შემოქმედებითი ინდუსტრიები

9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში რიგით მეოთხე ბაროკო ფესტივალი გაიმართება

9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით,  თბილისის  რიგით მეოთხე ბაროკო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში ასევე შედგება სამეცნიერო, საგანმანათლებლო ლექციები და მასტერკლასები.

„2018 წელი განსაკუთრებული წელია ორკესტრისთვის, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს, „საქართველოს სინფონიეტას“ 10 წელი შეუსრულდა და ფესტივალზე არაერთ სიახლეს ვპირდებით მსმენელს:

9 ნოემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, ფესტივალი „საქართველოს სინფონიეტას“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნება, სადაც პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი „საქართველოს სინფონიეტა 10“ (რეჟისორი – ნინო ახვლედიანი), ხოლო მეორე განყოფილებაში ძველებური ცეკვები შესრულდება და ცოტა ხნით ბაროკოს ეპოქის სამეფო კარის მეჯლისზე ვიმოგზაურებთ;

16 ნოემბერს, გერმანული მუსიკის კონცერტი გაიმართება;

19 და 22 ნოემბერს 19:00-ზე, დავით გიგინეიშვილი, კონცერტების დაწყებამდე, თეატრის ჰოლში თემატურ ლექცია-შესავალს შემოგთავაზებთ;

19 ნოემბერს, გერმანელი დირიჟორი და მევიოლინე ქრისტოფ მაიერი იტალიური და ინგლისური ბაროკოს მუსიკით წარდგება მსმენელის წინაშე;

20 ნოემბერს 19:00-ზე, „სინფონიეტა სთეიჯიზე“ (სანაპიროს ქ. N4, შენობა 2, სართული 8) შედგება თეა მუქერიას საჯარო ლექცია „მოცარტის რეკვიემის საიდუმლოება“ (დასწრება თავისუფალია)

22 ნოემბერს, ფესტივალი იტალიურ ანსამბლ ZEFIRO-ს („ძეფირო“) უმასპინძლებს (დამფუძნებელი და I ჰობოი ალფრედო ბერნარდინი). ანსამბლი: ფ. კრომერის, ვ.ა.მოცარტისა და ლ. ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებებით  „ჰარმონიულ ვენაში“ გვამოგზაურებს;

25 ნოემბერს, პირველად საქართველოში, ვ.ა.მოცარტის „რეკვიემი“ ავთენტური საკრავებით და უძველესი ინსტრუმენტით – პოზიტივ ორგანით აჟღერდება.
ასრულებენ: თბილისის გუნდი „ბაროკო“,  „საქართველოს სინფონიეტა“ და მათთან ერთად ორკესტრის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნებიან ანსამბლ ZEFIRO-ს მუსიკოსები, სოლისტები კი იქნებიან: მარიამ კუბლაშვილი (სოპრანო), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), გიორგი დავითაძე(ტენორი), გივი გიგინეიშვილი (ბანი).
აღსანიშნავია, რომ უძველესი საკრავი – „პოზიტივ ორგანი“, ცნობილმა მეცენატმა კლაუს ჰიპმაგამოუგზავნა და დროებით მფლობელობაში გადასცა „საქართველოს სინფონიეტას“. პირველად საქართველოში მას სწორედ „თბილისის ბაროკო ფესტივალზე“ მოვისმენთ.

1, 2 და 3 დეკემბერს, პირველად საქართველოში, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ დახურვაზე, „საქართველოს სინფონიეტა“ და გ. ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“(სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი მ. ალექსიძე) სამეფო უბნის თეატრში წარმოგიდგენთ თანამედროვე ბალეტს “Folia” („ფოლია“). ეს, ის უნიკალური შემთხვევა იქნება, როცა ქართულ სცენაზე პირველად განხორციელდება ადრეული მუსიკის ავთენტური შესრულებისა და ბალეტის თანამედროვე ქორეოგრაფიის სინთეზი.

ფესტივალში აგრეთვე მონაწილეობენ: მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი), ანნა ქურდოვანიძე(კლავესინი / პოზიტივ ორგანი), ალექსანდრე ვასაძე (კლავესინი/პოზიტივ ორგანი), ეტიენ გალეტიე(თეორბო / ბაროკოს გიტარა, საფრანგეთი), ფრანჩესკო ოლივერო (თეორბო/ბაროკოს გიტარა, იტალია), გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი), კახი ჩარგეიშვილი (სალამური)მერაბ სანოძე(დასარტყამი ინსტრუმენტები)“, – აღნიშნავს თეა მუქერია.

2015 წელს, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა –  „საქართველოს სინფონიეტამ“ დააარსა „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, რომელიც ყოველწლიურად იმართება. სხვადასხვა დროს ფესტივალს სტუმრობდნენ ბაროკოს ეპოქის მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები, როგორებიც არიან: იორდი სავალი, სერჯიო აზოლინი, ქრისტინე ბუში, ჟან რონდო, დავიდე ამადიო, ორკესტრი „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“ და სხვები.
ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლათა დაცვის სამინისტრო; ქალაქ თბილისის მერია; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; გერმანიისა და იტალიის საელჩო საქართველოში. ფესტივალი გაიმართება პროექტ “Check in Georgia“-ს მხარდაჭერით.

„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ კონცერტები: 9 , 16 , 19 , 25 ნოემბერს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება;  ფესტივალის დასკვნითი საღამოები კი 1 , 2 , 3 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრში შედგება; დასაწყისი 19:30-ზე. ბილეთები იყიდება მასპინძელი თეატრების სალაროებში და www.biletebi.ge.

კომენტარები

კომენტარი