ლიტერატურა

ტორესა მოსი: “ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ჩაშლილიყო”

“არტნიუსი”, ახალი რუბრიკის ფარგლებში, აჯამებს 2018 წელს და იმ ლიტერატურულ პროცესებს, რომლითაც გასულმა წელმა თავი დაგვამახსოვრა. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი მწერალი ტორესა მოსია, რომელიც გვესაუბრა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მნიშვნელობასა და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ქართული ლიტერატურისა და კულტურის მიმართ.

გთავაზობთ ინტერვიუს:

– რა მოხდა დადებითი ქართულ ლიტერატურაში 2018 წელს?

– ფრანკფურტი, ფრანკფურტი და, კიდევ ერთხელ, ფრანკფურტი

– რა შეიცვალა უარყოფითისკენ?

– ზვიად რატიანმა 2018 წელს ვერ იპოვა ამ ქვეყანაში სამართალი და მისი სახით კიდევ ერთი დევნილი პოეტი გვყავს.

– ჩვენ დავინახეთ ხელისუფლება რომელიც, ერთი მხრივ, პოეტს სდევნდა, მეორე მხრივ  კი მხარს უჭერდა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. თან არბევდა კლუბებს და თან ამაყობდა მათით, დაანგრია და გამოფინა საყდრისის ნაწილები… რატომ ხდება ეს? როგორია ხელისუფლება ლიტერატურისა და კულტურის მიმართ?

– არანაირი. ამ ხელისუფლებას არანაირი ხედვა და იდეა არ გააჩნია. ფრანკფურტი ჩავარდებოდა, რომ არა მწერლებისა და გამომცემლების ერთობლივი მხარდაჭერა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისადმი, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ფრანკფურტის ამ ხარისხით ჩატარება. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ჩაშლილიყო.

– რამდენად უნდა ერეოდეს სახელმწიფო ლიტერატურაში და, პირიქით, ლიტერატურა სახელმწიფოში?

– ლიტერატურა ყოველთვის ჩაერევა სახელმწიფოში, რადგან ასეთია მისი ბუნება. ამიტომ, ხელისუფლებაც ყოველთვის ეცდება ჩაერიოს ლიტერატურულ პროცესში, უბრალოდ, როგორც კი ამას ცდის, მომენტალურად თავში უნდა ჩავარტყათ. ხელისუფლების საქმე არაა ხელოვნება.

– თქვენი 2018 წლის შემოქმედებითი მოღვაწეობა რომ შეაჯამოთ…

საშინლად დამღლელი წელი იყო, უამრავი სირთულითა და ხელისშემშლელი ფაქტორით, თუმცა მუშაობა არ შემიწყვეტია. ამიტომაც, 2019-ში ერთდროულად რამდენიმე პროდუქტს წარვუდგენ საზოგადოებას.

– 2018 წელი რომ მწერალი იყოს, რომელი იქნებოდა?

– მწერალი არ ვიცი, მაგრამ ნაწარმოებზე “უცხო” გამახსენდა. პრაქტიკულად, ქურთუკის ფერის გამო აწამეს პოეტი და მერე მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა მის გასანადგურებლად. რატომ? – თვითონაც არ იციან. აბსურდულია. ჰო, რაღაც ასეთი.

– რომელი ლექსი მოუხდებოდა 2018 წელს ყველაზე მეტად?

მერანი, თან წინ მივდიოდით და თან რაღაცა ყორნები მოგვჩხაოდნენ.

– 2018 წელს გამოცემული წიგნებიდან, რომელი მოგეწონა? 

ქართულებიდან პირველი გამახსენდა დათო გორგილაძის “ღმერთი სამსახურშია”, აკა მორჩილაძის “კუპიდონი კრემლის კედელთან” და თეა ინასარიძის “მეცხრე ფლიგელი”. რაც შეეხება უცხოურს – “აკრძალული წიგნების თაროს” მთელი სერია.

კომენტარები

კომენტარი