ლიტერატურა

სრულმა ისტერიამ ბაბლუანის ნაწარმოების გარშემო აჩვენა, რომ ჯერაც ვერ ვარჩევთ მნიშვნელოვან ნაწარმოებებს ბლოკბასტერისაგან | ნიკოლოზ აგლაძე

“არტნიუსმა”, მწერლებთან და ლიტერატორებთან ერთად, დაიწყო ახალ რუბრიკაზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც ვაჯამებთ 2018 წელს და იმ პროცესებს, რომლებითაც გასულმა წელმა თავი დაგვამახსოვრა. ამჯერად, ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ლიტერატურის კრიტიკოსი ნიკოლოზ აგლაძეა, რომელმაც ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც ქართული ლიტერატურის ირგვლივ არსებობს როგორც სოციალურ, ისე კულტურულ ასპექტებში.

გთავაზობთ ინტერვიუს:

– რა მოხდა დადებითი ქართულ ლიტერატურაში 2018 წელს?

ქართული ლიტერატურისათვის, ჩემი აზრით, ორი უმნიშვნელოვანესი დადებითი მოვლენა მოხდა. პირველი, უდავოდ, რამდენიც უნდა ვიხუმროთ ამ თემაზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრობა იყო – გრძელი გზის სიმბოლური დასასრული, წარმატებული, საინტერესო, იმედისმომცემი მოვლენა. მეორე კი, ჩემი აზრით, იტალო კალვინოს ბევრი ნაწარმოების ერთდროულად, ასე ერთ წელიწადში გამოცემაა. თუ არ ვცდები, ოთხი რომანი გამოვიდა სულ მცირე პერიოდში და აქაც, ფრთხილად უნდა ვთქვათ, გარკვეული პერსპექტივა, დამატებითი განზომილება შეიქმნა ქართულ ლიტერატურაში. ვნახოთ, როგორ იმუშავებს ჩვენს გარემოში, რა გავლენას მოახდენს, რას შემატებს ეს თარგმანები, მაგრამ, იმედი მაქვს, შეუმჩნეველი არ დარჩება.

რა შეიცვალა უარყოფითისკენ?

არ ვიცი, რამდენად შეიცვალა რამე უარყოფითისკენ გლობალურად, მაგრამ ნაკლებად მომეწონა როგორც „საბაზე“ წარდგენილი 2017 წლის პროზა, ისე 2018 წლის რომანები. სრულმა ისტერიამ ბაბლუანის “მზე, მთვარე და პურის ყანის” გარშემო აჩვენა, რომ ჯერაც ვერ ვარჩევთ მნიშვნელოვან ნაწარმოებს, გნებავთ რომანს, ბულვარული, მელოდრამატული ბლოკბასტერისაგან, რომელიც, სხვა ყველა „ღირსებასთან“ ერთად, პრიმიტიული, მოუქნელი ენითაა დაწერილი. ამგვარი „განურჩევლობა“ ახალი უბედურება არ არის. თუმცა, თუ რაღაც არ უმჯობესდება, უკვე შეიძლება ჩავთვალოთ არც თუ სასიამოვნო ტენდენციად.  

ჩვენ დავინახეთ ხელისუფლება რომელიც, ერთი მხრივ, პოეტს სდევნდა, მეორე მხრივ  კი მხარს უჭერდა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. თან ამაყობდა და თან არევდა კლუბ BASSIANI-ს, დაანგრია და გამოფინა საყდრისის ნაწილები – რატომ ხდება ეს? როგორია ხელისუფლება ლიტერატურისა და კულტურის მიმართ?

რამდენადაც მესმის, ხელისუფლება კულტურის მიმართ ისეთივეა, როგორც ყველა სხვა მიმართულებით: მოუქნელი, არაკომპეტენტური, პოლიტიკურ დივიდენდებს დახარბებული და, რაც ყველაზე ცუდია, მაგრამ წინა პუნქტების აუცილებელი შედეგია – მოძალადე. ჩვენ ვნახეთ ზვიად რატიანის ამაზრზენი, ბინძურზე ბინძური საქმე, რომელიც ხელისუფლებამ მოსახლეობის რელიგიურ ფანატიზმზე თამაშით დაიწყო, შემდეგ კი – საუკეთესო საბჭოთა მეთოდებით – ადამიანისათვის ქვეყანაში გაუსაძლისი პირობების შექმნით დაასრულა. არ ვიცი, რამდენად იყო უკანასკნელი „სისტემური“, „ცენტრალიზებული“ გადაწყვეტილება, მაგრამ ამგვარის დაშვებაც იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება ვერანაირ კრიტიკას უძლებს.    

რამდენად უნდა ერეოდეს სახელმწიფო ლიტერატურაში და, პირიქით, ლიტერატურა სახელმწიფოში?

ვფიქრობ, იმდენად, რამდენადაც ეს დასაშვებია ჩვენი კონსტიტუციით. არც მეტად, არც ნაკლებად. 

თქვენი 2018 წლის შემოქმედებითი მოღვაწეობა რომ შეაჯამოთ…

რამდენიმე რეცენზია დავწერე და გამოქვეყნდა, რამდენიმე მიმოხილვა, ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ რაღაცები ვთარგმნე. არც თუ ურიგო წელი გამოსულა.

2018 წელი რომ მწერალი იყოს, რომელი იქნებოდა?

რატომღაც კუტზეე მახსენდება, ალბათ „ბარბაროსების მოლოდინის“ გამო. დროდადრო, ამ რომანში მეგონა თავი, ხან ქვეყნის შიგნით, ხანაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო.

რომელი ლექსი მოუხდებოდა 2018 წელს ყველაზე მეტად?

ერთი ლექსით ძნელია წლის შეფასება, მაგრამ რატომღაც მანდელშტამის უსათაურო ლექსი გამახსენდა: Я скажу тебе с последней…. მგონი ამ და კიდევ ბევრ წელს უხდება.

2018 წელს გამოცემული წიგნებიდან, რომელი მოგეწონა?

ძალიან მომეწონა დანიილ ხარმსის ქართული თარგმანი, ვრცელი კრებული, რომელიც ქალბატონმა მანანა მენაბდემ შეასრულა. ბევი თვალსაზრისით საინტერესო, შთამბეჭდავი ნამუშევარია – ერთი მხრივ, ჩვენი კულტურისთვის უცხო, ანალოგის არმქონე ავტორი, რომელიც თავისი ენითა და სამყაროთი შემოვიდა ქართულ ლიტერატურაში. მეორე მხრივ, აღსანიშნავია მთარგმნელის აბსოლუტურად ბრწყინვალე ნამუშევარი, რის წყალობითაც მოხერხდა ხარმსის ინტონაციის დიდი ნაწილის შენარჩუნება, ეს კი ურთულესი საქმეა.

ჩემს ხელში აღმოჩნდა უმბერტო ეკოს ბოლო ესეების რუსულენოვანი, წელს გამოცემულიკრებული „სუპერმენი მასებისთვის“, რომელიც ძალიან სასიამოვნო წასაკითხი და დამაფიქრებელი აღმოჩნდა. მართალია, პირველი, მილანური გამოცემა 2016 წლისაა, მაგრამ ჩემთვის ეს წიგნი 2018 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენაძენი გახდა.

კომენტარები

კომენტარი