კულტურა

იური მეჩითოვი: “9 აპრილი შოუ იყო, ისინი განზრახ არავის დაუხოცავს”

ორი დღის წინ Al Jazeera-ს ეთერში გავიდა გადაცემა, რომელიც საქართველოში საბჭოთა არქიტექტურის კვალს დაეთმო.

გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი საბჭოთა წარსულსა და 9 აპრილის მოვლენებზე საუბრობს.

მისმა მოსაზრებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და მალევე გავრცელდა სოცმედიასა და ფეისბუქზე.

იურის თქმით, 9 აპრილი კრიმინალური აქტი იყო და მონაწილეები იქ ძალით არ მოუკლავთ.

“აქციის მონაწილეები 13-დან 25 წლამდე იყვნენ, ძირითადად. მხოლოდ ახალგაზრდები. მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის დაუხოცავს.

რა გაქვთ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო არ ვიცი. ხალხი ისეთი ბედნიერი იყო. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.

რა გაქვთ რუსეთის საწინააღმდეგო? 200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები.” -განაცხადა მან.

თავად იური მეჩითოვი ამ განცხადების შინაარსს ადასტურებს და აცხადებს, რომ 9 აპრილის დროს ნიჩბების ჩარტყმით არავინ გარდაცვლილა და 30 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია აქციის არასწორმა დაშლამ. მისივე თქმით, საბჭოთა ჯარს, რომელმაც აქცია დაარბია, არ ჰქონდა განზრახვა, რომ ვინმე მოეკლა.

„ეს საუბარი ხდებოდა ინგლისურად და მე ზუსტად ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, გარდაცვლილია ჯერ ერთი. თუ არ არის პირდაპირ მოკლული. მოკლული როცა არის, მაშინაც გარდაცვლილია. მე ვაღიარებ, ვაღიარებ კი არა ეს ტრაგედია ჩემს თვალ წინ მოხდა და ჩემს სურათებშია ის საწყალი დაღუპულები. ეს ხალხი დაიღუპა ასფიქსიით. არის ასეთი მეცნიერული ტერმინი, როცა ჰაერის უკმარისობაა. რომელიც გამოწვეული იყო, ჯერ ერთი, რომ ერთი მეორეს გადაუარა ხალხმა და მეორე, რა თქმა უნდა, იმ გაზის გამოყენებით. ეს ხალხი წამოვიდა არა მოსაკლავად ამათი, ამას მე ვამტკიცებ, მოვლა არავის არ უნდოდა. ვიღაცას თუ უნდოდა, ხალხი მომკვდარიყო, ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ ეს მომკვდარი ეს ხალხი საჭირო იყო, როგორც ბერკეტი პოლიტიკური იარაღად გამოსაყენებელი და ყველაგან იყო გამოყენებული მერე. ამ სიკვდილზე არის პასუხისმგებელი ძალიან ბევრი ადამიანი. პასუხისმგებელია ჩვენი ხელისუფლება, იმ დროინდელი საქართველოს ხელისუფლება. იმ დროინდელი საბჭოთა კავშირის ხელისუფლება. რუსეთი მაშინ არაფერს არ წარმოადგენდა. მაშინ რუსეთი არ იყო საერთოდ რუკაზე. იყო საბჭოთა კავშირის ხელისუფლება და იყო ირიბად უკვე ჩვენი, ჩემი გაგებით, ჩვენი ულტრანაციონალები თუ რაც ერქვათ მათ, ეროვნულ-გამათავისუფლებელიმოძრაობის ლიდერები, რომლებმაც მე მგონი ითამაშეს ის როლი, რომ გარკვეულწილად… ეს არის კონსპირაციები, მე არ მაქვს დოკუმენტები ხელში, მე მგონი, რომ მათ აწყობდათ ეს შედეგი იმიტომ, რომ დაიწყო გამწვავება. ისმის სიმღერა “შავლეგო”, ისმის რაღაცა და ისმის” მამაო ჩვენო”, ერეკლე წერეთლის თამადობით და იწყება ეს უბედურება. ანუ, რა ვიცი, მე მგონი, წილი პასუხისმგებლობა ყველას აქვს ამ შემთხვევაში,“ – ამბობს იური.

 

კომენტარები

კომენტარი