კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

რატომ გაამართლა ინდუსტრიულმა ტექნომ საქართველოში?

საზოგადოების ყოველდღიურ პროგრესთან და ფორმირებასთან ერთად, ყალიბდება ტრადიციები, ნოვაციები, ხილული თუ უხილავი ატავიზმის ნიშნები, რაც ბუნებრივი და შესაბამისია, თუმცა მათ ირგვლივ უამრავი კითხვა ჩნდება, რომელზეც პასუხებად არა ჭეშმარიტება, არამედ  სხვადასხვა სახის კონსესუსები ჩაითვალება . ენციკლოპედიური განმარტებით, ტრადიცია წინა თაობებიდან არაწერილობითი მემკვიდრეობის გზით მიღებული და დამკვიდრებული აზროვნებისა და ქცევის სტანდარტთა ერთობლიობაა. აღსანიშნავია ერთი ნიუანსი, რომ ყოველი თაობა ცდილობს, წინაპრების მიერ დატოვებული კულტურული მემკვიდრეობა შეაფასოს, კრიტიკულად გააანალიზოს, შემოქმედებითად გადაამუშაოს. მემკვიდრეობას უკავშირდება კულტურის მარადიული პრობლემა, კერძოდ, ტრადიციისა და ნოვატორობის მიმართების საკითხი. ტრადიციასა და ნოვატორობას შორის ყოველთვის უნდა იყოს გარკვეული წონასწორობა დაცული, რადგან თუ პირველი გადასწონის კონსერვატიზმამდე მივალთ, ხოლო თუ ნოვაცია გადასწონის, ნიჰილიზმამდე. ეს აპრობირებული მეთოდი განსაკუთრებით გამოიხატება ხელოვნებაში, კერძოდ კი ქორეოგრაფიაში. ამდენად, მე შევეცდები, ერთი მხრივ, მიმოვიხილო ქართული ცეკვის ევოლუცია ტრადიციულ ჭრილში, ხოლო მეორე მხრივ, გამოვყვო ის ხილული თუ უხილავი ატავიზმის ნიშნები, რომლებიც ჩვენმა საზოგადოების განვითარების ისტორიამ შემოგვინახა.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის, მთვარის (,,შუშპა’’) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათასწლეული) – ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების – დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: ,,სამონადირეო ფერხული’’, ,,ლემჩილი’’, ,,ბეთქილის ფერხული’’ და სხვა. დროთა განმავლობაში, პირველყოფილ სამონადირეო ცეკვაში რიტმული ტანვარჯიშის ილეთები შეიჭრა, უფრო გვიან კი საბრძოლო ხასიათის ტონებითაც შეივსო.  წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: ,,ქართული’’, ”განდაგანა”, ,,ხორუმი’’, ,,ფერხულ-ორსართულა’’, ,,სამაია’’, ,,ხანჯლური’’, ,,მთიულური’’, ,, მთიულური დავლური’’, ”ბაღდადური” და სხვა. მოგვიანებით, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. მოკლედ რომ ვთქვათ, უძველესმა ქართულმა საცეკვაო ხელოვნებამ, რომელიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა და მდიდრდებოდა, დღესდღეობით განვითარების მაღალ დონეს მიაღწია.

ზემოთქმულს თუ დავუჯერებთ, ცეკვა ერთ–ერთი უმნიშვენლოვანესი ტრადიციაა, რომელსაც ქართული იდენტობა ეყრდნობა. თუმცა პოსტმოდერნულმა და პოსტმოდერნიტულმა კონცეფციებმა ისე მყარად შეაღწია სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ განზომილებებში, რომ დიქოტომიურად დაშალა როგორ იდენტობის ცნება, ისე საკუთრივ, ეჭვქვეშ დააყენა თანამედროვე ქართული ცეკვის ეროვნულობა.

2018 წლის დასაწყისში, დიდი რეზონანსი მოჰყვა ქართული ნაციონალური ანსამბლის “სუხიშვილები” ხელმძღვანელის, ილიკო სუხიშვილისა და წევრების მიერ გათანამედროვებულ ცეკვა „ქართულს“. უნდა აღინიშნოს, რომ საცეკვაო მოძრაობები და მუსიკა რადიკალურად განსხვავებულია ძველი “ქართულისგან”. ერთი მხრივ, მუსიკასა და ცეკვაში გვხვდება განსხვავებული სამოსი, კლუბური ცეკვის ელემენტები და ტექნოჟღერადობის მუსიკა, ხოლო მეორე მხრივ, ის არ კარგავს აღმოსავლური კულტურის ელემენტებს, რომლებიც ქართული ცეკვის უმთავრესი კომპონენტებია. ეს ფაქტი, მხოლოდ და მხოლოდ იმ მოსაზრების გამყარებაა, რომ ტრადიციას შეადგენენ ის ხილული ატავიზმის ნიშნები, რომლის შესახებ მე შესავალში უკვე ვისაუბრე. ასე რომ, ქართული ეროვნული ცეკვა მულტიკულტურული დასავლეთის ცეკვის ელემენტებზე გადავიდა, რაც ღამის ცხოვრებამ, კლუბების კულტურის ჩამოყალიბებამ და და მაისის მოვლენებმა, ე.წ. Raveolution-მა განაპირობა.

საინტერესოა საიდან მოდის საკუთრივ ტექნო, მის ჟღერადობაზე დამახასიათებელი რიტუალური მოქმედებები და საერთოდ, რატომ გაამართლა ამ პროექტმა საქართველოში. ამ საკითხზე მსჯელობისას, უნდა გავიხსენოთ, რომ ქართულმა ცეკვამ კულმინაციას მე–20 საუკუნეში, კერძოდ, მოდერნისა და მოდერნიზმის ხანაში მიაღწია ანუ იქ, სადაც ჰარმონიულ მუსიკასთან ერთად, ვისმენდით ქარხნებიდან გამოსულ არასასიამოვნო ხმაურს. გასათვალისწინებელია, რომ  ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ეს ფორმა წარმოიშვა 1980–იანი წლების მიწურულს, ქალაქ დეტროიტში, რომელიც ადრე ვაჭრების მიერ დაარსდა, შემდეგ ინდუსტრიულ ქალაქად იქცა და დღესდღეობით უმსხვილესი ავტოსამშენებლო ცენტრია.

კითხვაზე თუ რატომ გაამართლა ტექნოპროექტმა საქართველოში, პასუხად ტრადიცია უნდა გამოვიყენოთ. როგორც სტილის ერთ-ერთი დამფუძნებელი ხუან ატკინსი ამბობს, ტექნო – ეს არის მუსიკა, რომელიც ჟღერს, როგორც ტექნოლოგია. ამდენად, ტექნოსთვის დამახასიათებელი ჟღერადობა საბჭოთა კავშირმა ატავიზმის უხილავი ნიშნებით ჩაგვინერგა კოლექტიურ მეხსიერებაში. კერძოდ, სამუშაო დაზგების, ტექნოლოგების, მეტალის ხმა და ქარხნების გუგუნი დღევანდელ ელექტრონულ მუსიკად ტრანსფორმირდა ჩვენს ცნობიერებაში. რაც შეეხება ცეკვას, ცეკვა ჩვენთვის ყოველთვის კულტურული აქტი იყო, დღეს კი ის პოლიტიკური აქტია. ისაა ნაწილი იმ სახელმწიფოსი, სადაც პოლიტიკამ და ხელოვნებამ ფუნქციები გაცვალეს. სახელდობრ, პოლიტიკოსები ორატორებად და მსახიობად იქცნენ, ხელოვანები კი პოლიტიკის, სინამდვილის მწარმოებლებად.

ტრადიცია დედნის გარეშე

ლექსო ლობჟანიძე

 

 

კომენტარები

კომენტარი