ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

რას ურჩევს მკითხველს “წიგნები ბათუმში” თბილისის წიგნის ფესტივალისთვის?

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“  თავის ერთგულ მკითხველს ყველა წიგნზე გრანდიოზულ, 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ასევე, კონკრეტულ საათებში შემოგთავაზებთ განსაკუთრებულ ფასდაკლებებს სხვადასხვა ჟანრის წიგნებზე. 40 ლარზე მეტი ღირებულების წიგნის შეძენის შემთხვევაში კი მომხმარებელს გამომცემლობისგან გადაეცემათ 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომლის განაღდებაც მკითხველს საახალწლო ფესტივალზე შეეძლება.

“არტნიუსი” გთავაზობთ გამომცემლობის მიერ შემოთავაზებულ 5 წიგნს, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.

“დეიდა საფია და მონასტერი” – თანამედროვე არაბული პროზის დიდოსტატი ბაჰა ტაჰირი ათეულობით რომანისა და უამრავი ნოველის ავტორია. მწერალს კარგად იცნობენ არამხოლოდ აღმოსავლურ სამყაროში, არამედ დასავლეთშიც, სადაც მისი თითქმის ყველა წიგნი გამოსვლისთანავე ითარგმნება. ამ წიგნებს შორის მის აღნიშნულ რომანს გამორჩეული ადგილი უჭირავს. წარმოშობით ზემო ეგვიპტელი მწერალი ძალზე მიმზიდველად აცოცხლებს მშობლიური სოფლის ყოფასა და ტრადიციებს, საინტერესოდ გვიხატავს ადგილობრივთა  ხასიათსა და ამ ხასიათიდან გამომდინარე, წიგნის გმირების შინაგან თუ სოციალურ კონფლიქტებს. ეს წიგნი, “აღმოსავლეთის სერიის” სხვა ნაწარმოებებთან ერთად, მკითხველს დაეხმარება შეიმეცნოს აღმოსავლეთი ისე, როგორც ამას ადგილობრივი ავტორები გვიხატავენ.

“როცა მეტირება, არ ვტირი“ – მიგელ ოტერო სილვას შედევრად და ვენესუელური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად არის მიჩნეული. ნაწარმოებში მოვლენები ქვეყნის ისტორიის ადრეულ პერიოდში ვითარდება და იმდროინდელი ვენესუელის სოციალურ-პოლიტიკური ქაოსით, გაურკვევლობითა და ცვლილებებით არის გაჟღენთილი. მიგელ ოტერო სილვას რომანის სამივე გმირი ერთ დღეს დაიბადა, სამივეს ვიქტორინო დაარქვეს და განგებამაც სამივეს საერთო ბედისწერა არგუნა. მაგრამ ბედისწერისკენ მიმავალი გზა ყველასთვის განსხვავებული გამოდგა, ისევე როგორც მათი ცხოვრება და გამოწვევები, თუმცა, ნებსით თუ უნებლიეთ, სამივე ჯიუტად მიუყვება მას. პერსონაჟების კვალდაკვალ მკითხველი აქტიურად ებმება ცხოვრების ქარცეცხლში, იგი განიცდის, ღელავს, თანაუგრძნობს, ბრაზობს… ნაწარმოები მისი თანმდევი ხდება, მისი ფიქრის თანაზიარი.

“შუშის სასახლე” – ჟურნალისტისა და მწერლის, ჯანეტ უოლსის ავტობიოგრაფია ნამდვილ, თუმცა დაუჯერებელ თავგადასავალს მოგვითხრობს. ავტორი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახის შესახებ გვიყვება, რომლის წევრებიც თითქოს წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ, თუმცა ყოველივე ისეთივე რეალურია, როგორც ცეცლის სიმხურვალე ან ყინულის სუსხი.

უოლსების ოჯახის თავგადასავალი უდაბნოში იწყება, დათოვლილ მთებში გამოიწრთობა და ბეტონისა და მინის ჯუნგლებში იყვავილებს. უკიდურეს სიღარიბეში, თუმცა წარმოუდგენელი თავისუფლების პირობებში გაზრდილი ოთხი და-ძმა გადარჩენისთვის იბრძვის, მათი პრობლემების მთავარი წყარო კი გამუდმებით მეოცნებე ლოთი მამა და დრამატულად უბედური ხელოვანი დედაა.

მაგრამ უოლსები არ ნებდებიან, არ ჩერდებიან, მოძრაობას განაგრძობენ, გზად კი შუშის სასახლის ნამსხვრევებს ტოვებენ.

,,შუშის სასახლე” ,,ნიუ იორკ ტაიმსის” ბესტსელერთა სიას 260 კვირის განმავლობაში ლიდერობდა და არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. 2017 წელს გაქირავებაში მისი ეკრანიზაცია გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლებს ბრი ლარსონი, ნაომი უოტსი და ვუდი ჰერელსონი არსულებენ.

„უბიკი“ – „უბიკი“ ხალხის რჩეული ლუდი, მუდმივად არომატული ყავა, გასაგიჟებლად გემრიელი საწებელი. შვეიცარიული ქრომის უცვეთი პირების მქონე წვერის საპარსი, სამზარეულოს ზედაპირის სასწაულმოქმედი სახეხი საშუალება და კიდევ მრავალი სხვა რამ არის. ის ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად იყიდება. მხოლოდ, ერთი რამ გახსოვდეთ: „უბიკი“ უსაფრთხოა ინსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში. „უბიკი“ ცივი და საშიში სამყაროა, მისი თითოეული პერსონაჟი მკითხველში თრთოლვასა და დაბნეულობას იწვევს. მკითხველთა ინტერესი უმაღლეს მწვერვალს აღწევს, ემოციათა სადავეები მოშვებულია… კითხვა კი მხოლოდ ერთია – რა არის „უბიკი“ სინამდვილეში?!

ვალენტაინ მაიკლ სმიტი პირველი ადამიანია, რომელმაც არა მხოლოდ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა მარსზე, არამედ ამ პლანეტის მკვიდრთაც აღზარდეს. მკითხველისთვის იგი იდეალური ინსტრუმენტია, რათა ახალი კუთხით დაინახონ ის ინსტიტუციები და სოციალური ნორმები, რომელთა ფესვებიც დედამიწურ საზოგადოებაშია ჩაკირული. სმიტი მგლების მიერ აღზრდილი მაუგლის მსგავსად უბრუნდება ადამიანთა მოდგმას, თუმცა, მისგან განსხვავებით, უცხოპლანეტურმა აღზრდამ იგი დედამიწელთა უმეტესობაზე უფრო ჰუმანური და პროგრესული გახადა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ზებუნებრივ უნარებზე. როგორ მიიღებს დედამიწა უძღებ შვილს და როგორ გავლენას იქონიებს მისი იდეები კაცობრიობის ცხოვრებაზე? Stranger in a Strange Land არა მხოლოდ მისი ყველაზე ცნობილი, კონტროვერსიული და ენობრივად დახვეწილი რომანია, არამედ პირველი წიგნია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, რომელმაც “ნიუ იორკ ტაიმსის” ბესტსელერთა სიაში დაიმკვიდრა ადგილი. ფრენკ ჰერბერტის „დიუნთან“ ერთად, Stranger in a Strange Land სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე გავლენიან წიგნადაა მიჩნეული. ჰაინლაინის მაგნუმ ოპუსი იმ იშვიათ ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომლებიც, არათუ საკუთარი ეპოქის გამოძახილია, არამედ თანამდევი გავლენით საზოგადოების განვითარების მიმართულებასაც განსაზღვრავენ. წიგნში წარმოჩენილმა იდეებმა რელიგიის, ქონების, მონოგამიისა და სიკვდილის შესახებ დიდი გამოძახილი ჰპოვეს გასული საუკუნის კონტრკულტურულ ოაზისში – ჰიპურ მოძრაობაში. მისი გავლენა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ წიგნში აღწერილმა გამოგონილმა რელიგიამ ჩვენს სამყაროშიც გადმოინაცვლა და დღემდე Сhurch of All Worlds-ის სახელით არსებობს. ამ მიღწევათა გათვალისწინებით აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ Stranger in a Strange Land იმ წიგნების ასეულში შეიყვანა, რომლებმაც ამერიკა ჩამოაყალიბეს (Books that shaped America), 1962 წელს კი რობერტ ჰაინლაინი საუკეთესო რომანის ავტორობის გამო პრემია „ჰუგოთი“ დააჯილდოეს.

კომენტარები

კომენტარი