნი გამოვიდა, მძიმე ისტორიული ფონით და ძალიან საყვარელი და რეალურად ერთადერთი ცოცხალი პერსონაჟით – მანუშაკათი, ეს კი ნამდვილად არ არის ცოტა.

ასევე, კითხვის პროცესში მომეწონა (თუმცა ბაბლუანის ტექსტივით დიდხანს არ გამყოლია) ზურაბ ჯიშკარიანის “საღეჭი განთიადები”, რამაც ბევრჯერ გამაცინა და გამამხიარულა, რადგან ავტორმა თავისი დიალოგებისა და აბსურდული სიტუაციების წყალობით არაერთხელ ჩამაგდო იდიოტურ მდგომარეობაში, რაც, ბუნებრივია, უჩვეულო გამოცდილება იყო, მაგრამ ტექსტმა არ გამიჩინა იმის შეგრნება, რომ მოწოდების პათოსის მიუხედავად, ტენდენციების კუთხით რაიმე ახლებურს ვკითხულობდი, მართალია, თემაც სხვაა და არსებრივადაც სხვანაირი ტექსტია, თუმცა სუნთქვით და ერთგვარი მანერულობით, ზაზა ბურჭულაძის წლების წინანდელი “ხსნადი კაფკა” გამახსენა, რომელიც ოღონდ “საღეჭ განთიადებზე” ბევრად სასტიკი, შესაბამისად, გულწრფელი იყო. საერთოდ, თანამედროვე ქართულ რომანში ერთგვარ ტენდენციად იქცა მალვა, ნიღბები და მანერულობა, მე კი რომანისტებს მეტი გაშიშვლებისკენ მოვუწოდებდი. ზოგჯერ მინდა ვიკითხო: ძალიან კარგი ტექსტია, მაგრამ სად არის ავტორი, რას გვიმალავს, რისი ან ვისი ერიდება?  

კიდევ ერთი ლიტერატურული შთაბეჭდილება ნინო ხარატიშვილის ქართულ ენაზე ჯერ არგამოცემული “მერვე სიცოცხლე” იყო, სადაც ავტორს მელადრამატული სიუჟეტის ფონად უქცევია მეოცე საუკუნის ქართულ-საბჭოური დრამა, რაც უდავოდ ძალიან საინტერესოა, და საინტერესოა სწორედ ამ ჰიბრიდის გამოც – ისტორია და მელოდრამატულობა, მთელი თავისი კანონებით, სადაც ისტორია წინ მიიწევს, ადამიანები კი ისტერიკაში არიან…ჩაიკოვსკის ერთი სიმფონიის მსგავსად, ამ რომანს ქვესათაურად მივუწერდი სიტყვას: “პათეტიკური”, რადგან მართლაც დიდი სიმფონიური წიგნია.

თარგმანებს შორის იოზეფ როთის “რადეცკი მარშს” გამოვარჩევდი, რომელიც ჩემი დიდი ხნის სიყვარულია, რადგან ამ ავტორის არ იყოს, არც მე ვარ გულგრილი ჰაბსბურგების იმპერიის მიმართ. ეს არის და ეს.

კომენტარები

კომენტარი