შემოქმედებითი ინდუსტრიები

დეტალები “თბილისი ბაროკოს ფესტივალის” შესახებ

რიგით მეოთხე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალის ფარგლებში, კონცერტებთან ერთად, დაგეგმილია სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლექციები.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე ნინო კილოსანიძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი, ფესტივალის დირექტორი კონსტანტინე კასრაძე და გ.ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე უძღვებოდნენ.

„პირველად საქართველოში, 1, 2 და 3 დეკემბერს, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ დახურვაზე, „საქართველოს სინფონიეტა“ და თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული გ. ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ სამეფო უბნის თეატრში წარმოადგენს ექსპერიმენტულ ქორეოგრაფიულ დადგმას „ფოლია“. ეს ის უნიკალური შემთხვევა იქნება, როცა ქართულ სცენაზე პირველად განხორციელდება ადრეული მუსიკის ავთენტური შესრულებისა და ბალეტის თანამედროვე ქორეოგრაფიის სინთეზი“, – განაცხადა ირაკლი გვილავამ.

მიმდინარე წელს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ საიუბილეო 10 წლისთავს აღნიშნავს. ფესტივალი 9 ნოემბერს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, სწორედ „საქართველოს სინფონიეტას“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნება; პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი „სინფონიეტა 10“ (რეჟისორი – ნინო ახვლედიანი), ხოლო მეორე განყოფილებაში “ძველებური ცეკვები” შესრულდება და მსმენელი ბაროკოს ეპოქის სამეფო კარის მეჯლისზე იმოგზაურებს.

ფესტივალის ფარგლებში, 16 ნოემბერს, გერმანული მუსიკის კონცერტი გაიმართება; 19 ნოემბერს კი, გერმანელი დირიჟორი და მევიოლინე ქრისტოფ მაიერი იტალიური და ინგლისური ბაროკოს მუსიკით წარდგება მსმენელის წინაშე; 20 ნოემბერს, 19:00-ზე, „სინფონიეტა სთეიჯიზე“ (სანაპიროს ქ. N4, შენობა 2, სართული 8) შედგება თეა მუქერიას საჯარო ლექცია „მოცარტის რეკვიემის საიდუმლოება“ (დასწრება თავისუფალია); 22 ნოემბერს, ფესტივალი იტალიურ ანსამბლ ZEFIRO-ს (“ძეფირო“) უმასპინძლებს (დამფუძნებელი და I ჰობოი ალფრედო ბერნარდინი). აღსანიშნავია, რომ 19 და 22 ნოემბერს 19:00-ზე, კონცერტების დაწყებამდე, დავით გიგინეიშვილი თეატრის ჰოლში თემატურ ლექცია-შესავალსაც გამართავს;

25 ნოემბერს, ვ.ა.მოცარტის „რეკვიემი“ ავთენტური საკრავებითა და უძველესი ინსტრუმენტით – პოზიტივ ორგანით აჟღერდება. ასრულებენ: თბილისის გუნდი „ბაროკო“, „საქართველოს სინფონიეტა“ და მათთან ერთად ორკესტრის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნებიან ანსამბლ ZEFIRO-ს მუსიკოსები, სოლისტები – მარიამ კუბლაშვილი(სოპრანო), ნუცა ზაქაიძე(მეცო სოპრანო), გიორგი დავითაძე(ტენორი), გივი გიგინეიშვილი(ბანი).

ფესტივალში აგრეთვე მონაწილეობენ: მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი), ანნა ქურდოვანიძე (კლავესინი / პოზიტივ ორგანი), ალექსანდრე ვასაძე (კლავესინი / პოზიტივ ორგანი), ეტიენ გალეტიე(თეორბო / ბაროკოს გიტარა, საფრანგეთი), ფრანჩესკო ოლივერო(თეორბო / ბაროკოს გიტარა, იტალია), გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი), კახი ჩარგეიშვილი(სალამური), მერაბ სანოძე(დასარტყამი ინსტრუმენტები).

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 2015 წელს, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა – „საქართველოს სინფონიეტამ“ დააარსა. ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მისი სტუმრები სხვადასხვა დროს ბაროკოს ეპოქის მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები იყვნენ, ისეთები, როგორებიც არიან: იორდი სავალი, სერჯიო აზოლინი, ქრისტინე ბუში, ჟან რონდო, დავიდე ამადიო, ორკესტრი „ძველი მუსიკის აკადემია“ და სხვა.

ფესტივალის პარტნიორები: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გერმანიისა და იტალიის საელჩოები საქართველოში.
ფესტივალი პროექტ “Check in Georgia”-ს მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი