საშემსრულებლო ხელოვნება

“ზედმეტად გამოუცდელები ვიყავით – რომ სიდ ბარეტის ფსიქიკურ დაღმასვლებს გავმკლავებოდით” – ნიკ მეისონი

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, პინკ ფლოიდის დრამერი – ნიკ მეისონი კულისებიდან უყურებდა როგორ ქმნიდნენ დევიდ გილმური და როჯერ უოთერსი თავიანთ წარმატებულ სოლო კარიერებს. გასულ წელს მან (მეისონმა) გადაწყვიტა საკუთარი ტურიც მოეწყო, სახელად “Nick Mason’s Saucerful of Secrets” (მოგეხსენებათ, Saucerful of Secrets ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია Pink Floyd-ის შემოქმედებიდან). ნომრების უმეტესობა, რომლებიც მან ტურის განმავლობაში წარადგინა, ბენდის ერთ-ერთი პირველი წევრის, სიდ ბარეტის დაწერილი გახლდათ.

Rolling Stones-თან საუბრისას ნიკ მეისონმა სიდ ბარეტზე ისაუბრა და დაასახელა მისი (სიდის) დაწერილი 5 ნაწარმოები, რომლებიც განსაკუთრებულად უყვარს, ესენია:  “Astronomy Domine”; “Bike”; “Interstellar Overdrive”; “Vegetable Man”; “Arnold Layne”. 

სიმღერაზე Bike საუბრისას ბენდის ყოფილმა დრამერმა სიდ ბარეტის შესახებ თქვა: “ამ კომპოზიციის ტექსტი გასაოცრად ბრძნულია. ის ერთი შეხედვით, მხიარულია, მაგრამ, ამავდროულად,უაღრესად ღრმა და სევდიანია. ახლა, როდესაც ვუსმენ, ვხვდები – მაშინ ზედმეტად ახალგაზრდები და გამოუცდელები ვიყავით იმისთვის, რომ ბარეტის ფსიქიკურ დაღმასვლებს გავმკლავებოდით”.

ბარეტი მუსიკალურად აქტიური ათი წელიწადიც არ ყოფილა. პინკ ფლოიდთან ერთად გამოსცა ოთხი სინგლი, სადებიუტო ალბომი, მონაწილეობა მიიღო მეორე ალბომის ჩაწერაში და დატოვა რამდენიმე გამოუცემელი სიმღერა.

1968 წელს მუსიკოსმა ფსიქოდელიური ნარკოტიკების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემების გამო ჯგუფი დატოვა.

სიდ ბარეტი 2006 წელს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი