არტ მენეჯმენტი საშემსრულებლო ხელოვნება

თეატრი, რომლის დასსაც შენობის გარეშე დარჩენა ემუქრება

საქართველოში ერთადერთი პანტომიმის თეატრის დასი შენობის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა. პანტომიმის თეატრის შენობის პრობლემა 2012 წელს დაიწყო, როდესაც თეატრის შენობის ნაწილი, 740 კვადრატული მეტრი,  1 ლარად „სილქ როუდ გრუპს” გადაეცა. 1260 კვადრატული მეტრის ფართობი კი რეგისტრირებული არ არის.  თეატრი ეკონომიკის სამინისტროსგან დღემდე ელოდება აღნიშნული ფართის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

პანტომიმის თეატრის დირექტორი ამირან შალიკაშვილი აცხადებს, რომ   ნახევარსაუკუნოვანი  ისტორია უნდა დაფასდეს  და თეატრმა მიიღოს ის, რისი ღირსიც არის.

“ეს თეატრი სჭირდება ყველა თეატრს, ეს ხელოვნება არის უნიკალური. ბოლო ერთ წელში ძალიან წარმატებული სეზონი გვქონდა. მიკვირს ამაზე რატომ ვსაუბრობთ. ქვეყნის სირცხვილია, რომ ასეთი პრობლემის წინაშე ვდგავართ”, – განაცხადა  ამირან შალიკაშვილმა.

 

თეატრისთვის შენობის დოკუმენტურად გადაცემის მოთხოვნით, შალიკაშვილის თეატრის დასმა აქციაც დააანონსა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ დედაქალაქის მერისგან მხარდაჭერის პირობა მიიღეს, ითქვა, რომ შესაძლოა ეს აქცია აღარ გაიმართოს.

“აქციას, 29 ივლისს 16:00 საათზე,  რუსთაველის გამზირზე, #37 -ში, უშუალოდ პანტომიმის სახელობის თეატრის შენობის წინ ვგეგმავთ.  ეს იქნება სრულიად მშვიდობიანი თეატრალური აქცია თეატრის გადასარჩენად და აქციის მხარდასაჭერად ყველა თეატრის მოყვარულს მოსვლისკენ მოვუწოდებთ.  წლების წინ, ყოფილი ხელისუფალის მიერ, 1 ლარად გაიყიდა თეატრის შენობის ნაწილი, ხოლო ნაწილი დარჩა თეატრს.
ეკონომიკის სამინისტროსთან ამ საკითხზე შექმნილ სპეციალურ კომისიაში დავების განხილვების შედეგად, რომელშიც აგრეთვე ჩართული იყო საჯარო რეესტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლები, დავადასტურეთ ჩვენი უფლება თეატრის ფართებზე, მოვიპოვეთ და წარვადგინეთ შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, ნახაზები, მივიღეთ სიტყვიერი თანხმობა რომ მოახდენდნენ რეგისტრაციას, მაგრამ სიტყვა დარჩა შეუსრულებლად. დავრჩით უპასუხოდ, ეკონომიკის სამინისტროდან თვეებია უშედეგოდ ველით პასუხს – მოახდინონ თეატრის ფართის რეგისტრაცია მათივე შექმნილი კომისიის დასკვნების შესაბამისად”,- აცხადებენ პანტომიმის თეატრში.

თეატრის თანამშრომლები იმედს იტოვებენ, რომ მთავრობა მათ მოთხოვნებსა და თეატრს უყურადღებოდ არ დატოვებს და დიალოგზე წამოვა, რათა  შენობასთან დაკავშირებული გაურკვეველი საკითხები მოგვარდეს და ხელოვანებმა სრულფასოვან გარემოში მუშაობა შეძლონ.

კომენტარები

კომენტარი