ლიტერატურა

რატი ამაღლობელი: “არ მთავრდება ივანიშვილის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სიღარიბით მანიპულაცია”

რატი ამაღლობელი ბიზნესმენისა და TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის  გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმიანება და განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პოეტის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ყველა სახელმწიფო თუ კერძო რესურსის მონოპოლიზაცია სურს.

“არ მთავრდება ივანიშვილის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სიღარიბით მანიპულაცია, არჩევნების დროს, არჩევნების მერე, სურვილი ნათელია – საქართველში ყველა სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუტის და რესურსის სრული დაუფლება და მონოპოლიზაცია, მის პირად სარგებლობაში მყოფ პარლამენტს, მთავრობას, პროკურატურას, სასამართლოს და კიდევ ვინ მოსთვალოს… მათ რიცხვს სურს რომ შემატოს ავად თუ კარგაგად ჩამოყალიბებული ქართული, ხაზს ვუსვამ ქართული საბანკო სისტემაც, ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, ლონდონის ბირჟის ნაცვლად, თიბისი ბანკი რომელიმე რუსულ სბერბანკს, ან როსსელხოზბანკს პატარა ფილიალად მიუერთოს, ანაკლიის სტრატეგიული პორტი კი – ნოვოროსიისკის პორტ-ფილიალად იქცეს.

და რაც მთავარია, მას ამ პროცესში დიდ დახმარებას ჩვენი ეკონომიური შეჭირვება და ბანკებისადმი ჩვენი ხშირად სამართლიანი, ნეგატიური დამოკიდებულება გაუწევს.” – ამბობს რატი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან გარკვეული ტიპის ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. პროკურატურამ ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დამატებითი დეტალების გავრცელებისაგან თავი შეიკავა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პროკურატურა სწავლობდა 2008 წელს განხორციელებულ ფულად ტრანზაქციასა და ფულის გათეთრების სქემას, რომელშიც თიბისის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მონაწილეობდნენ ბიზნესმენ ავთო წერეთლის დახმარებით.

თიბისი ბანკი ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ მზადაა სამართლებრივი ბრძოლისთვის. ადვოკატ ზვიად კორძაძის ცნობით, 2007-2008 წლებში მისმა კლიენტებმა, ბანკის დამფუძნებლებმა, თიბისის კაპიტალის გასაზრდელად არაერთი ადამიანისა და ორგანიზაციისაგან ისესხეს, ჯამში, 80 მილიონი დოლარი და ის 17 მილიონი, რომელსაც მათ პროკურატურა ედავება, სწორედ ამ თანხის ნაწილია.

 

კომენტარები

კომენტარი