კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

1 იანვარს კლუბ BASSIANI–ზე ის არტისტები დაუკრავენ, რომელთაც 12 მაისს უნდა დაეკრათ

2019 წლის პირველი საკლუბო ღამე, როგორც BASSIANI-სთვის, ასევე ზოგადად თბილისის მუსიკალური სცენისთვის ძალიან სიმბოლურია. 2018 წლის 12 მაისის დილას, როდესაც კლუბში GIEGLING-ის საღამო იმართებოდა, ნიღბიანი სამართალდამცველები საცეკვაო მოედანზე შეიჭრნენ და შეიარაღებული რეიდი მოაწყვეს. საქართველოს რეივ- რევოლუციად შერაცხული მოვლენები სწორედ იმ დღეს დაიწყო და ადგილობრივ საკლუბო სცენაზე მნიშნელოვანი კვალიც დატოვა.

ის არტისტები, რომლებსაც მაშინ კლუბში უნდა დაეკრათ, მსმენელს ყოფილი პარლამენტის შენობასთან შეხვდნენ და რეივიც უჩვეულო ადგილას გაგრძელდა. ეს მომენტი გლობალური საკლუბო კულტურის ისტორიაში ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ჩაიწერა. 1 იანვარს კი BASSIANI შეწყვეტილ ისტორიას VRIL, ATEQ, SA PA, LEAFAR LEGOV და KVANCHI-სთან ერთად გააგრძელებს. GIEGLING ბრუნდება.

VRIL-ის შემოქმედებითი საქმიანობა რამდენიმე ლეიბლთან ურთიერთობას მოიცავს. მათ შორის არის BASSIANI RECORDS, SEMANTICA, DELSIN, DYSTOPIAN, OSTGUT TON. თუმცა ჰანოვერელი არტისტისთის GIEGLING ყველაზე განსაკუთრებული პლატფორმაა, სადაც მისი არტისტული იდენტობა ყველაზე კარგად გამოიხატა. მიუხედავად იმისა, რომ VRIL ლეიბლთან 2010 წლის შემდეგ პერიოდულად თანამშრომლობს, ამ კოლაბორაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 2014 წელს გამოცემული ალბომი TORUS გახდა. ჩანაწერში ტექნოს შედარებით მელანქოლიური ასპექტებზე ხაზგასმით და სპეციფიკური ატმოსფერული ფონის შექმნით, მუსიკოსმა თავისი კარიერის გარდამტეხი მომენტი განსაზღვრა. 2017 წელს VRIL-მა ემბიენტის და დაბ-ტექნოზე ორიენტირებული ექსპერიმენტული ჩანაწერი ANIMA MUNDI შეზღუდული რაოდენობით გაავრცელა, წელს კი მისი მოსმენა DELSIN-ზე გახდა შესაძლებელი. მართალია VRIL-ის შემოქმედებითი პრიორიტეტები ცვლილებებს განიცდის, მაგრამ GIEGLING-ის ჟღერადობის განსაზღვრაში მისი როლი დღემდე არ შესუსტებულა.

ATEQ ლეიბლის თანადამფუძნებელი და GIEGLING-ის კოლექტივის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია, რომელიც დაარსებიდან დღემდე ცდილობს პლატფორმა მრავალფეროვანი, საინტერესო და გამორჩეული მუსიკის თავშესაფარი იყოს. 2011 წლის შემდეგ მან ლეიბლზე 3 ჩანაწერი, მათ შორის EDWARD -თან ერთად ჩაწერილი კრებული G**G***G გამოსცა. არტისტის აქცენტი მელოდიურ და ემოციურ საცეკვაო მუსიკაზე შესაფერისად აისახება მთლიანად შემოქმედებით კოლექტივზე.

SA PA სწორედ ის არტისტია, რომელსაც მაისის მოვლენების დროს სპეცრაზმმა დაკვრა შეაწყვეტინა. როგორც არტისტი იხსენებს, იმ შავი პარასკევის ღამეს კლუბიდან გასვლის დროს BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე პოლიციის მიერ ცარცით მონიშნულს ადგილებს ხედავდა, რომელიც თითქოს დანაშაულის ადგილს აღწერდა. SA PA ლეიბლს მოგვიანებით, 2015 წელს შეუერთდა, თუმცა მოკლე დროში ის GIEGLING-ის უცვლელი წევრი გავხდა. 1 იანვარს ის იმ ადგილზე დაბრუნდება, სადაც მუსიკის დაკვრა შეწყვიტა და მსმენელისთვის თავისი მესიჯის გაგზავნას გააგრძელებს.

GIELGING-ზე სოლო ჩანაწერების გამოცემა LEAFAR LEGOV-მა 2016 წელს დაიწყო და ზედიზედ ორი ალბომი შემოგვთავაზა. თუმცა, მისი მუსიკალური კარიერის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი 2009 წელს პროექტით KETTENKARUSSELL დაიწყო, რომელზეც LEGOV დიდი ხნის მეგობარ HERR KOREANDER-თან ერთად მუშაობდა. სადებიუტო სოლო ალბომის შემდეგ, მუსიკოსმა 1 წელიწადში ახალი ჩანაწერი FAMILY გამოსცა, რომელიც უფრო დინამიური და ენერგიული ჟღერადობით ხასიათდება.

GIEGLING-ის ქართველი მასპინძელი BASSIANI RECORDS-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI იქნება. არტისტის მრავალფეროვანი მუსიკალური გემოვნება და განსაკუთრებული სელექციის უნარი საღამოს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

კომენტარები

კომენტარი