არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

გადაკეთდება თუ არა კინოთეატრი ,,რუსთაველი” სასტუმროდ?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კინოთეატრ ,,რუსთაველის” შენობის კერძო მესაკუთრე მის სასტუმროდ გადაკეთებას აპირებს. როგორც ვიცით, კინოს შენობა დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს და წელს, თბილისის კინო ფესტივალმაც ისე ჩაიარა, რომ კინო ,,რუსთაველში” არც ერთი ფილმის ჩვენება არ გამართულა.

მოგვიანებით, კინოთეატრ ,,რუსთაველის” რეკონსტრუქციის პროექტის მთავარმა არქიტექტორმა ამის შესახებ განხადება გააკეთა და ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ახალი პროექტი კინოს გაუქმებას კი არ გულისხმობს, არამედ შენობის განვითარებას სასტუმროს მიმართულებითა და კინოს თემატიკით.

თუ აღნიშნული პროექტი დამტკიცდება, მაშინ კინო ,,რუსთაველის” შენობაში მოეწყობა სასტუმრო, სადაც ნომრები განლაგებული იქნება ექვს სართულზე და დარჩება ერთი ან ორი კინოდარბაზიც.

რამდენიმე დღის წინ კინოს შენობის ახალი პროექტის ესკიზს განცხადებით, თბილისის არქიტექტურულმა სამსახურმა და საბჭომ უარი უთხრა, თუმცა პროექტი ამას არ შეუჩერებია და ესკიზზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

აღნიშნულ პროექტს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხელოვნებათმცოდნემ, თამარა ამაშუკელმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ დაუშვებლად მიაჩნია ტენდენცია “ჯოხთაბერიძის შევარდენიან კოშმარზე” სწორება და შენობისთვის ახალი მოცულობის დამატება.

,,დაუშვებლად მიმაჩნია ფუნქციის შეცვლა! “რუსთაველი” პრაქტიკულად უკანასკნელია იმ კინოთეტრებს შორის, რომელსაც არ შეცლია ფუნქცია.

საბედნიეროდ, არქიტექტურის სამსახურმა და საბჭომ პროექტი დაიწუნა!

აუცილებელია სასწრაფოდ გაფორმდეს ხელშეკრულება სახელმწიფოსა და მფლობელს შორის სადაც ჩაიწერება, რომ შენობას აუცილებლად უნდა შეუნარჩუნდეს ფუნქცია!

თუ თბილისის მერიას აქვს შესაძლებლობა, კარგი იქნებოდა გამოესყიდა შენობა და გაეკეთებინა მუნიციპალური კინოთეატრი (ყველა თავმოყვარე ქალაქს ასეთი გააჩნია)!” -აღნიშნულია მის პოსტში.

შეგახსენეთ, რომ კინოთეატრ ,,რუსთაველს” 1988 წლლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი