ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

რას ურჩევს მკითხველს “ელფის” გამომცელობა წიგნის დღეების ფესტივალისთვის?

8-11 ნოემბერს, 10:00–18:00–მდე ექსპოჯორჯიაში “თბილისის წიგნის დღეები 2018” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თარგმანები, ბესტსელერები, საბავშვო ლიტერატურა, ქართველი მწერლები. აგრეთვე, მოეწყობა შეხვედრები და გაიმართება პრეზენტაციები.

გამომცემლობათა შორის არის “ელფის” გამომცემლობა, რომელმაც “არტნიუსთან” საუბრისას დაასახელა 5 წიგნი, რომელიც მკითხველმა უნდა შეიძინოს:

ფიოდორ დოსტოევსკი – მკვდარი სახლის ჩანაწერები

ბორკილდადებული, შალის უხეში ტანსაცმლით შემოსილი, ნახევრად თავგადაპარსული ფიოდორ დოსტოევსკი 1849 წელს ბადრაგს ჩააბარეს, ციმბირის გრძელ გზას გაუყენეს და ომსკის საპყრობილეში მიიყვანეს, საიდანაც ოთხი წლის შემდეგ გათავისუფლებულმა მწერალმა ციხეში ნანახს, განცდილსა და გადატანილს ერთად მოუყარა თავი და ,,მკვდარი სახლის ჩანაწერებად’’ აკინძა. ის სისხლის სამართლის დამნაშავის, ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვის პირით პატიმრების ყოველდღიური ცხოვრების ისტორიებს შეულამაზებლად, უბრალოდ, გულწრფელად და გულისტკივილით გადმოგვცემს. რომანის მთავარ გმირს საპყრობილეში სასტიკი რეჟიმი, ყოველდღიური დამცირება და ბორკილების თრევა უფრო ტანჯავს, ვიდრე აფრთხობს. ის ისეთ ადამიანებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ამქვეყნად ტკივილისა და ტანჯვის მეტი თითქმის არაფერი უნახავთ. ალექსანდრ პეტროვიჩს მათთან ურთიერთობა არ ეთაკილება, პირიქით, მედიდურობას სამარცხვინო თვისებად თვლის და ყოველგვარ უკადრისობას უარყოფს. პატიმრები კი მას ხშირად დასცინიან, რადგან ის თავმდაბალი, ზრდილობიანი და კეთილსინდისიერია. უდიდესი ტანჯვის მიუხედავად, ალექსანდრ პეტროვიჩი ბედის უკუღმართობაზე არ ჩივის. საპყრობილეში მან იგრძნო, რომ სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძალით გახვევენ თავს. რა ხდებოდა და როგორი გარემო იყო მაშინდელი რუსეთის ციხეში, სადაც რუსი პატიმრების გარდა უცხოელებიც, მათ შორის კავკასიელებიც, მრავლად იყვნენ? რატომ აპატიმრებდნენ მაშინ კავკასიელებსა და რუსებს? როგორი ურთიერთდამოკიდებულება ჰქონდათ პატიმრებს ერთმანეთთან? როგორი იყო კატორღული შრომა? ვინ იყო ჯალათი და ვინ მსხვერპლი? ეს არის კითხვები, რომელთა რეალურ პასუხებსაც ამ რომანში ამოიკითხავთ.

ანდრე ჟიდი – ცოლთა სკოლა (სერია ‘მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები’)

ამბობენ, რომ სიყვარული ქრება, მაგრამ ქმრები რჩებიან. ცოლქმრული თანაცხოვრების მანძილზე ამ ნათელი გრძნობის ადგილას ჩნდება პატივისცემა და ურთიერთგაგება, ეულად ცხოვრების შიში, ერთად დაგროვილი ქონება… ზოგჯერ ეს ერთგვარი ნებაყოფლობითი მონობის ხასიათს ატარებს. არ გჯერათ? მაშინ დაკვირვებით წაიკითხეთ „ცოლთა სკოლა“. ეს არის ერთი ოჯახის სამი ნაწილისგან შემდგარი ისტორია, რომლის წევრებიც ერთმანეთს პატივს არ სცემენ, სადაც მუდმივი სიცარიელეა. დასაწყისში სიყვარულით დაბრმავებული ოჯახის დიასახლისი, ეველინი, ოცი წლის შემდეგ აცნობიერებს, რომ ქმარი მისი გრძნობებით უსინდისოდ მანიპულირებს და ღირსების შესანარჩუნებლად ოჯახიდან მიდის. ეს არის გულწრფელი აღსარება ქალისა, რომელიც შეუფერებელ ადამიანზე გათხოვდა.

მეორე ნაწილში „რობერი“ − ქმრის აზრებს ვეცნობით, ხოლო მესამეში − ქალიშვილისას, რომელიც სულაც არ არის შეყვარებული. რომანის წაკითხვის შემდეგ ემოცია დიდხანს გაგყვებათ. დაფიქრდებით, რაოდენ ბევრი გრძნობა იმალება ნაძალადევ პათოსში და რაოდენი პათოსი − დაფარულ გრძნობებში.

მეორე რომანის გმირი, იზაბელა რადიკალურად განსხვავდება ეველინისგან. ის თავქარიანი, ღრმად რეალისტი და ანგარიშიანია. ავტორი აქ XVIII საუკუნის კლასიკური ფრანგული პროზის ტრადიციების გამგრძელებლად გვევლინება.

ალექსანდრე დიუმა (შვილი) – ქალი კამელიებით

რომანმა ,,ქალი კამელიებით‘‘ უკვდავყო ფრანგი დრამატურგის, პოეტისა და მწერლის ალექსანდრე დიუმა შვილის სახელი. ნაწარმოები განსაკუთრებით საინტერესოა იმის გამო, რომ მასში აღწერილია ავტორის სასიყვარულო ისტორია. რასაკვირველია, რომანი იმდროინდელ ცნობილ კურტიზანთან მარი დიუპლესისთან უკვალოდ არ ჩაივლიდა. მან დიდი გავლენა მოახდინა დიუმა უმცროსის შემოქმედებაზე. ასე გაჩნდა ,,ქალი კამელიებით‘‘, რომელიც საფუძვლად დაედო ჯუზეპე ვერდის ცნობილ ოპერას ,, ტრავიატა‘‘. მე-19 საუკუნის პარიზი, უსასრულო მეჯლისები, წვეულებები, საუცხოო ქალები, წარმოსადეგი მამაკაცები… რის ნახვას ველით წიგნში, რომელიც კურტიზანის ცხოვრებაზეა? ნამდვილი და გულწრფელი სიყვარულის? ბედნიერი დასასრულის?არის კი ამ სამყაროში ნამდვილი სიყვარულის ადგილი?.. მარგარიტა გოტიე პარიზის ყველაზე ლამაზი კურტიზანია, ცხოვრობს ფუფუნებაში, აქვს უძვირფასესი კაბები, შურის აღმძვრელი სამკაულები და მის საყვარლობაზე ოცნებობს პარიზელ მამაკაცთა უმრავლესობა. ერთდროულად არის მხიარულიც და სევდიანიც, ვნებიანიც და ცივიც, მორცხვიც და თავაშვებულიც, ამაყიც და მოკრძალებულიც. ისეთ ქალებს, როგორიც მარგარიტაა არ შეუძლიათ დიდი და ნამდვილი სიყვარული, ყოველ შემთხვევაში, უმეტესობას ასე სწამს, მაგრამ არა მარგარიტას! ცხოვრებამ მას სასწორის ერთ პინაზე მდიდრული ბინა, უძვირფასესი სამკაულები, ცხენები და ეტლები დაუდო, მეორეზე კი – სიყვარული – ერთადერთი საყვარელი, რომელიც ჭეშმარიტად შეიყვარა. შეძლებს კი ელიტარული საზოგადოება კურტიზანისა და არისტოკრატის ნამდვილი სიყვარულის მიღებას? შეძლებს კი ოჯახი შეეგუოს შვილის ასეთ არჩევანს?..

მარიო ლევი – ამბავი საარაკო სიყვარულისა ( სერია თანამედროვე ‘ბესტსელერი’ )

ეს არის საკუთარი თავის შეცნობის, სანუკვარი ოცნებისა და მიუწვდომელი სატრფოს ძიების ამბავი. მთხრობელი, მო­გ­­­ზაურობს რა პერსონაჟთა შინაგან სამყაროში, ესწრაფვის იპოვოს ის – ერთადერთი. ავტორი ცდილობს გაერკვეს შინაგანი სამყაროს რთულ ლაბირინთებში და იპოვოს იდე­ა­ლური სიყვარულის რეცეპტი. ის სვამს რიტორიკულ კითხვებს და მკითხველს აიძულებს ეძებოს მათზე პასუხები: „რო­­­მელია იდეალური სიყვარული, მიუწვდომელი, მხოლ­ოდ ჩვენს წარმოსახვაში არსებული, თუ ნაზიმ ჰიქმეთის თქმის არ იყოს, იდეალური სიყვარული საერთოდ არც არსებობს? გარდა ამისა, მარიო ლევი ცდილობს უპასუხოს კით­ხვებს: გა­­­ნა ყველა ადამიანი, მხოლოდ გამარჯვების ხიბლით რისკავს? განა ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას, არ ვფიქრობთ იმაზეც, რომ უცებ შესაძლოა ფეხი დაგვიცდეს? განა ყველა ომი ტრიუმფით სრულდება? სხვათაშორის, არ არის გამორიცხული, თითოეულმა თქვენგანმა ამ რომანში საკუთარი თავი ამოიცნოს. თუმცა ამის აღიარება, საჭირო დროს და საჭირო ადგილას, თქვენთვის მომინდვია”, – წერს მწერალი.

პატრიკ მოდიანო – ცირკი მიდის ( სერია თანამედროვე ‘ბესტსელერი’ )

,,ცირკი მიდის” ნობელიანტი მწერლის, პატრიკ მოდიანოს რიგით მეჩვიდმეტე რომანია. ისევე, როგორც მისი ნაწარმოებების უმრავლესობა, ეს რომანიც ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. მწერალი მისთვის საყვარელ თემას ირჩევს – სასიყვარულო ინტრიგას ქალთან, რომელიც ქრება. მოქმედება დაახლოებით 1963 წელს ვითარდება პარიზში, ალჟირის ომის დროს. ნაწარმოების მთავარი გმირი, მწერლის პროტოტიპი, დროდადრო ახსენებს საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდს, რომლის გაუთვალისწინებლად მისი ცხოვრება გაუგებარი იქნებოდა. სასიყვარულო-დეტექტიური ხასიათის რომანი ჰიპნოზივით გვნუსხავს არა მხოლოდ შინაარსით, არამედ მწერლის  ხელწერითაც. ამ ნაწარმოების მიხედვით ალენ ნაუმმა 2009 წელს გადაიღო ტელეფილმი “ხალხი, რომელიც მიდის”. რეჟისორმა მოახერხა გადმოეცა ის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელსაც პატრიკ მოდიანო ოსტატურად ქმნის თავის რომანებში.

 

 

კომენტარები

კომენტარი