ვიზუალური ხელოვნება კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ინტერვიუ გამოფენის “მდგომარეობებს შორის” კურატორებთან

KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე 2018 წლის 7 დეკემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე წარმოგიდგენთ მულტიდისციპლინურ საგამოფენო პროექტს “მდგომარეობებს შორის”.

“არტნიუსი” დაუკავშირდა პროექტის კურატორებსა და ორგანიზატორებს და გთავაზობთ ინტერვიუს:

– რა იყო ამ პროექტის ინსპირაცია და რამ განაპირობა მისი ინიცირება?

ტექნოლოგიური განვითარების არნახულმა სისწრაფემ, კომუნიკაციების მანამდე წარმოუდგენელმა შესაძლებლობებმა და ინფორმაციის ჭარბმა ნაკადმა გლობალური პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ახალი კონტურები ჩამოაყალიბა. ადამიანის ცხოვრების ახალი მდგომარეობების გაჩენა ახალ მითოლოგიებსა და ნარატივებს ქმნის. შესაბამისად, ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბი სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში ახალი მანიპულაციების შესაძლებლობებს აჩენს. ამ პროცესების ლოგიკურად თანმდევი ნაწილია ახალი შემოქმედებითი მანისფესტაციების სიმრავლეც.

– რა არის გამოფენის მიზანი?

– გამოფენა „მდგომარეობებს შორის“ ადგილობრივ კონტექსტში მაორიენტირებელ ამოცანას ისახავს მიზნად. ის ცდილობს, უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ თუ რა არის ის მდგომარეობები, რომლებშიც ვარსებობთ, ან როგორი იქნება ის მდგომარეობები, რომლებშიც ყოველდღიურობა მუდმივად იცვლება. რა არის ან შეიძლება იყოს ახალი მედია ხელოვნება საქართველოში და რა ურთიერთმიმართებებს ავლენს ის მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ კონტექსტთან?

– რა კონტენტსა და კონცეფციას მოიცავს  გამოფენა?

„მდგომარეობებს შორის“ 18 ნამუშევრებს აერთიანებს და ექსპერიმენტის ფორმატით იმ კულტურულ იმპულსებს ასახავს, რომლებიც პოლიტიკური ან სოციალური ძვრებით არის ნასაზრდოები. გამოფენა ახალი მედიებისა და ტრანსდისციპლინური პრაქტიკის კვლევის საშუალებით ცდილობს ჩაუღრმავდეს იმ სახელოვნებო ტენდენციებსა და დინებებს, რომელთა კონტექსტუალიზაცია საქართველოში ჯერ არ მომხდარა ან ყურადღების მიღმაა დარჩენილი. დროის უკანასკნელი იმპულსები, რეგრესული აქსელერაცია ან თუნდაც პროგრესული გენიტალია(Progressive Genitalia), გამოსავალი მეტა ტექსტია, რომელიც თავის შემოსაზღვრულობას ააშკარავებს და ადგილს (კულტურულ) კოდებსა და ნიშნებს უთმობს.

– რომელი ავტორები იქნებიან წარმოდგენილები?

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ავტორების ნამუშევრები:

გიო სუმბაძე, გიორგი მაღრაძე, დეთუ ჯინჭარაძე და მარიამ ნატროშვილი, ვასილ მაჭარაძე და კოკა ვაშაკიძე, ვატო წერეთელი, სანდრო ასათიანი და ზურა ჯიშკარიანი, თამარ გურგენიძე, თორნიკე ქარჩხა, ჯასპერ ფუნგი, ლადო ლომიტაშვილი, ლადო ონიანი, მამუკა ჯაფარიძე, მანუჩარ ოქროსცვარიძე, ნიკა მაჩაიძე, ნიკოლოზ კაპანაძე, სანდრო სულაბერიძე, ტილდა ჯორჯი,

InChina Collective: გოჩა ჟღენტი, ივეტა ჩხიკვაძე, ილია მახარაძე და მართა თაბუკაშვილი, ალექსი სოსელია და გიორგი მელაძე, ზურა ცოფურაშვილი და ლუკა აქიმიძე, რამაზი ბაბლუანი, გვანცა ბერძენიძე, ბარა გალო, ელენე გაბრიჩიძე, დიმა დადიანი, სკოტ მაკოლაკი.

კურატორები: ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ვატო ურუშაძე.

დიზაინი: ნინუკა ცინცაძე

კომენტარები

კომენტარი