ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლევან ხარატიშვილი ფედერიკა მოგერინის განცხადებას ეხმიანება

“სასიხარულოა, რომ ჩვენი ძალისხმევა, ღირსეულად წარმოგვეჩინა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად შეფასდა.“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა ფედერიკა მოგერინის მიერ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დასახელებასთან დაკავშირებით.

„ოქტომბერში პატივი მქონდა გამეხსნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც მსოფლიოში უძველესია. წლევანდელ ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველო იყო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმაზე საუბარი, თუ რა გვაერთიანებს ჩვენ, ევროპელებს, ჩვენს კულტურასა და იდენტობას“ – წერს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო იყო წარმოდგენილი, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნებოდა. საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ფრანკფურტში 9-14 ოქტომბერს, დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგა. საქართველოს პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი