კინო

ნაწყვეტები ინტერვიუებიდან – ბერნარდო ბერტოლუჩი (III ნაწილი)

იტალიელი რეჟისორი, ბერნარდო ბერტოლუჩი იტალიელი კინემატოგრაფისტების იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც მსოფლიოს ფედერიკო ფელინის, მიქელანჯელო ანტონიონისა და პიერ პაოლო პაზოლინის სახელები აჩუქა.

დაიბადა 1940 წელს, იტალიის ქალაქ პარმაში, ხელოვნების ისტორიკოსის, პოეტისა და კინო კრიტიკოსის ოჯახში. თავდაპირველად მანაც, მამის მსგავსად, წერით დაიწყო კარიერა და 15 წლის ასაკში, სადებიუტო ნაშრომისთვის უკვე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო – Premio Viareggio მიიღო. კინო ყოველთვის იზიდავდა და მოკლემეტრაჟიან ისტორიებს სამოყვარულო კამერით იღებდა. მოგვიანებით, მიატოვა რომის უნივერსიტეტი, რომელშიც თანამედროვე ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობდა და გადაწყვიტა სრულმეტრაჟიანი პროფესიონალური ფილმები გადაეღო. ამ დროს მას უკვე ჰქონდა პაზოლინთან მუშაობის გამოცდილება, ის რეჟისორის ასისტენტი იყო.

უნივერსიტეტიდან წამოსვლის შემდეგ ბერტოლუჩიმ გადაიღო ფილმი ,,La Commare Secca”, რომელიც მის დებიუტად ითვლება. მას მოჰყვა ,,Prima Della Rivoluzione”, რომელშიც რეჟისორმა ნათლად აჩვენა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და მაყურებლის პროვოცირების სურვილი.

ბერტოლუჩის პოლიტიკური შეხედუებები იმ დროისთვის უჩვეულო არ იყო. თავს მარქსისტს, ათეისტს უწოდებდა. ეწინააღმდეგებოდა ნაციონალისტურ სწავლებას და მთელი ცხოვრება სწამდა მემარცხენე იდეების. პოლიტიკურ აზრებს ბერტოლუჩი თავის ფილმებში აჟღერებდა.  1970 წელს გადაღებულ ფილმში ,,კონფორმისტი” გაკრიტიკებულია ფაშისტური იდეოლოგია; ფილმში ,,მეოცე საუკუნე” გაანალიზებულია მემარცხენებისა და მემარჯვენეების დაპირისპირება და ბრძოლა. შემდეგ კი, თავის ყველაზე ცნობილ ფილმში ,,უკანასკნელი ტანგო პარიზში” დაუფარავად აჩვენებს საკუთარ ეროტიკულ ფანტაზიებს.

,,ოსკარი” მიღებული აქვს ფილმში ,,უკანასკნელი იმპერატორი”, ესაა ბიოგრაფიული ფილმი ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის, პუ ის შესახებ. ფილმი ოსკარის ცერემონიალზე წარგენილი იყო 9 ნომინაციაში და ყველაში მთავარი პრიზი მიიღო. ეს ნომინაციებია: ,,საუკეთესო ფილმი”, ,,საუკეთესო რეჟისორი”, ,,საუკეთესო ადაპტირებული სცენარი”, ,,საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი”, ,,საუკეთესო მონტაჟი”, ,,საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი”, ,,საუკეთესო მხატვრული გაფორმება”, ,,საუკეთესო ორიგინალური მუსიკა”, ,,საუკეთესო ხმის ეფექტები”. პირადად ბერტოლუჩიმ, ამ ფილმში მიიღო ორი ,,ოსკარი”, როგორც რეჟისორმა და როგორც სცენარის თანაავტორმა.

ეს იყო რეჟისორის ტრიუმფი, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ წინ იყო ისეთი ფილმები, როგორებიცაა ,,Little Buddha/პატარა ბუდა”, ,,Stealing Beauty/მიმქრალი სილამაზე” და ,,The Dreamers/მეოცნებენი”, 60-იანი წლების ნოსტალგიით შექმნილი ფილმი, ისეთივე პროვოკაციული, როგორიც ,,უკანასკნელი ტანგო”.

ბერნარდო ბერტოლუჩი რამდენიმე დღის წინ, რომში, საკუთარ სახლში, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

,,არტნიუსი” გთავაზობთ ნაწყვეტებს ლეგენდარული რეჟისორის ინტერვიუებიდან.

– მოგვიყევით რენუართან შეხვედრის შესახებ…

– მაშინ ფილმისთვის ,,მეოცე საუკუნე” მსახიობს ვეძებდი და ამ ძიებაში ამერიკაშიც ჩავედი. იქ ვიღაცამ თქვა, რომ რენუარს ,,კონფორმისტი” უნახავს და ჩემთან შეხვედრა უნდოდა… ასე აღმოვჩნდით მე და კლერი, ჩემი ცოლი, ბევერლი ჰილსში.

შევედით უზარმაზარ მისაღებში. რენუარი სკამზე იჯდა და ფეხებზე პლედი ეხვია. მის გვერდით იდგა 4 წლის რენუარის პატარა ქანდაკება, რომელიც მისი მამის, ოგიუსტის შექმნილი იყო. მოხუცსა და ბავშვს ერთნაირი ღიმილი ჰქონდათ. გამოქანდაკებული რენუარი უთმო იყო, მოხუცი რენუარი – მელოტი. ვსაუბრობდით. საუბრობდა საოცრად, ყოვლისმომცველი გონება ჰქონდა. საუბრობდა გოდარისა და ტრიუფოს შესახებ, ჰყვებოდა ყველაფერს, რაც მათგან გაეგო, ყველაფერს, რაზეც კამათობდნენ, რაზეც მსჯელობდნენ. ვსაუბრობდით ხმაზე, კამერის მოძრაობაზე…

უცებ მან მითხრა: ,,როცა იღებ, კარი ყოველთვის ღია დატოვე. ვიღაც შეიძლება მოულოდნელად დაბრუნდეს და ზუსტად ეს არის კინო”. ცოტა ხანში წამოდგა და მითხრა: ,,შეიძლება მოგეხვიოთ?” მე მივედი მასთან და ვიგრძენი ჩემი ბაბუის სუნი. წამოვედით მე და კლერი და თვალები ორივეს ცრემლიანი გვქონდა… მე ვიპოვე ის, ვინც ბედნიერი იყო კინოთი, ვინც სიხარულს იღებდა კინოსგან. გოდართან, ტრიუფოსთან და სხვებთან, რომლებსაც  ჩემი უფროსი ძმებივით ვუყურებდი, ასეთი სიამოვნება არასდროს დამინახავს, არასდროს შემიმჩნევია.

იდეა, რომელმაც ჩვენ გაგვაერთიანა 60-იან წლებში, იყო სიამოვნების შეწყვეტა. ჩვენ ისეთი მორალისტები, ისეთი პურიტანები ვიყავით… თუმცა გვიყვარდა რენუარის ფილმები, რომლებიც სავსე იყო სიხარულით. ჩვენ ვიღებდით ე.წ ექსპრესიულ ფილმებს, რენუარი კი კომუნიკატიურს.

რენუართან შეხვედრისას, იმ წამებში გამიჩნდა კომუნიკაციის, ურთიერთობის სურვილი. მინდოდა გამეხარა არა მარტოობაში, არამედ სხვებისთვისაც გამეზიარებინა ემოციები.

– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ფილმებში ხშირად რთავთ თქვენს პირად მოგონებებს, რათა გაექცეთ მათ.

– დიახ, კინო, რაღაც აზრით, არის განწმენდა და მისი მიზანი, არის ის, რომ გათავისუფლდე მოგონებებისგან, რომლებიც ტვირთია შენთვის. ზოგადად, რაღაცის ან ვიღაცის დავიწყება გახსენებაზე ბევრად რთულია.

– ახალი თაობის რეჟისორებთან თუ გაქვს ურთიერთობა?

– უფრო მეტს ვიურთიერთებდი მათთან… კვენტინ ტარანტინოსთან, მაგალითად. ერთხელ ვისადილეთ ერთად და ვისაუბრეთ გოდარზე, ტარანტინოს კუმირზე. მე ვუთხარი მას: ,,აი, შენ იცი, უყურებ ყველა ფილმს, მაგრამ ვერ წარმოიდგენ რა ხდებოდა, როცა გამოვიდა ,,Bande à part/აუთსაიდერების ბანდა”. რას ნიშნავდა ანა კარინასა და კლოდ ბრესორის ცეკვის ყურება. გოდარის ეს ფილმი იმ დროების ქაფიდან დაიბადა. ჟან-ლუკი წელიწადში 3-4 ფილმს ქმნიდა და ყველა მათგანის ზუსტი დათარიღებაა შესაძლებელი. შენ კი ამას ისე უყურებ, როგორც ძველ კინოს?” ეს იყო საოცარი ეპოქა…

კიდევ იცით რა ვუთხარი ტარანტინოს? ვუთხარი, რომ ჟან-ლუკი არის ბრილიანტი, რომელიც დაცურავს ჰაერში, ისე, როგორც დავიწყებული გამოსახულება ფილმიდან ,,2001 წელი: კოსმიური ოდისეა”. მას საკუთარი სინათლე აქვს, არ საჭიროებს არც მზისას და და არც სამყაროსას. ის გასცემს, მაგრამ არაფერს იღებს სანაცვლოდ… ეს კარგია, კარგი კი არაა საშინელებაც არის.

– უამრავ მსახიობთან მოგიწიათ მუშაობა. ყველაზე რთული მარლონ ბრანდო იყო?

– არა. მან დაწერა ავტობიოგრაფია, რომელშიც ჩემზეც წერდა. ამბობდა რომ ძალიან უცნაური ვარ. რომ ვაიძულე ფილმში თამაში. მაგრამ, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. მისგან ბევრი ვისწავლე.

– ანუ, ის სულაც არ იყო მონსტრი?

– არ იყო. უფრო სწორად, იყო, ვინაიდან, ყველა მსახიობი მონსტრია.

– ,,უკანასკნელი ტანგოს” გამოსვლის შემდეგ, მარლონ ბრანდო გამოტყდა, რომ იმდენად იყო დაცლილი, ფიქრობდა უფრო მარტივი საქმით გამოემუშავებინა ფული, ანუ დაეტოვებინა სამსახიობო კარიერა. თქვენ როგორ მოახერხეთ ამ აზრის გარეშე მოსვლა აქამდე?

– მე ცნობილ მსახიობებთან მიყვარს მუშაობა. სულ მაინტერესებს რის დამალვას ცდილობენ, რა არის ისეთი, რასაც არ გვაჩვენებენ. მე მათთვის ვხდები ქმარიც, ცოლიც და ფსიქოანალიტიკოსიც.

კამერას არ უყვარს ტყუილი, განსაკუთრებით დიდი მსაიობების შემთხვევაში. ბრანდო დიდი ხანი არ მითმობდა, არც მე ვთმობდი. როცა მან პირველად ნახა მთელი ფილმი, შოკირებული იყო. შედეგად, დიდი ხანი კომუნიკაცია არ გვქონდა. ის ფიქრობდა, რომ მე მას რაღაც მოვპარე. მოვპარე მხატვრული გაგებით, რა თქმა უნდა.

– ამბობთ, რომ დიდ მსახიობებთან გიყვართ მუშაობა. ,,მეოცნებენში” კი ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეობენ. საერთოდ, როგორ არჩევთ მსახიობებს?

– პროფესიონალებთან მუშაობა მიყვარს, მაგრამ ჩემი მასწავლებლის, პაზოლინის მსგავსად, მირჩევნია ,,სახეები ქუჩიდან”…

თარგმნა ანუკა ღონღაძემ

კომენტარები

კომენტარი