ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლევან სონღულაშვილი Strokes of Genius–ის გამარჯვებულია

ლევან სონღულაშვილი, ცნობილი ამერიკული გამოცემის, “Strokes of Genius-ის” გამარჯვებულთა შორისაა.

სონღულაშვილის ორი ნამუშევარი: “დიონისე” და “სახე” სტივენ ესელის, “North Light Books”-ისა და “ Artists Magazine”-ის გამომცემელთა მიერ შეირჩა.

სპეციალურად მოწვეული ჟიური, სტივენ ესელი საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკელი მხატვარია, რომელიც მიჩნეულია თაობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელოვანად.

“Strokes of Genius” კი ცნობილი ამერიკული სახელოვნებო წიგნია, რომელიც აერთიანებს ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს და წარმოადგენს, უმაღლესი კლასის თანამედროვე არტისტებს.

მე-11 ტომის თემაა “მშვენიერების ძიება”, რომლის ინტერპრეტირებაც მრავალი ფორმითაა შესაძლებელი. ამ უკანასკნელს თან ერთვის მათი (ნახატების) შექმნის საიდუმლოებაც.

“დიონისე” (2018) და “სახე” (2017) სონღულაშვილისთვის დამახასიათებელი, უნიკალური ტექნიკით, მხოლოდ ტუშითაა ქაღალდზე შესრულებული.

“სახე” 2017 წელს, ნიუ-იორკის “სოტბის” სააუქციონო სახლში გამართულ “Take Home a Nude” აუქციონზე გაიყიდა.

“დიონისე” კი ხელოვანის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ნამუშევარია, მისი შემოქმედების ახალი სერიიდან.

ლევან სონღულაშვილი 27 წლის ნიუ–იორკში მოღვაწე ქართველი არტისტია. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მისი ნამუშევრები მნიშვნელოვან კერძო კოლექციებშია დაცული. ასევე,  მხატვრის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის მუდმივი კოლექციის ნაწილია.

წლის დასაწყისში ლევან სონღულაშვილის მასშტაბური მულტიმედიური გამოფენა “სტიქსი” თბილისში, გალერეა “ერთი”-ში გაიმართა, რომლის კურატორიც სახელოვნებო სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, მარკ გიზბურნი იყო.

ცოტა ხნის წინ სონღულაშვილის მონუმენტური ინსტალაცია წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ისტორიულ კონცერტზე, სადაც მისი ახალი საგუნდო ნაწარმოების “Idem et Idem”-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორმა ეს სათაური სონღულაშვილის ამავე სახელწოდების (Idem et Idem) ტილოს ინსპირაციით უწოდა.

კომენტარები

კომენტარი