ვიზუალური ხელოვნება

ზურაბ წერეთელს ვლადიმერ პუტინმა იუბილე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქართველ მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელს 85 წლის იუბილე მიულოცა.

,,თქვენ გიცნობენ და გაფასებენ, როგორც უნიჭიერეს მხატვარ-მონუმენტალისტს, მოქანდაკესა და მშობლიური კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელს.  თქვენი შემოქმედებითი იდეები ბრწყინვალედაა განხორციელებული თქვენს შთამბეჭდავ ნამუშევრებში, რომლებიც ხელოვნების მოყვარულთა და პროფესიონალთა შორის უდიდესი აღიარებით სარგებლობენ” – ნათქვამია კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ წერილში.

ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, ზურაბ წერეთელი სსრკ-ის სახალხო მხატვარი, სოციალისტური შრომის გმირი, ლენინის პრემიის ლაურეატი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი, ესპანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიისა და საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრი და მოსკოვის საერთაშორისო “იუნესკოს დახმარების ფონდის” დამფუძნებელია. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია საქარტველოში, რუსეთში, აშშ-ში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიასა და მრავალ სხვა ქვეყანაში.

ზურაბ წერეთელს ეკუთვნის პეტრე დიდისადმი მიძღვნილი 98-მეტრიანი მონუმენტი მდინარე მოსკოვის სანაპიროზე, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი ქანდაკებაა მსოფლიოში. მას ეკუთვნის,ასევე, თბილისის შემოსასვლელში მდგარი „წმინდა ნინოს მონუმენტი“ და თავისუფლების მოედანზე აღმართული „წმინდა გიორგი“, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აჩუქა საკუთარ ქალაქს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა პატივსაცემად, ზურაბ წერეთელმა ამერიკელებს 30 მეტრიანი სტელა – „გლოვის ცრემლი“ აჩუქა, რომელიც 175 ტონას იწონის და „თავისუფლების ქანდაკების“ მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ჰუძონის სანაპიროზე დგას.

კომენტარები

კომენტარი