ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

რას ურჩევს მკითხველს გამომცემლობა “ინტელექტი” თბილისის წიგნის დღეებისთვის?

8-11 ნოემბერს, 10:00–18:00–მდე ექსპოჯორჯიაში “თბილისის წიგნის დღეები 2018” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თარგმანები, ბესტსელერები, საბავშვო ლიტერატურა, ქართველი მწერლები. აგრეთვე, მოეწყობა შეხვედრები და გაიმართება პრეზენტაციები.

გამომცემლობათა შორის არის “ინტელექტიც”, რომელმაც “არტნიუსთან” საუბრისას დაასახელა 5 წიგნი, რომელიც მკითხველმა უნდა შეიძინოს:

ნიკა ლაშხია – დონორი

უპირველესი, რაც ნიკა ლაშხიას ლექსებში ძალიან მომწონს, არის ის, რომ იგი ჯიუტად ცდილობს, გათავისუფლდეს ზედმეტი სიტყვებისაგან. სათქმელი ისე გამომარგლოს, ისე მოაცილოს ყოველგვარი სარეველა, რომ ფრაზაში მხოლოდ აუცილებელი სიტყვები დარჩეს და ამით თითოეული სტრიქონი შორიდანვე გამოკვეთილ ყვავილებისა თუ მცენარეების კვლებს ან დამარმაშებული ვენახის შარებს დაამსგავსოს. აქედან მოდის ნიკა ლაშხიას სწრაფვაც მინიმალიზმისა და მისი პოეტური ფორმებისაკენ. ის ხშირად ახერხებს რამდენიმე ფრაზაში ჩაწნეხოს იმხელა განცდილი თუ ნაფიქრალი, რის ამოთქმასაც ზოგჯერ ბელეტრისტიკის ეპიკური ფორმებიც ვერ აუდის.

განსაცდელს და საფიქრალს კი ჩვენი არეული ყოფა იმდენს გვთავაზობს, ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ეყოფა. ნიკა ლაშხიას პირველი პოეტური კრებული მარწმუნებს, რომ მისი სიცოცხლე პოეზიის სამსახურისათვის არის მოწოდებული. ის სრულიად თანამედროვე ენით, ხერხებითა და საშუალებებით ახმოვანებს მარადისობას.

ამიტომაც ცხოვრობს აქ, მაგრამ იკვებება მარადისობით. ამიტომაც მგონია მისი კრებული – „დონორი“ – ახალი სისხლი ქართული პოეზიისათვის“ – გიორგი ლობჟანიძის წინასიტყვაობიდან.

ვენედიქტ ეროფეევი – მოსკოვი–პეტუშკი

რუსულიდან თარგმნა დავით ცინცაძემ

„მოსკოვი-პეტუშკი“, შეიძლება ითქვას, ავტორის ერთადერთი ნაწარმოებია, რომელმაც ვენედიქტ ეროფეევი მეოცე საუკუნის რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ აქცია და მას, ევროპელი მკითხველისა და ლიტერატორების აზრით, გოგოლისა და ჩეხოვის გვერდით მიუჩინა ადგილი. ერთი რამ აშკარაა – საბჭოთა, უფრო კი რუსი ადამიანის ცხოვრების ბლუზს ასე მკაფიოდ სხვა ვერც ერთ წიგნში ვერ შეიგრძნობთ. მთელი თავისი ჟარგონებით, კალკებით, სახარებისეული ალუზიებითა და ფინალით (რომელიც დღესაც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იწვევს ლიტერატურისმცოდნეებში), მატარებელის ბორბლების რიტმში მოგყვება ეს ბლუზი – მოსკოვიდან პეტუშკიმდე, და მის შემდეგაც.

„მოსკოვი-პეტუშკი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა და 80-იანი წლების ბოლომდე არ გამოცემულა რუსეთში. საბჭოთა სისტემისა და ზოგადად რუსული ყოფის სარკასტულად, იმ დროისათვის ზედმეტად მძაფრ, გროტესკულ ფერებში დახატვისა და ტექსტში ბიბლიური მოტივების უხვად გამოყენების გამო საბჭოთა ცენზურამ წიგნი აკრძალა. რომანი პირველად ისრაელში, 1973 წელს, ხოლო შემდგომ პარიზში, 1977 წელს გამოიცა.

დათო გორგილაძე – ღმერთი სამსახურშია

დათო გორგილაძის მოთხრობების ყველა პერსონაჟი ხელშესახები და ნამდვილია – უწყინარ გლობალურ ფორუმზე მივლინებისას სკანდალებში გახვეული ტატო, ყოფილი მასწავლებელი და ციხიდან ახალგამოსული იზა, რომელიც მოულოდნელად მილანში ჩარჩენილ თავის ყოფილ მოსწავლეს გადააწყდება; სავალდებულო სამხედრო გაწვევას გამოქცეული და „ზღაპრულ მძღნერში“ აღმოჩენილი გევორქა და თბილისის ქუჩებში უჩვეულო ამპლუით განკაცებული ღმერთი.

როგორც ფილმის საწყის ტიტრებში მიანიშნებენ ხოლმე – წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ავტორის ბრწყინვალე წარმოსახვის, ოსტატური თხრობისა და იუმორის წყალობით ეს რეალური ამბები ჩამთრევ თრილერად იქცევა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ კინოსეანსზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ წაიკითხოთ.

დროსაც რომ თავი გავანებოთ, დათო გორგილაძის მოთხრობების კრებულში მთავარი ალბათ ისაა, რაზეც ერთგული ტაქსის მძღოლი ეპატიჟება ნაბახუსევ მგზავრს დილაუთენია: „ორი სავსე კათხა, ხუთი პატარა თევზი და ორი შავი პური“, და იქვე დააზუსტებს მენიუს: „თუ არ გვეყოფა, გავაბევრებთ.

ირაკლი კაკაბაძე – გამოსვლის წიგნი 

ირაკლი კაკაბაძის ახალი წიგნი აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომის სრულიად განსხვავებული მხრიდან დანახვის მცდელობაა.

წიგნის მთხრობელი თერთმეტი წლის მოზარდია, რომელიც ბებია-ბაბუასთან დაბა განთიადში იზრდება. დრამატული და ტრაგიკული ამბების უწყვეტ სერიას სწორედ ის გვიყვება, მაგრამ რომანში არც ერთგან არ ისმის მისი ხმა – იგი მხოლოდ დამკვირვებელია და სხვათა ნათქვამის გამტარი/გამხმოვანებელი.

ომი რომ ყველა ოჯახში შეიჭრება, ბებია და ბაბუა გადაწყვეტენ, შვილიშვილი როგორმე კონფლიქტის ზონას მოაცილონ და სამშვიდობოს გაიყვანონ. მათი ჩანაფიქრის განხორციელება დღითი დღე უფრო და უფრო რთული ხდება…

ჯემალ ქირია – მარადი მხედარი

Image may contain: text

მგელზე ამხედრებული დემონი ბედიების ოჯახის ბედისწერად ჯერ კიდევ იმ დროს იქცა, როცა ადამიანებს ზღაპრებისა მეტ-ნაკლებად კიდევ სჯეროდათ. თუმცა, ამ გვარის თავს დატრიალებული ყველა უბედურება და განსაცდელი ზღაპარზე მეტიცაა – ის მათ რეალობას ზუსტად იმ ელემენტარული კანონებით ანგრევს, რითაც სხვები, პირიქით, აშენებენ ცხოვრებას.

ჯემალ ქირიას რომანი „მარადი მხედარი” გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწერა, ანუ იმ დროს, როცა ფენტეზის ჟანრი არც მწერლებს და არც მკითხველებს შორის პოპულარობით არ გამოირჩეოდა. რომანი კი სწორედ ამ ჟანრს ეკუთვნის და ერთმანეთს ორი სივრცე – მწერლის თანადროული, მე-20 საუკუნე და მეგრული მითოსი უპირისპირდება.. 

 

კომენტარები

კომენტარი