ლიტერატურა

ერთ დღეს ბახტაძემ მოგვიბოდიშოს, მეორე დღეს კობახიძემ, შიგადაშიგ გახარიამაც | ინტერვიუ პაატა შამუგიასთან

“არტნიუსი”, ახალი რუბრიკის ფარგლებში, აჯამებს 2018 წელს და იმ ლიტერატურულ პროცესებს, რომლითაც გასულმა წელმა თავი დაგვამახსოვრა. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი პოეტი პაატა შამუგიაა, რომელიც გვესაუბრა გასული წლის დადებითი მოვლენების შესახებ და ამ მოვლენებში სახელმწიფოს როლზე. ამასთან ერთად, პოეტმა რამდენიმე წიგნზე რეკომენდაცია და ანტირეკომენდაცია გასცა.

გთავაზობთ ინტერვიუს:

– რა მოხდა დადებითი ქართულ ლიტერატურაში 2018 წელს?

– ბევრჯერ ითქვა, მაგრამ ყველაზე საკვანძო რამ უდავოდ ფრანკფურტის წიგნების ბაზრობა იყო.

– რა შეიცვალა უარყოფითისკენ?

– ლიტერატურის მხრივ, რამე უკუსვლა არ მგონია, ყოფილიყო.

– ჩვენ დავინახეთ ხელისუფლება რომელიც, ერთი მხრივ, პოეტს სდევნდა, მეორე მხრივ კი მხარს უჭერდა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. თან ამაყობდა და თან არბევდა კლუბ BASSIANI-ს, დაანგრია და გამოფინა საყდრისის ნაწილები – რატომ ხდება ეს? როგორია ხელისუფლება ლიტერატურისა და კულტურის მიმართ?

– ერთი მხრივ, წიგნის ეროვნული ცენტრიც სახელმწიფო ორგანიზაციაა და მის კისერზეა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის, ფაქტობრივად, იდეალურად ჩატარება. მეორე მხრივ, პარადოქსია, მაგრამ ამ საქმის მაღალი დონის ჩატარების კუთხით, სახელმწიფოს როლი ფორმალური იყო და წიგნის ცენტრში მომუშავე გოგოების (ძირითადად, გოგოები არიან) ინდივიდუალური ძალისხმევა რომ არა, ეს მთავრობა  ამ პროექტსაც ისე ჩააგდებდა, როგორც არაერთი სხვა ჩაუგდია. მარტივ მაგალითს გეტყვით: წიგნის ცენტრმა დეა მეტრეველის თაოსნობით, თავიდან ბოლომდე გაწერა ფრანკფურტში წარსადგენი კონცეფცია, დაუკავშირდა მსოფლიოს ყველა გამომცემლობას, დაამყარა პირადი კონტაქტები, მოიწვია საჭირო ხალხი, გააგზავნა საჭირო ხალხი, მსოფლიოს სალიტერატურო  სფერო დააინტერესა ჩვენი მწერლობით. და ამ დროს რა მოხდა – მთავრობამ გადაწყვიტა, ფრანკფურტის ბაზრობამდე რამდენიმე თვით ადრე მოეხსნა ამ საქმის მოთავე და მის მაგივრად დაენიშნა მანანა ბერიკაშვილი. არ გამოვრიცხავ, ბრწყინვალე ადამიანი იყოს ბერიკაშვილი, უბრალოდ, მწერლები მას საერთოდ არ ვიცნობდით. მეტსაც გეტყვით, ჩვენი გრძნობები ორმხრივი იყო: არც ის იცნობდა მწერლებს. შესაბამისად, ცოტა უცნაური ვითარება შეიქმნა: დღევანდელი ქართული ლიტერატურა უნდა წარედგინა ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა დღევანდელ ქართულ ლიტერატურაზე. რა თქმა უნდა, ფრანკფურტი ჩაფლავდებოდა, ეს რომ ასე მომხდარიყო.

რაც შეეხება ხელისუფლების ორმაგ თამაშს (მე უფრო ტრაკის თამაშს დავარქმევდი ამას), ესეც არახალია: პრემიერი ქართული ლიტერატურით სიამაყეს გამოხატავდა ფრანკფურტში და იქვე ედგა ზვიად რატიანი, რომლის „სოციალურ გვამად“ ქცევა უნდოდა ამავე ხელისუფლებას. სხვათა შორის, ეს საქმეც ისევე გამოუძიებელია, როგორც „ბირჟა მაფიას“ საქმე, როცა ორ ახალგაზრდას ნარკოტიკებით ამოუვსეს ჯიბეები ქართველმა გაიშნიკებმა და სამუდამო პატიმრობას სტენიდნენ სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდებს. გახსოვთ, მთავრობამ აღიარა ეს დანაშაული, მოიბოდიშა კიდეც და საქმეში მონაწილე დამნაშავე პოლიციელების სასტიკად დასჯასაც დაჰპირდა ქვეყანას. რა თქმა უნდა, არავინ გასამართლებულა. ისევე, როგორც ბასიანის საქმეში, გახარიას ბოდიშზე გადაატარეს ახალგაზრდები. გახარიასავე ბოდიშზე გადაატარეს შვილმოკლული მამებიც, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს, არ ვიცი. არაა დასავიწყებელი, მწერლებსაც გვიბოდიშა გახარიამ. და საერთოდაც,  რაღაცნაირად მერიდება მე პირადად ამ კაცთან, ცოტა სხვამაც გადაინაწილოს ეს ბოდიშები, დაიღალა ადამიანი. ან მორიგეობა დააწესონ: ერთ დღეს ბახტაძემ გვიბოდიშოს, მეორე დღეს კობახიძემ, შიგადაშიგ, ნოსტალგიამ რომ არ შეაწუხოს, გახარიამაც გვიბოდიშოს, კი ბატონო.

– რამდენად უნდა ერეოდეს სახელმწიფო ლიტერატურაში და, პირიქით, ლიტერატურა სახელმწიფოში?

– ჩვენ ვართ საბჭოთა ტრავმით სავსე ქვეყანა. როცა სახელმწიფოს და მწერალს გვერდიგვერდ ვახსენებთ, ისევ ის ძველი კოშმარები გვახსენდება, როცა მწერალს პროპაგანდისტულ ჭანჭიკად იყენებდა სახელმწიფო. არადა, ნებისმიერ დალაგებულ ქვეყანაში, ლიტერატურის დიდ ნაწილს (გრანტების სახით) სწორედ სახელმწიფო აფინანსებს. ასეა შვედეთში, ფინეთში, ნორვეგიაში, ამერიკაშიც. და ამის მიუხედავად, მწერალს არავინ სთხოვს, რახან დაგაფინანსე, ამიტომ ჰიმნებიც აღმივლინეო. პირიქით: მაგალითად, ამერიკის პენცენტრი გარკვეულ გრანტებს სახელმწიფოსგანაც იღებს. ამავდროულად, ეს ორგანიზაცია იდეურად და სტრუქტურულად, არის სახელმწიფოს „ვოჩდოგი“. მაგრამ ჩვენთან ეს ამ ეტაპზე რთული იქნება.

– შენი შემოქმედებითი კარიერა რომ შეაჯამო…

– კარიერა – ეს სიტყვა არ მომწონს. კარიერა აქვს ფარცხალაძეს, რომელიც ბოტასებისადმი გაუბედავი სიყვარულიდან რამდენიმე მილიონიან სასახლეებამდე აღზევდა. მე გაცილებით მოკრძალებულად ვცხოვრობ – გასულ წელს ჩემი ბოლოსწინა წიგნი „შიზოგადოება“ ინგლისურად ითარგმნა და გამოიცა, რამდენიმე თვეში  Dracopis Press-ი გამოსცემს ჩემს წიგნს შვედურადაც, თარგმანი უკვე დაწყებულია. უკრაინულადაც მალე გამოვა „შიზოგადოება“, კონტრაქტი უკვე გავაფორმე krokbooks-თან.

– 2018 წელი რომ მწერალი იყოს, რომელი იქნებოდა?

– ალბათ, პოლონელი აფორისტი სტანისლავ ეჟი ლეცი, რომელმაც თავის დროზე შესანიშნავად თქვა, „ბნელ დროში ჩრდილში გადგომა ძნელიაო“. მართლაც, გასულ წელს ძალოვნების ბურუსიდან სასამართლოს მურუსამდე გზა გაჭირვებით გავიარეთ და ეჭვი მაქვს, 2019 წელს კიდევ უფრო ნაკლები საჩრდილობელი გვექნება.

– რომელი ლექსი მოუხდებოდა 2018 წელს ყველაზე მეტად?

– თვითციტირებისათვის ბოდიში, მაგრამ მგონი, ეს მოუხდება:

ბრძანება

დაე, მიეცეთ უსახლკაროებს სახლები,
უფულოებს – მილიონები,
პოეტებს – შთაგონება,
ენას – ძვალი,
უძილოებს – ერთი ცხვარი, ორი ცხვარი, სამი ცხვარი…
შეყვარებულებს მიეცეთ ძალა,
გაიფანტონ ერთმანეთში.
ბავშვებს მიეცეთ სათამაშოები,
დიქტატორებსაც.
ფანტაზიას მიეცეს გასაქანი,
მშივრებს – საკვები,
ქარებს მიეცეთ ხეები,
რომ ტოტებზე ჩამოისვენონ.

პოლიტიკოსებს არ მიეცეთ არაფერი.

– 2018 წელს გამოცემული წიგნებიდან, რომელი მოგეწონა? (ქართულიც და უცხოურიც)

ქართველებიდან ბოლოს წავიკითხე: დათო გორგილაძის „ღმერთი სამსახურშია“ – ავტორის სადებიუტო კრებული, რომელშიც სატირა და სატირალი ამბები მშვენივრად  ენაცვლება ერთმანეთს. ავტორი ალაგ-ალაგ წონასწორობას კარგავს და  იუმორის ზედოზირებით საპირისპირო ეფექტს იწვევს, მაგრამ წიგნის საერთო ფონს ეგ არ ვნებს. მეც დავკარგე ახლა წინასწორობა, როცა „სატირა“ და „სატირალი“ დავაწყვილე, მაგრამ მე მეპატიება. და ირაკლი კაკაბაძის „გამოსვლის წიგნი“, რომელიც ლტოლვილების დრამას ძალიან ზუსტ სტილისტურ ფორმას უძებნის. დრამა უცებ იშლება და უცებვე მთავრდება. უფრო რომ განვრცობილიყო, ამით რომანი მხოლოდ მოიგებდა.

და ზაზა ბიბილაშვილის „ფაზლი“, რომელსაც, პრინციპში, ფეისბუკზევე ვკითხულობდი  და ვალაიქებდი გარკვეული პერიოდულობით, მაგრამ ნაბეჭდიც წავიკითხე და ეგეც დავალაიქე.

ასევე, აუცილებლად უნდა ვახსენო ერთი მნიშვნელოვანი კრებული, რომელიც გაეროს ქალთა ფონდმა გამოსცა: „იყო ერთი გოგო“. ამ კრებულში შესულია ზღაპრები, რომლებიც თანამედროვე ქართველმა მწერლებმა დაწერეს ისტორიული ქალების შესახებ.

უცხოელებს რაც შეეხება, საქმის გასაიოლებლად „სხვანაირ ლიტერატურად“ რომ უხმობენ, ეგაა გომბროვიჩის „პორნოგრაფია“, რომელიც, სინამდვილეში, პორნოგრაფიაზე არაა, რაკი ერთ პორნოგრაფიულ სცენასაც ვერ იპოვით, მაგრამ, ცხადია, პორნოგრაფიაზეა, რაკი ძალაუფლების სტრუქტურების „მუშაობას“  ააშკარავებს. მოველოდი, რომ ჩინუა აჩებეს  რომანი „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ იქნებოდა მორიგი ეგზოტიკური კონიუნქტურა, მაგრამ  აღმოჩნდა, რომ მართლაც ეგზოტიკურია, თუმცა, არა კონიუნქტურული – სულ პირიქით.

ორ ანტირეკომენდაციასაც მოგცემთ: მოასირ სკლიარის „კაფკას ლეოპარდებს“, რომელსაც, პრინციპში, არა უშავდა,  და ამოს ოზის „ჩემო მიხაელ“-ს, რომელიც მოსაწყენი და ბანალური იყო.

კომენტარები

კომენტარი