ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი

ენდი უორჰოლი: ,,ჟან-ლუკ გოდარი საშინელებაა”

ენდი უორჰოლი – ,,პოპ-არტის მეფე”, ყველასთვის ცნობილი ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი და მწერალია. იყო ამერიკული კინო-ანდერგრაუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მოღვაწეობდა როგორც გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობი.

ენდი უორჰოლი ითვლება 60-იანი წლების ნიუ-იორკის ავანგარდული და ბოჰემური ცხოვრების „ტონის მიმცემად”. მისი სტუდია „Factory“ ნიუ-იორკის ბომონდის თავშეყრის ადგილი და 70-იანი წლების ცხოვრების სტილის განსახიერება გახდა.

თავდაპირველად, როცა მხატვრის კარიერა დაიწყო, მის ნახატებს ვერავინ იგებდა, ბევრი დასცინოდა კიდეც მის მიერ გაფორმებულ ,,კემპბელის” სუპის ქილების შეფუთვას, საპონი ,,ბრილოს” ეტიკეტებს. თუმცა, ცოტა ხანში ენდი უორჰოლი გახდა თანამედროვეობის ყველაზე გაყიდვადი და პოპულარი მხატვარი. მისი ნამუშევრების ფასი აუქციონებზე მილიონობით დოლარს აღწევს.

უორჰოლი ჟურნალ Interview-ის შემქმნელია, თუმცა თავად ვერ იტანდა ინტერვიუებს. ხშირად, მხოლოდ ჟურნალისტები საუბრობდნენ, ის კი ,,კის” ,,არას” და ,,არ ვიცის” პასუხობდა.

,,ხანდახან ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემი სიტყვები ჩემგან კი არ გადის, სადღაც, ჩემი მიღმიერიდან. ინტერვიუერმა რომ მითხრას ის სიტყვები, რისი მოსმენაც ჩემგან უნდა, მე მათ გავიმეორებდი – ასე ძალიან კარგი იქნებოდა. მე ისეთი ცარიელი ვარ, რომ თავში ის სიტყვები არ მომდის, რომლებსაც ვიტყოდი” – აღნიშნა მხატვარმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

“არტნიუსი” გთავაზობთ ნაწყვეტებს ენდი უორჰოლის ინტერვიუებიდან, კინოს, სიყვარულისა და ცხოვრების შესახებ.

ჩემი ფილოსოფია ასეთია: ყოველი დღე – ახალი დღეა. მე არ მადარდებს ხელოვნება ან ცხოვრება. მე მადარდებს ომი და ბომბები, თუმცა, როგორც წესი, შენ მათზე გავლენის მოხდენა არ შეგიძლია.

ყველაზე მეტად ამერიკული კინო მიყვარს. ის ისეთი ნათელი და ნამდვილია. მომწონს, რაზეც ლაპარაკობს. ამერიკული კინო ცოტას ლაპარაკობს და სწორედ ამიტომაა მშვენიერი. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო ცოტა აქვს რაიმე საგანს სათქმელი, მით უფრო სრულყოფილია.

ერთხელ ჟურნალისტმა ჟურნალ Esquire-დან მკითხა: თქვენ რომ ირჩევდეთ თქვენი როლის შემსრულებელს, ვის დაასახელებდითო, მე ვუპასუხე ,,ედი სედჯვიკი”. ის ყველაფერს ჩემზე უკეთ აკეთებს.

ჩვენ დაკავებული ვართ არა მუშაობით, არამედ გართობით. როცა საქმე მოგწონს, ის უკვე გასართობად იქცევა.

ჩემი რჩევა მათ, ვისაც უნდა გახდეს მხატვარი: არ გახდეთ! უკეთესი იქნება ფოტოგრაფიით, ან რაიმე მსგავსით დაკავდეთ. მხატვრული სამყარო მკვდარია. მღებავად მუშაობა უკეთესია. სახლის შეღებვით უფრო ბევრს გამომუშავებ, ვიდრე მხატვრობით, საათში 10 დოლარს.

ჟან-ლუკ გოდარი საშინელებაა. ფილმი Made in U.S.A/დამზადებულია ამერიკაში – საშინელი და მოსაწყენია, ანა კარინა კი მახინჯი მეჩვენება. ფილმში მხოლოდ ერთი რამ მომეწონა, მხოლოდ ერთი მაინტერესებს: ის ისე სწრაფად იღებს ფილმებს და ინარჩუნებს ერთი და იგივე მსახიობებს, რომ მთელი მისი კინემატოგრაფია ერთი დიდი და ნამდვილი დღიური გამოვიდოდა. მხოლოდ ამით მომწონს მისი ფილმები, მაგრამ  Made in U.S.A მაინც მოსაწყენია.  Alphaville/ალფავილიც საშინელებაა. Masculin Féminin/მამრობითი მდედრობითი მართლა მომეწონა. არ მინდოდა მომწონებოდა, მაგრამ მომეწონა.

ფილმის გადაღება უფრო ადვილია, ვიდრე ,,კემპბელის” სუპის ქილების შეფუთვაზე ხელის მოწერა. უბრალოდ რთავ კამერას და მორჩა და თუ კომერციულ ფილმზე ვისაუბრებთ, უფრო ადვილია. შენ მაგივრად, ყველაფერს სხვები აკეთებენ, სერიოზულად. კინოოპერატორი – აი, ვინ იღებს რეალურად ფილმს.

კინო ახალი რომანია. ახლა აღარავინ იწყებს წიგნების კითხვას. ფილმის ყურება ბევრად ადვილია და შესანიშნავია, რომ ნორმან მეილერისა და სიუზენ ზონტაგის მსგავსი ადამიანებიც იღებენ ფილმებს. ახალგაზრდებს ახლა უკვე შეუძლიათ არაფერი იკითხონ. მათ შეუძლიათ უყურონ კინოს ან, სულაც, გადაიღონ.

სიუჟეტი არაფერს ნიშნავს. როცა უყურებ ფილმს, მაგალითად, ორი ადამიანის საუბარზე, ის არ მოგბეზრდება და შეგიძლია ბევრჯერ უყურო. რაღაც შეიძლება გამოგრჩეს და როცა ახლიდან ფოკუსირდები ფილმზე, ყოველ ჯერზე ახალ რამეს შეამჩნევ. ფილმს, კი რომელსაც სიუჟეტი აქვს, მეორედ ვერ უყურებ, იმიტომ რომ, უკვე იცი, რით დამთავრდება.

ცხოვრება ისეთი მტკივნეულია. მექანიკურები რომ ვიყოთ, ნაკლებ ტკივილს განვიცდიდით. კარგი იქნებოდა ისე ვყოფილიყავით დაპროგრამებულნი, რომ ყველაფერი გამოგვდიოდეს. ყველაფერს ეფექტურად და სიხარულით ვაკეთებდეთ.

ადამიანები გლამურულები არიან, მხოლოდ მაშინ, თუ კი მათ ვერ ხედავ. დიდი ხნის წინ, კინომ ადამიანებს მისცა გლამური. ეკრანზე გამოჩენილ ადამიანებს აქვთ რაღაც ისეთი, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის. და როცა მათ საკუთარი თვალით ნახავ, სულ სხვანაირები გეჩვენებიან, სხვანაირები არიან. ყველა ილუზია გიქრება. მე პირადად არ ვიცნობ გრეტა გარბოს. ერთხელ შემხვდა ქუჩაში, მის უკან მივდიოდი წვიმაში. ასე გაცილებით საინტერესო და ამაღელვებელი იყო…

სექსი რთული საქმეა. ალბათ მათ, ვინც სექსინდუსტრიაში მოღვაწეობს, სექსი მოსწონთ. ისინი ამას ოსტატურად აკეთებენ.

სიყვარულის არ მჯერა, მჯერა სიმპათიის. სიმპათიაა ეს არის ფიქრი რაიმეზე.

ნიუ-იორკი მსოფლიოში საუკეთესო ადგილია. ხშირად მიწევს მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  და მოუთმენლად ველი ხოლმე ნიუ-იორკში დაბრუნებას. ის არ ჰგავს მსოფლიოს არც ერთ სხვა ადგილს. ნიუ-უორკი, მგონი, ცალკე ქვეყანაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი