ლიტერატურა

რას ურჩევს მკითხველს გამომცემლობა “არტანუჯი” თბილისის წიგნის დღეების ფესტივალისთვის?

8-11 ნოემბერს, 10:00–18:00–მდე ექსპოჯორჯიაში “თბილისის წიგნის დღეები 2018” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თარგმანები, ბესტსელერები, საბავშვო ლიტერატურა, ქართველი მწერლები. აგრეთვე, მოეწყობა შეხვედრები და გაიმართება პრეზენტაციები.

გამომცემლობათა შორის არის “არტანუჯი” რომელმაც “არტნიუსთან” საუბრისას დაასახელა 5 წიგნი, რომელიც მკითხველმა უნდა შეიძინოს:

ხალიდ ჰოსეინი – ზღვას ვევედრები

No automatic alt text available.

მთვარით განათებულ სანაპიროზე მამას ვაჟიშვილი კალთაში უზის და არწევს, გათენებას ელოდება. დილას ნაპირს ნავი მოადგება. მამა ბიჭს სირიაში, ბაბუის სახლში გატარებულ ზაფხულის გრძელ ღამეებს ახსენებს, ნიავით აფორიაქებულ ზეთისხილის ხეებს, ბებიას კიკინა თხებს, ჯამ-ჭურჭლის ჩხაკუნს, ხმაურიან ქალაქ ჰომსს, ხალხით სავსე ვიწრო ქუჩებს, მეჩეთს, დიდ ბაზარს და იმ დღეებს, როცა ჰომსის ქუჩებში სეირნობდნენ, სანამ ციდან ჭურვების წვიმა წამოვიდოდა და იძულებული გახდებოდნენ, გაქცეულიყვნენ. მზე ამოვა, ხალხი თავს მოუყრის თავის ავლადიდებას, ნავში ჩასხდებიან და თავშესაფრის საძიებლად ზღვით სახიფათო მოგზაურობას დაიწყებენ.

ხალიდ ჰოსეინის „ზღვას ვევედრები“ სამი წლის სირიელი ლტოლვილი ბიჭუნას, ალან ქურდის, ამბავმა შთააგონა. ბიჭუნა, რომელიც ოჯახთან ერთად ცდილობდა, უსაფრთხოება ევროპაში ეპოვა, 2015 წლის 2 სექტემბერს ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო.

ალანის სიკვდილის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, კიდევ უამრავი ადამიანი ეცადა ნავებით ზღვის გადაკვეთას; მათგან 4,176 კაცი დაიღუპა ან დაიკარგა.

წიგნი ეძღვნება ომსა და ეთნიკურ დევნას გამოქცეულ ათასობით ლტოლვილს, რომლებიც ზღვამ იმსხვერპლა.

ვეფხისტყაოსანი

წიგნის მხატვარი: გიორგი ტაბლიაშვილი

კალიგრაფი: დავით მაისურაძე

გურამ წიბახაშვილი ზღვარზე

მეგობრებო, თქვენ წინაშეა დროის მანქანა. ღვედები კარგად გადაიჭირეთ, მთლად სანაქებო გზები არაა: მაშ ასე, პირველად იყო მიტინგი, სხვა რამეები მერე გაჩნდა. ეს ხომ 90-იანი წლებია – ვანდამი, ჩაკ-ნორისი, ცეცხლმოკიდებულ საბურავებზე შემომწკრივებული ბირჟავიკები, მოკოლორიტო ძველი ბიჭები, სვისტოკიანი მილიციელები და ჰალსტუხიანი ქურდები, ხელიდან წასული ყაჩაღები და ფეხიდან წამოსული ჟრუანტელ(ებ)ი, ალტერნატიული პოეზია და მთლად ალტერნატიული როკი…

პოლიტიკაც იყო. უფრო სწორად, ძირითადად, პოლიტიკა იყო. მამაჩემი მხრებზე შემისვამდა ხოლმე და მიტინგებზე დავყავდი. იყო დიდი შეძახილები, ყარაჩოხლური გამოსვლები, გაუ–მააარჯოს-ჯოს-ჯოს-ები, „გული გაიმაგრე, დავით“-ები და რაც მთავარია, გადაბმული, მონოტონური, ეგზალტაციური – ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი!

პოლიტიკის პაუზებს შორის ვცხოვრობდით კიდეც. თავისებურად, რასაკვირველია.

მერე ტელევიზიები? თუმცა, არ ვარ დარწმუნებული მრავლ­ბითში უნდა ვიხმარო ეს სიტყვა თუ არა? ყოველ შემთხვევაში, მედიაპლურალიზმს რომ არ მიჰქონდა ქვეყანა, ეგ კარგად მახსოვს. უღმერთოდ ძერსკი კარატისტები (ვანდამი, ჩაკ-ნორისი, ბრუს ლიც ალაგ-ალაგ) მთელ უბანს ან კვარტალს ცემაში სულს ამოხდიდნენ და ბოლოს შეყვარებულთან ერთად საფირმო „ჰიააა“-ს ძახილით ხელსაც დაგვიქნევდნენ ეკრანებიდან.

ვბაძავდით, გვიყვარდა… ჩაკიც, ვანიც, ბრუსიც და, თუ გაჭირ­დებოდა, დოლფ ლუნდგრენიც გვიყვარდა. იმ დროს სხვა ვინ უნდა გყვარებოდა! ტელევიზორში ან ეგენი იყვნენ ან მარკ რივკინი. ხოდა, გვიყვარდა ეგენი და არა რივკინი. ბოდიში, მარკ!

სინამდვილეში, როცა 90-იანებს ვიხსენებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს თარიღი კი არა, სიმბოლოა, პირობითი ნიშანი, რომლითაც დროს კი არა, მდგომარეობას აღვნიშნავთ. უფრო ზუსტად, არასტაბილურად გარდამავალ მდგომარეობას.

ამიტომაც, ჩემი გადმოსახედიდან, 90-იანი წლები დაიწყო 80-იან წლებში, ქრონოლოგიურად და ონტოლოგიურად გადაიკვეთა 90-იანებში და დასრულდა 2000 წელს.

თუმცა, სანდო ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ ვინც 90-იანები გამოიარა, იმათთვის ეგ დრო არ სრულდება. შევყევი. თუმცა, სხვანაირად არც გამოვიდოდა. გურამ წიბახაშვილის ეს ფოტოთრილერი „ზღვარზე“ ნამდვილი დროის მანქანაა, ბრუტალური 90-იანების სასტიკი გიდი.

ერთი 90-იანებამდელი მწერალი კი ამბობს, „არავინ იცის იმაზე მეტი, რის პოვნაც საჯარო ბიბლიოთეკის თაროებზე არ შეიძლებაო“, მაგრამ მწერლებს ნუ ენდობით. გურამ წიბახაშვილის ობიექტივმა იცის იმაზე მეტი, რასაც ვერც ერთ საჯარო ბიბლიოთეკაში ვერ ნახავთ. ყოველ შემთხვევაში, 90-იანი წლების შესახებ ნამდვილად იცის, უეჭველად.

პაატა შამუგია

წიბახასეული ხედვა მავანი ხვლიკისას ჰგავს – პერიფერიულია. ზოგიერთი სურათი იმგვარია, თითქოს შეტრიალებული თვალითაა დანახული – სიპ ქვაზე განაბული ხვლიკის თვალით… ეს ხვლიკი სასაფლაოზე ცხოვრობს. ჯოისის რომანში სასაფლაოს ანუ „ჰადესის“ ეპიზოდის განწყობილება თითქოსდა მთელს ფოტო-სერიას გასდევს. ამ სურათებში ყოველივეს სიკვდილის ნიღაბი ადევს. ურბანისტულ გარემოში კი სიკვდილს თავისებური მოქალაქეობა აქვს: აქ იგი აღარ გვევლინება სიცოცხლის განახლების ეტაპად, როგორც რომ სამიწათმოქმედო თუ სამონადირეო კულტურებში. სიკვდილი ქალაქში უპირველესად თავისთავადი და უპირობო ფენომენია, რომელიც ყველას ერთნაირად ითრევს თავის როკვაში – ამ როკვას ფარანდოლა ერქმის. წიბახაც სწორედ ფოტო-ფარანდოლას ქმნის… სახეთა ნაკადი სახეთა წარმავლობაზე მეტყველებს, მეტიც – თავად ეს ინდივიდუალური სახენი მეტყველებენ თავიანთ წარმავლობაზე.

ალი ლოლუა – „13 წელიწადი კოლხურ კოშკში“

Image may contain: 6 people, people smiling

ზვიად გამსახურდია იგონებდა, რომ სახლში, სადაც აღვიზარდე, მე გავიარე ქვეყნის მსახურების ნამდვილი აკადემიაო. ცხადია, იგი გულისხმობდა კონსტანტინე გამსახურდიას და მის იმ მეგობრებს – მწერლებს, მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც მასთან სტუმრობდნენ ხოლმე. ეს ხდებოდა მწერლის სახლში, რომელიც 1947 წლიდან 1958 წლამდე შენდებოდა და „მთვარის მოტაცების“ ავტორმა იმპოზანტური სახელი „კოლხური კოშკი“ უწოდა. ეს არც თუ დიდი ფართობის მქონე სახლი ზემო ვერაზე საშუალო ზომის ბაღთან ერთად არ ყოფილა მხოლოდ გარკვეული არქიტექტურული გეგმით ერთმანეთზე დალაგებული აგურები, არამედ კულტურული სივრცე, სადაც ცხოვრობდა მწერალი თავის შინაგან ემიგრაციაში.

„კოლხური კოშკი“ იყო ადგილი, სადაც კონსტანტინე გამსახურდიამ თითქოს დაასახლა საქართველოს ის ისტორია, რომელსაც 1921-1924 წლების ოკუპაციამ და რეპრესიებმა არ მისცეს საშუალება შემდგარიყო. სწორედ აქ ჩამოყალიბდნენ მოქალაქეებად და მებრძოლებად ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. დალი ლოლუა, ზვიად გამსახურდიას პირველი მეუღლე 1960-1973 წლებში, ცოცხლად და უშუალოდ მოგვითხრობს სწორედ ამ პერიოდზე, რის შესახებაც დღესდღეობით ან არაფერია ცნობილი, ანდა მხოლოდ მითოლოგიზებული, სქემატური ლეგენდები ვრცელდება.“ (კონსტანტინე ზ. გამსახურდიას ბოლოსიტყვაობიდან) ტაო-კლარჯეთი – ისტორიისა და კულტურის ძეგლების კატალოგი.

ტაო-კლარჯეთი – ისტორიისა და კულტურის ძეგლების კატალოგი

წიგნში შესულია ამ კუთხის ისტორიისა და კულტურის ძეგლების კატალოგი, ტაო-კლარჯეთთან დაკავშირებული როგორც ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების კატალოგი, ისე ისტორიული პირების ენციკლოპედიური ლექსიკონი. ისტორიული პუნქტების, თანამედროვე ადმინისტრაციული ერთეულების შესახებ ცნობები კი ანბანურად ძველი და თანამედროვე სახელების მიხედვითაა მოცემული.

ისტორიულ ძეგლთა კატალოგის სტრუქტურა ასეთია: მონასტრები, ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები. მონაცემები წარმოდგენილია ისტორიული პროვინციების – სპერი, ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, აჭარა (მაჭახლის ხეობა), ლაზეთი („ზღვისპირი“), კოლა, არტაანი, ერუშეთი, ჩრდილი, ჯავახეთი (ზემო ჯავახეთი), სამცხე (ფოცხოვის ხეობა)  – მიხედვით.

 

კომენტარები

კომენტარი