კულტურა

თხმ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” ნარკომომხმარებლებს ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევს

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას აქვეყნებს.

ორგანიზაციის თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს დაფიქსირებული მრავალი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, სინთეზური ოპიოიდი, ფენტანილია.

მოქალაქეებმა, რომლებმაც ზემოთხსენებული ნარკოტიკით ინტოქსიკაცია მიიღეს აცხადებენ, რომ მათ ეს ნივთიერება MDMA-ს ნაცვლად მოტყუებით მიჰყიდეს.

დაზარალებულებს ნივთიერების მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.

“სასწრაფოდ: დღეს გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით – ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა.

მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან” – წერს სოციალურ ქსელში “თეთრი ხმაურის მოძრაობა”.

კომენტარები

კომენტარი