სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

დიზაინერი, რომელმაც მოდელებად ბებიები გადაიღო – ინტერვიუ მეგი გაბუნიასთან

მეგი გაბუნია წარმატებული ქართველი დიზაინერია, რომელიც 2016 წლიდან ბრენდ M.G-ის  ხელმძღვანელია. 2006-2009 წლებში ჰქონდა ფეხსაცმლის ინდივიდუალური კერვის სალონი; მუშაობდა ფეხსაცმლის მასიური წარმოების ქარხნებში დიზაინერად; რამდენიმე წელი ინტერიერის დიზაინზეც იმუშავა.

მეგი გაბუნია მუშაობდა ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა ,,დღეები და ღამეები”. ეს პროექტი მოიცავს ათ დამოუკიდებელ ფილმს და გადაღებულია აკა მორჩილაძის პიესების მიხედვით. ასევე, არის პირველი არხის პროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია” კოსტიუმების მხატვარი. ტელესერიალში გამოყენებული ყველა კოსტიუმი შუა საუკუნეების პერიოდის ხასიათში შექმნა — ნატურალური ბეწვის, ტყავისა და ლითონის გამოყენებით.

დიზაინერის ერთ-ერთი ცნობილი პროექტია ,,ისტორიის მცველები”. მან ცნობილ ქართველ მსახიობებს ჩააცვა საკუთარი ხელით შექმნილი შუა საუკუნეების სამოსი და დადგა წარმოდგენა. ფოტოკოლაჟი ქსოვილზე მხატვრულად ააწყო და  ქალის კაბებსა და მაისურებზე გადაიტანა.

რამდენიმე კვირის წინ კი მან კამპანია #გაუთბესიბერე წამოიწყო. დიზაინერმა საკუთარი ბრენდის, M.G-ის სამოსის ჩვენებისთვის მოხუცი ბებიები გადაიღო.

მეგი გაბუნია ,,არტნიუსს” ამ პროექტის შესახებ ესაუბრა:

– რა იყო ამ იდეის ინსპირაცია?

– იდეის ინსპირაცია რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი იყო. სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე თბილი ფოტო მოკლე შინაარსით, სადაც მოვყევი, როგორ გავიცანი 83 წლის ლამარა ბებო. საზოგადოების ისეთი დიდი ყურადღება და პოზიტივი გამოიწვია ამ პოსტმა, რომ უამრავი ადამიანის თანადგომა ვიგრძენი. როდესაც ბებოს მოვუყევი რამდენი ადამიანი დადგებოდა მის გვერდში, სიხარულით თვალები გაუბრწყინდა და უზომოდ გაბედნიერდა. ეს მომენტი ისეთი ემოციური გახდა ჩემთვის, რომ გადავწყვეტე გამეკეთებინა ბევრად მეტი. ვიფიქრე კიდევ რით შეიძლებოდა გამეხარებინა და უცებ, იდეა დამებადა, ბებიასთვის მოდელობა შემეთავაზებინა. სასწრაფოდ დავგეგმე ფოტოსესია.

– ვინ არიან ფოტომოდელები?

– მოდელები არიან – 83 წლის ლამარა და 90 წლის ანჟელა ბებია.

– როგორ დაითანხმეთ?

– როდესაც ლამარა ბებიას მოდელობა შევთავაზე, ცოტა იუხერხულა, მოერიდა, ხალხი რას იტყვისო. ვუთხარი, შენთან ერთად ჩემს 90 წლის ანჟელა ბებოს გადავიღებ, თან გავერთობით-მეთქი. საბოლოოდ, ორივე ფოტომოდელობაზე დავითანხმე.

– რა შედეგი მოჰყვა ამ ყველაფერს და ელოდებოდით თუ არა ასეთ გამოხმაურებას?

– პირველი, რაც ყველაზე მეტად მახარებს, ფოტოსესიაზე ბებიები ძალიან გავამხიარულეთ. ბევრი იცინეს, ახალგაზრდობის წლები გაიხსენეს და ბევრი სასიამოვნო და სევდიანი ამბავიც გვიამბეს. საკმაოდ ენერგიულად იმუშავეს, 2-3 საათის განმავლობაში შესვენებაც არ მოგვთხოვეს. ფოტოებს ატვირთვისთანავე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, სოციალურ ქსელში ყველა ამაზე ალაპარაკდა. ვფიქრობდი კამპანია,რომელიც წამოვიწყეთ, საკმაოდ აქტიური იქნებოდა, მაგრამ იმას, რაც მოხდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი. საზოგადოებაში დიდი პოზიტივი გამოვიწყვიეთ და #გაუთბესიბერე ვფიქრობ, რომ გავამართლეთ.

ნიუტონ.ge • NewTone.ge-ს ფოტო.

MyLine OfLifestyle-ს ფოტო.

 

კომენტარები

კომენტარი