კინო

მიშა ბახტაძე “ექვთიმეზე”: ფილმის მაყურებელს არასწორი წარმოდგენა ექმნება იმ ეპოქაზე”

“ექვთიმე” პირველი ქართული ფილმია, რომელიც ხალხის ქველმოქმედების შედეგად გადაიღეს.

მწარმოებელი კოპანია “დაკარგული ლეგენდებია”.

ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძეა, ექვთიმე თაყაიშვილის როლს კი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში საფრანგეთში ვითარდება, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილი ემიგრაციაში იყო. ქართველი ხალხის საგანძურის დაცვა და სიყვარულის ისტორია ექვითიმე თაყაიშვილის შესახებ მოგვითხრობს.

მას შემდეგ რაც ფილმის პრემიერა შედგა, მაყურებელმა მისი კრიტიკა ისტორიული ავთენტირობის მხრიდან დაიწყო. ამ საკითხს თსუ-ს ასოც. პროფესური და ისტორიკოსი მიშა ბახტაძეც გამოეხმაურა და ვრცელი ანალიზი მიუძღვა:

“ფილმი „ექვთიმე“ და მასში მცდარად ასახული ისტორიული რეალობა

ქართული საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ფილმ „ექვთიმეს“ გამოსვლას ეკრანებზე. ჩემი ახლობლების, მეგობრებისა და ნაცნობების რეაქციიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ფილმა მაყურებლთა უმეტესობის მოწონება დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ, მათი რეაქცია გულწრფელია. ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა დიდი სამუშაო ჩაატარა, მოიძია სახსრები და ამ მწირი ფინანსური შესაძლებლობით გადაიღო ფილმი. მისასალმებელია მათი თავდადება, ენთუზიაზმი და იდეისადმი ერთგულება.

ჩემი კომპეტენცია არაა ფილმის მხატვრული ღირსებების (რეჟისორისა და ოპერატორის ნამუშევარის, მსახიობთა თამაშის და ა.შ.) შეფასება. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი, მაგრამ არ ვარ კომპეტენტური, რომ ამაზე საზოგადოებას ჩემი მოსაზრება შევთავაზო.

მე ისტორიკოსი ვარ და ამ ფილმის ისტორიკოსის თვალით შევხედე, შესაძლოა არასწორად მოვიქეცი. მაინტერესებდა, რამდენად ობიექტურად ასახეს ფილმის შემქმნელებმა იმ დროს არსებული რეალობა, ისტორიული პირები და ა.შ.

„ექვთიმე“ ისტორიულ თემაზე გადაღებული მხატვრულია და არა დოკუმენტური. ამიტომ არ უნდა ველოდეთ მასში რეალობის ზუსტ ასახვას. მხატვრულ ფილმს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია მაყურებელზე. ამიტომ არის შემთხვევები როდესაც ამ ჟანრის ფილმებს წინასწარ დასახული იდეოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით იღებენ, კონკრეტული მიზნის მისაღწევად (მაგ. „ტოროლას ბუდე“). არის შემთხვევები, როდესაც ასევე იდეოლოგიური მოსაზრებით საგანგებოდ ცვლიან ისტორიულ რეალობას (მაგ. „ჯვარცმული კუნძული“ ან „გიორგი სააკაძე“).

მე არ ვაპირებ კამათს შემოქმედებით ჯგუფთან, თუ რატომ გადაიღეს ასა თუ ის ისტორიული ეპიზოდი ასე და არა ისე. ეს მათი პრეროგატივაა. მე ერთი მიზანი მაქვს, საზოგადოებას რომელმაც ნახა ფილმი მივაწოდო ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის ამ ფილმში არასწორად ასახული. რატომაა არასწორად ასახული (უნებლიეთ, წინასწარგანზრახვით), ამ კითხვაზე მე პასუხს ვერ გავცემ.

თავიდანვე აღვნიშნავ, ფილმში არც თუ ცოტა ისტორიული ხასიათის შეცდომაა. ფილმის მაყურებელს არასწორი წარმოდგენა ექმნება იმ ეპოქაზე და იმ დროს მოღვაწე პიროვნებებზე.პირველი – ეკრანზე ჩნდება ტიტრები, „18 თებერვალი“. ამას მოსდევს საუბარი ნოე ჟორდანიასა და ექვთიმე თაყაიშვილს შორის. ჟორდანია ამბობას: ქალაქში საშინელი პანიკაა, გვეგონა რომ 30 ათასიანი ჯარი გვყავს და ძლივს შევკრიბეთ 500 კაცი, მთავრობა უნდა გადავიყვანოთ ქუთაისში, დღეს თუ არა ხვალ ბოლშევიკები ქალაქში იქნებიან. რამდენი წინადადებაც დავწერე იმდენი შეცდომაა.

პანიკა ქალაქში არ იყო. თბილისს იცავდა 10-15 ათასი მებრძოლი (რეგულარული არმია, სახალხო გვარდია, სამხედრო სკოლა, მოხალისეები). მთავრობის ქუთაისში გადაყვანის საკითხი გადაწყდა 24 თებერვალს საღამოს, მას შემდეგ რაც დაახლოებით 20:30 საათზე მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება (არა მთავრობის თავმჯდომარემ ან მთავრობამ და არც დამფუძნებელმა კრებამ) თბილისის დატოვების შესახებ. რაც საინტერესოა, პირველი იერიში ქალაქის ასაღებად წითლებმა 19 თებერვალს განახორციელეს გამთენიისას და მარცხიც იწვნიეს. გენერალმა მაზნიაშვილმა 1500 წითელარმიელი დაატყვევა. ასე რომ 18 თებერვალს ზემოთ აღწერილი საუბარი უბრალოდ ვერ გაიმართებოდა.
ზემოთ აღწერილი დიალოგისას ექვთიმე თაყაიშვილი ჟორდანიას შესძახებს, ასე უომრად უნდა დავტოვოთ ქალაქი? თბილისი უომრად არავის დაუტოვებია. 19-დან 24 თებერვლის ჩათვლით ქალაქის დამცველებმა მოიგერიეს ყველა შემოტევა და არ დათმეს არცერთი პოზიცია. ქალაქი დავტოვეთ გენერალ კვინიტაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით (რატომ მიიღო მთავარსარდალმა ეს გადაწყვეტილება სხვა საკითხია).

ვერ ვხვდები რა საჭირო იყო ვითარების ისეთი წარმოჩენა, რომ: ქალაქს არავინ იცავდა, პანიკა იყო და უბრძოლველად დავთმეთ დედაქალაქი.

მეორე – ეკრანზე ჩნდება ტიტრები, „5 მარტი ბათუმი.“ 5 მარტს მთავრობა ქუთაისში იყო. ქუთაისი მთავრობამ დატოვა 10 მარტს. სხვათა შორის ქუთაისთან ორსაათიანი ცხარე ბრძოლა მიმდინარეობდა.

მესამე – ეკრანზე ჩნდება ტიტრები, „14 მარტი კონსტანტინოპოლი.“ 14 მარტს მთავრობა ჯერ კიდევ ბათუმში იყო.
მეოთხე – ეპიზოდი როდესაც გენერალი მაზნიაშვილი მებრძოლებს და ეს მებრძოლები სავარაუდოდ იუნკერები არიან, ვაზის ლერწამს ურიგებს. პირველად რომ ვნახე ფილმი და ეს ეპიზოდი დაიწყო ვიფიქრე ტყვიებს ურიგებს მეთქი. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ იუნკერებს სხვანაირი ფორმა ეცვათ, გენერალი მაზნიაშვილი არასდროს მეთაურობდა იუნკერებს, სამხედრო ბრძანებებს მაზნიაშვილი ყოველთვის ემორჩილებოდა და უკანაც დაუხევია (კვინიტაძის ბრძანება არ მოსწონდა, არ ეთანხმებოდა თუმცა შეასრულა).

ჩემთვის ამ ეპიზოდში ყველაზე უცნაური ვაზის ლერწამის დარიგებაა. არ ვიცი საიდან გაჩნდა მოსაზრება, რომ ბრძოლაში მიმავალ ქართველ მეომარს თან ვაზის ლერწამი მიჰქონდა. ასეთი რამ არ დასტურდება საქართველოს ისტორიის არცერთ ეტაპზე (სხვა საკითხია რომ რეალურად ასეთი ლერწამი უბრალოდ ვერ გაიხარებს). შეიძლება ეს მითი ლამაზია, ემოციურია მაგრამ მხოლოდ მითია და არა
საერთოდ რატომღაც ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა არასწორი მოსაზრებები საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვრცელდება გამოგონილი, შეთხზული ამბები და ცხადდება სინამდვილედ. ზოგს ჰგონია, რომ საკმარისია წაიკითხო რამდენიმე წიგნი, შემდეგ გასაქანი მისცე საკუთარ ფანტაზიას და „რეალური ისტორიაც“ შეგიძლია დაიწერება. ისტორია მეცნიერებაა და მას თავისი მეთოდიკა აქვს. მუშაობის ერთ-ერთი მეთოდია წყაროების კრიტიკული განხილვა და ურთიერთშედარება. ამიტომ ის რაც ერთ წყაროში, ვთქვათ ვინმეს მოგონებაშია აღწერილი არაა სავალდებულო, რომ სიმართლე იყოს.

მეხუთე – ფილმში არის ფრაზა, „პირველივე საფრთხისას გამოიქეცით.“ დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის 1028 დღის მანძილზე ბევრი საფრთხე იყო: 1918 წლის ზაფხულში როდესაც აფხაზეთში ბოლშევიკებს ვებრძოდით, როდესაც იმავე წლის დეკემბერში სომხეთმა ომი დაგვიწყო, როდესაც 1919 წლის იანვარში დენიკინმა შემოგვიტია, როდესაც 1920 წლის მაისში პირველი ომი გვქონდა საბჭოთა რუსეთთან (ეს მხოლოდ დიდი სამხედრო ოპერაციები) და მთავრობა არსად გაქცეულა. რაც შეეხება 1921 წელს, მთავრობა არ გაიქცა (თბილისი რატომ დავტოვეთ ზევით დავწერე). ერთი თვე ვებრძოდით რუსეთს და მხოლოდ შემდეგ: მთავრობის წევრთა, დამფუძნებელი კრების დეპუტატთა და სამხედროთა ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. თუ ეს გაქცევაა, მაშინ გაქცეულა გენერალი კვინიტაძეც, გენერალი ზაქარიაძეც, პოლკოვნიკი ჩხეიძეც და ყველა ემიგრაციაში წასული შეგვიძლია გაქცეულად ჩავთვალოთ.

მეექვსე – 1924 წლის აჯანყება კომუნისტება სასტიკად ჩაახშეს. ამ სისასტიკის ერთი შემადგენელი ნაწილია დაპატიმრებულთა ვაგონების ტყვიამფრქვევით დაცხრილვა. ფილმში ისეა გამოყვანილი რომ ამ დახვრეტას ვინმე სერგო მეთაურობს. ამ სერგოში ალბათ სერგო ორჯონიკიძე უნდა ამოვიცნოთ. თუ ასეა მაშინ ვიტყვი, სერგო ორჯონიკიძე (საქართველოს მტერი ქართველბის სია რომ გავაკეთოთ რკინის სერგო პირველ ხუთეულში იქნება უეჭველად) იმ დროს იქ არ იყო. თუ არ ვცდები ამ დახვრეტას ტალახაძე ხელმძღვანელობდა. არც ქაქუცა იყო დასავლეთ საქართველოში (ქაქუცას გმირულ ბრძოლას მგონი არ სჭირდება შეთხზული ამბები).

მეშვიდე – ფილმში არის ფრაზა (ექვთიმე ვაზს უვლის და მაშინ ამბობს), რომ ემიგრაციაში წასულები ძირითადად დაკავებული იყვნენ უაზრო პოლიტიკით, ფულის შოვნით და ქეიფით. მთავრობის ემიგრირებული წევრები „უაზრო პოლიტიკით“ გულწრფელად ცდილობდნენ სამშობლოს დახმარებას. სხვა საკითხია რა გამოუვიდათ. რაც შეეხება ქეიფს, მე არ ვიცი სადმე თუ არის აღწერილი როგორ ატარებდნენ დროს ქეიფებში ნოე ჟორდანია და აკაკი ჩხენკელი.
ძლიან გამიგრძელდა სიტყვა და აღარ შევჩერდები იმაზე, რომ აჯანყებაზე რესტორნებში არ საუბრობენ, გალაქტიონი ექვთიმეს პარიზში არ შეხვედრია, ლევილში ზვრები არ არის და სხვ.

ფილმის მიხედვით ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ექვთიმე თაყაიშვილი გარდა ყველა სხვა მხოლოდ განძის გაყიდვაზე ფიქრობდა. მთავრობამ განძი საზღვარგარეთ სწორედ იმიტომ წაიღო რომ გადაერჩინა და არა გაეყიდა. რომ არ წაეღოთ ალბათ განძს იგივე ბედი ელოდა რაც გელათის მონასტრის ეზოშა დაფლულ საეკლესიო საგანძურს. 1921 წლის მარტში, როდესაც მთავრობა ქუთაისს ტოვებდა, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარმა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საეკლესიო საგანძურის ერთი ნაწილი გელათის მონასტრის ეზოში დამარხა კომუნისტებს რომ არ ჩაეგდოთ ხელში. კომუნისტურმა ხელისუფლებამ მაინც მიაგნო ამ განძს (როგორ და რანაირად ეს სხვა საკითხია) და სად წაიღო არავინ უწყის.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი მიზანი არაა პოლემიკა ვინმესთან თუ რატომ არის ისტორიული რეალობა არასწორად წარმოჩენილი, ეს შემოქმედებითი ჯგუფის პრეროგატივაა (მათ ასე დაინახეს, ასე სურდათ და ა.შ.). მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა თუ რა იყო რეალურად და რა არის ფილმში არასწორად ასახული.
კარგი იქნებოდა თუ ფილმის გადამღები ჯგუფი ვინმე ისტორიკოსს დაუკავშირდებოდა და კონსულტაციას სთხოვდა. არავინ არ იტყოდა უარს და დარწმუნებული ვარ არც ანაზღაურებას მოითხოვდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შეცდომები ქონდა და არაა საჭირო ის დავაბრალოთ რაც არ გაუკეთებიათ. მათ შექმნეს სახელმწიფო, რომელიც რომ არა საბჭოთა რუსეთის აგრესია არ დაინგრეოდა. ისტორია ისაა რაც მოხდა და საუბარი იმაზე რა იქნებოდა მის ფარგლებს სცილდება. მიუხედავად ამისა მაინც ვიტყვი, რომ დაგვცლოდა ევროპის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო ვიქნებოდით.

ფილმმა, უნდოდა თუ არა ეს შემოქმედებით ჯგუფს, არასწორად ასახა იმ დროს არსებული რეალობა. ფილმი „ამყარებს“ იმ მითებს, რომ: მთავრობა უმაქნისი იყო, გაიქცა, ემიგრაციაში მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ განძი გაეყიდა და ა.შ. მე ამან დამწყვიტა გული და ამიტომ გადავწყვიტე ამ რეცენზიის დაწერა.

რამდენადაც ვიცი შემოქმედებითი ჯგუფი, რომლის წევრთა პატრიოტიზმში, კარგი საქმის კეთების სურვილში ეჭვი არ მეპარება, აპირებს ახალი ფილმის გადაღებას. არ ვიცი რაზე იქნება ახლი ფილმი, მაგრამ თუ კვლავ ისტორიულ თემატიკას აირჩევენ, ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ამჯერად მაინც დაეკითხებიან ისტორიკოსებს.

კომენტარები

კომენტარი