არქიტექტურა, არქეოლოგია

სიღნაღის ისტორიულ თაღს უნებართვოდ დატანილი საღებავი მოაცილეს

სიღნაღის ისტორიული თაღზე თვითნებური სამუშაოების დროს ხელოსნების მიერ ღია კრემისფრად შეღებილი ნაწილის ფენა მოაცილეს. ფოტოებზე ჩანს გალავნის ნაწილი, სადაც ობიექტს პირვანდელი სახე დაუბრუნდა, როგორც ის 60-70-იან წლებში იყო. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

სიღნაღის მერიაში განმარტავენ, რომ უკვე დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე, რომელიც მომავალი წლიდან მთლიანად პატარა და დიდი თაღის რეაბილიტაციას გულისხმობს.

„2019 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთ და ობიექტზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდება. ბუნებრივია, ამ საკითხში მონაწილეობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიიღებს. ჩვენ შევქმნით პროექტს, რა დროსაც სააგენტოს რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და უძველესი თაღების აღდგენითი სამუშაოები დაიწყება“ – ამბობენ სიღნაღის მერიაში.

ერეკლე მეფისდროინდელი გალავნის თაღის ღია კრემისფრად 10 ოქტომბერს კომპანია “ინსტალ +”-ის ხელოსნებმა თვითნებურად შეღებეს, რის გამოც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ და კომპანია სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერება მოსთხოვეს.

სიღნაღის გალავნის ფერთან დაკავშირებით ინფორმაცია Facebook-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი