ლიტერატურა

5 მწერლის ისტორია, რომელიც მოტივაციას მოგცემთ

მწერლის საქმიანობა არც ისე მარტივია, მით უმეტეს, მათთვის, ვინც ტელევარსკვლავი ან ყოფილი პირველი ლედი არ არის. თუმცა, არსებობენ ავტორები, რომლებმაც წერა გაუსაძლისი სიღარიბისა ან უბრალოდ არაკომფორტული გარემოს მიუხედავად, მაინც შეძლეს და ბესტსელერებად იქცნენ. ისინი მრავალ შავ სამუშაოს ეწეოდნენ, განიცდიდნენ დიდ წარუმატებლობას, გამორბოდნენ საომარი ზონიდან და მაინც აწვდენდნენ ხმას მსოფლიოს.

ჩვენს წარმოსახვაში არსებობს არტისტი, რომლის სამუშაო პროცესი კაფეში ჯდომით, ან დიდ, მოჩუქურთმებულ საძინებელში ბოლთის ცემით შემოიწერება. თუმცა, რეალობა ასეთი რომანტიკული იშვიათადაა. ხშირად ავტორებს ნაწარმოებების შექმნა უწევთ ტრაილერში ცხოვრებისას, შუაღამით, ჩიფსის ქარხანაში დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, საავადმყოფოში ან ინვალიდის ეტლში. მათ ხშირად უმეორებენ, რომ ვერაფერს მიაღწევენ.

საბოლოოდ, ისინი, ვინც არ ნებდებიან – ქმნიან ისტორიებს, რომლებსაც “არტნიუსი” გთავაზობთ:

ჯოან როულინგი

ალბათ, ყველასთვის ნაცნობია როულინგის ისტორია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ნაკლებად ინსპირაციულია ადამიანებისთვის. ჯოანი უაღრესად (ამბობენ ხოლმე: “რამდენადაც ეს შესაძლებელია თანამედროვე ბრიტანეთში”) ღარიბი გახლდათ. ის მარტოხელა, უმუშევარი დედა იყო. მსგავსი ყოფა მის დეპრესიას განაპირობებდა. ის მაინც ჯიუტად აგრძელებდა “ჰარი პოტერის” წერას. 1995 წელს მან დაამთავრა პირველი მანუსკრიპტი “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”, რომელიც თორმეტმა გამომცემლობამ უმალ დაიწუნა. საბოლოოდ, ის გამოსცა Bloomsbury-მ, თუმცა მწერალს უთხრეს, რომ თავი არ გაენებებინა ყოველდღიური სამუშაოსთვის, რადგან ვერ შეძლებდა ამ წიგნიდან საკმარისი შემოსავლების მიღებას. დანარჩენი კი ისტორიაა.

ოქტავია ბატლერი

ოქტავია ბათლერი მუშაობდა ტელემარკეტერად, მრეცხავად, ჩიფსების ინსპექტორად და პარალელურად ჰქონდა დროებითი სამუშაოებიც, რათა თავი გაეტანა. ის დილის ორზე ან სამზე იღვიძებდა რათა წერა შეძლებოდა. მისი დილექსიისა და მრავალწლიანი უარების (გამომცმელობების მხრიდან) მიუხედავად, ის არ დანებდა, წერდა წარმატების მანტრებს, რათა საკუთარი თავისთვის იმედი და შთაგონების წყარო მიეცა. მან პირველი ანაზღაურება მაშინ მიიღო, როდესაც საკუთარი მოთხრობა ავტორს, ჰარლან ელისონს მიჰყიდა, რომელმაც ოქტავია სამეცნიერო ფანტასტიკის ვორქშოფზე დასასწრებად გაუშვა. მალევე, ბათლერი მსოფლიოს ყველა დროის სამ-ფანის ჟანრში საუკეთესო ავტორი გახდა.

სტივენ კინგი

სანამ ფრიად ნაყოფიერი მწერალი გახდებოდა, სტივენ კინგი გახლდათ შვეიცარი, გაზგასამართი სადგურისა და ინდუსტრიული სამრეცხაოს მუშა. კინგის პირველი რომანი, “კერი” ცამეტმა გამომცემელმა დაიწუნა, რამაც სტივენს დიდი დარტყმა მიაყენა და მან მთელი მანუსკრიპტი გადაადგო. საბედნიეროდ, მისმა მეუღლემ, ტაბიტამ შეინახა წიგნი და აიძულა მწერალი დაბრუნებოდა შემოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტრეილერში ცხოვრობდნენ და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ, რომლებსაც მუდამ ყურადღება სჭირდებოდათ. “კერი” მალევე გამოსცეს და სწორედ მაშინ დაიწყო სტივენ კინგის საოცრად წარმატებული კარიერაც.

მაია ანჯელოუ

თუ წაგიკითხავთ წიგნი, სახელად “ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი”, მაშინ მიხვდებოდით, რომ მაიას ადრეული ცხოვრება არც ისე იდეალური იყო. ბავშვობაში ხშირად იყო ძალადობის მსხვერპლი, გაიზარდა თითქმის უსახლკაროდ, 17 წლის ასაკში გააჩინა ბიჭი. შემდეგ, გარკვეული პრეიოდი სექს-მუშაკად იმუშავა, თანაც უწევდა გაეზარდა შვილი, მაშინ, როდესაც ჯერ თავადაც იზრდებოდა. ქანქარა გადაიხარა მაშინ, როდესაც ანჯელოუმ იპოვა მომღერლისა და მოცეკვავის ვაკანსია და დაიწყო მუშაობა. ამ დროს დაიწყო მან აქტივიზმი და მწერლობა, ერთდროულად. მალევე გამოაქვეყნა შვილი მემუარი და რამდენიმე პოეტური, ესეისტური და პროზაული წიგნი.

ჩარლზ დიკენსი

ჩარლზ დიკენსის ბავშვობა გახლდათ… “დიკენსური”, ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით, რაღა თქმა უნდა. ის ოჯახის რვა შვილიდან ერთ-ერთი იყო. მას მოუწია მიეტოვებინა სკოლა და ემუშავა ათი საათი დღეში 12 წლის ასაკში. მაშინაც კი, როდესაც მისი ბებია გარდაიცვალა და ოჯახისთვის დატოვა საცხოვრებლად საკმარისი ფული, მას უწევდა ბავშვობის წლები მძიმე სამუშაოზე გაეტარებინა, რადგან დედამისს არ სურდა ჩარლზს ქარხანა დაეტოვებინა. როდესაც დიკენსი ცოტა გაიზარდა, მან გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი, თუმცა ავადმყოფობის გამო პირველი ქასთინგის გაცდენა მოუწია. ამის შემდეგ მან ბედი მწერლობაში ცადა და ძალიან მალე, “დიკენსური” ყოფის შემდეგ, ვარსკვლავური ცხოვრების გზაზე შედგა და სამყაროს თავი საკუთარი სერიული რომანებით დაამახსოვრა.

კომენტარები

კომენტარი