კინო

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს გაიხსნება

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს, 3 დეკემბერს ნინო ჟვანიას ფილმით „აღლუმი“ გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გასტანს.

დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი არა მარტო დედაქალაქის, არამედ მთლიანად რეგიონის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა.

„ამ კინოფესტივალის მნიშვნელობას განსაზღვრავს მისი პროგრამა, რომელიც მრავალფეროვანი და აქტუალურია. მნიშვნელოვანია ასევე მთავარი თემა – „ლიტერატურა და კინემატოგრაფი“, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთგვარი გამოძახილი არის და იმედი მაქვს, რომ სხვა ფესტივალებიც გაატარებენ ამ ხაზს. ასევე, მინდა ავღნიშნო ის მასტერკლასები და ლექციები, რომელიც ფესტივალის განრიგშია. თბილისის მერიისთვის პრიორიტეტულია არაფორმალური განათლება და სწორედ ამიტომ, ძალიან საინტერესოა ჩვენთვის ფესტივალის ეს კომპონენტი. მომავალ წელს ფესტივალი 20 წლის ხდება და ვფიქრობ, რომ მთელი წლის განმავლობაში საიუბილეო წელს ერთად აღვნიშნავთ“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

8 დეკემბერს გამოვლინდებიან ოქროსა და ვერცხლის „პრომეთეს“ მფლობელები. კონკურსში მონაწილე 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან ერთ-ერთი ქართულია – გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ლიეტუველი რეჟისორი, რაიმუნდას ბანიონისია, ხოლო ჟიურის შემადგენლობაში არია: ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკო ჰაიაში და სელინ ნუსი.

ეროვნული კონკურსის „ქართული პანორამის“ ფარგლებში დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმები სამ კატეგორიაში: სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.

ქართულ პანორამას, ტრადიციულად, გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტის – „არსენალი“ და ბერლინის კინოფესტივალის – „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმი“ დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორები ესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთან ერთად შეაფასებენ.

“არტნიუსი” გთავაზობთ კინოფესტივალის სრულ განრიგს:

კომენტარები

კომენტარი