კულტურა

SOVLAB: თბილისის მერია ორ ქუჩაზე საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალს არ გვათავსებინებს

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის განცხადებით, თბილისის მერიამ მათ არ მისცა უფლება ნიკოლაძისა და დიღომბარის ქუჩებზე მდგარ ორ სახლზე გაეკეთებინათ „უკანასკნელი მისამართის“ მემორიალური დაფა.

დაფების განთვსებაზე უარყოფითი პასუხი ორგანიზაციამ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განმხილველი კომისიისგან მიიღო.

SOVLAB წერს, რომ საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა სახლებზე მემორიალური დაფების განთავსება ორგანიზაციამ საერთაშორისო ინიციატივის – „უკანასკნელი მისამართის“ ფარგლებში დაიწყო. პირველი ასეთი ნიშანი 2018 წლის 5 ოქტომბერს, მელიქ-აზარიანიცის სახლის ფასადზე – კონსტანტინე ყანდარელის ხსოვნის უკვდავსაყოფად განთავსდა. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მასზე სამუშაოების ნებართვა არქიტექტურის სამსახურმა ამ მემორიალური ობიექტის განთავსების განმხილველი კომისიის გარეშე მიიღო.

ამრიგად, ორგანიზაციამ მემორიალური დაფა განათავსა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. სახლებზე კი, რომლებიც არ არიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, SOVLAB წარწერებს ვერ ანთავსებს.

საპასუხო წერილის მიხედვით, მემორიალური ობიექტის განთავსების განმხილველი კომისია SOVLAB-ს მხოლოდ ერთიანი მემორიალის განთავსების უფლებას აძლევს.

„კომისიის“ გადაწყვეტილება უფლებას გვიტოვებს დავასკვნათ, რომ – ან მას ძალზე დიდი წარმოდგენა აქვს ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალიზაციის საკითხებში საკუთარ კომპეტენციაზე (როდესაც ის მიზანშეუწონლად მიიჩნევს ხსოვნის პროექტს, რომელიც საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობს) ან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – რომ მოქალაქეებმა, უშუალოდ მათ საცხოვრებელ სივრცეში ვერ დააფიქსირონ და გაიაზრონ საბჭოთა ტერორის მასშტაბი“, – ნათქვამია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი