კულტურა

ინტერვიუ ღვინის მუზეუმის მანიფესტის ავტორ იაგო ბიტარიშვილთან

შეგახსენებთ, 1 დეკემბერს დაიწყო ხელმოწერების მიღება მანიფესტზე, რომლის ადრესატებიც საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არიან.

ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი იაგო ბიტარიშვილი სახელმწიფოსგან ითხოვს მრავალი წლის მანძილზე უფუნქციოდ მდგარ შენობაში, ე.წ. “დოქებში”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ძველი თბილისის ტერიტორიაზე აშენდა, შეიქმნას ქართული ღვინის მუზეუმი, ვინაიდან, ყველასთვის ცნობილია, რომ ღვინის წარმოების პირველი ნიშნები სწორედ საქართველოში შეინიშნება და მნიშვნელოვანია ამას პოპულარიზაცია გაეწიოს.

“არტნიუსი” ესაუბრა ღვინის მწარმოებელსა და ექსპორტიორს, იაგო ბიტარიშვილს და გთავაზობთ ინტერვიუს:

როგორ და რა ვითარებაში დაიბადა იდეა, რომდოქებშიღვინის მუზეუმი უნდა გაკეთდეს?

– იდეა 2 წლის წინ დაიბადა, ამის შესახებ  ჩემს გვერდზე დაწერილ პოსტში შეგიძლიათ უფრო დეტალურად წაიკითხოთ.

ყველა ღვინის ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ღვინის მუზეუმს, მით უმეტეს, ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ქვეყანას დიდი ისტორია აქვს ღვინოსთან მიმართებით. ამასთან ერთად, დღეისთვის, როგორც ქართული ღვინისთვის, ასევე საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ცნობადობის გაზრდაა.

ინვესტირება ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს თუ კერძო ინვესტორებისგან?

– ამ ეტაპზე გამიჭირდება გადაჭრით ვისაუბრო ამის შესახებ, ვინაიდან ეს  ჯერ მხოლოდ იდეაა. ზოგადად, მე მომხრე ვარ – კერძო სექტორმა აკეთოს ბიზნესი, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ქვეყნის ცნობადობასა და იმიჯს, თუ გვინდა ამ მხრივ შედეგი მივიღოთ, ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი ჩვეულებრივი მუზეუმი, აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ სახელმწიფოს ჩართულობა და მონაწილეობა ამ საქმეში აუცილებელია. როგორ და რა დოზით – ეს საქმიდან გამომდინარე გამოიკვეთება. შეიძლება სახელმწიფომ გაიღოს ხარჯები და მართვაში გადაეცეს ან გამოცდილ მენეჯმენტს ან ეროვნულ მუზეუმს.

ვინ უნდა გაუძღვეს მუზუმს? თუ ხართ მზად (თუ გყავთ შესაბამისი გუნდი), რომ თქვენ ჩაიბაროთ ზემოთხსენებული დაწესებულება?

– ჩემი მონაწილეობა ამ საქმეში მხოლოდ იდეის გენერირებაში გამოიხატება და არ ვთვლი საჭიროდ, რომ (თუ ეს იდეა მოწონებულ იქნა) მე მომავალშიც ჩართული ვიყო მის განხირციელებაში. დარწმუნებული ვარ უამრავი ადამიანი მოიძებნება, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ამ საქმეში.

ასევე, მნიშვნელოვანია ლოკაცია და შენობა. ამ შემთხვევაში, არჩევანი გავაკეთე ე.წ. “დოქებზე” ვინაიდან ის მთლიანად ემთხვევა კონცეპტუალურად ზემოთხსენებულ დაწესებულებას. ამავდროულად, ის დგას ყველაზე ტურისტულ უბანში. გვაქვს ასეთი მოცემულუბა – დგას შენობა, რომელიც უფუნქცოა, რომლის დემონტაჟიც საკმაოდ ძვირია და, ალბათ, ვერ მოხდება, შესაბამისად, საფუძვლიანია იდეა მისი მუზეუმის გადაკეთების. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ, თუ დავაკვირდებით ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ გავლენიან გამოცემებში საქართველოს ტურიზმის თუ ღვინის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებს, ძალიან ბევრ შემთხვევაში გვხვდება ამ ნაგებობის სურათი, რაც დამატებით ბენეფიტი იქნება მომავალშიც მისი ცნობადობის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი