კულტურა

მიხეილ ბატიაშვილი: „ეკონომიკური განვითარება ძლიერი, მოდერნიზებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნით არის შესაძლებელი“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეტ რუდთან და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან ერთად ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ,,ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კონფერენციაზე, რომელიც პროფესიული განათლების კვირეულის ნაწილს წარმოადგენს და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ხორციელდება, მინისტრმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების კვირეული ის პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავიზიაროთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და მიღწევები პროფესიულ განათლებაში, გავიცნოთ არსებული სიახლეები, ახალი პროგრამები, და ასევე, შევაფასოთ ამ მიმართულებით  შესრულებული სამუშაო.

მინისტრის თქმით, თავად კონფერენციის თემა – „ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“ – საუკეთესოდ ასახავს საქართველოს მთვარობის ხედვას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, რადგან საქართველოს მთავრობა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკური განვითარება ძლიერი, მოდერნიზებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნითა არის შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ აუცილებელია ინოვაციური მიდგომა, თუ როგორ გაიზარდოს დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა პროფესიულ განათლებაში, რა გზებით მოხდეს  საჯარო და კერძო პარტნიორობის წახალისება და ზოგადად, როგორ შევუწყოთ ხელი როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შექმნაში. 

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში საზოგადოება იმ ახალ პროგრამებს გაეცნობა, რომელიც საქართველოს მთავრობის, ბიზნესის და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.  ეს პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად დაიგეგმა და მათი არსებობა საქართველოში წინგადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა მინისტრმა და ხაზი გაუსვა ამერიკელი პარტნიორების თანადგომას, რომლებიც საქართველოში ხედავენ იმ პოტენციალს და რესურსს, რომელიც ქვეყანას წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგებში ჩააყენებს. 

გამოსვლის დასასრულს მინისტრმა წარმატება უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრს, რომლებიც კვირეულზე ღია კარის დღეების ფორმატში მათ მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს წარადგენენ. მან წარმატება უსურვა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის მონაწილეებს და წინასწარ მიულოცა ფინალისტებს, რომელთა გამოვლენა და დაჯილდოება 9 ნოემბერს, კვირეულის დამაგვირგვინებელ ღონისძიებაზე მოხდება.

კომენტარები

კომენტარი