საშემსრულებლო ხელოვნება

ინტერვიუ ვიქტორ ცოისთან: “ყველა თითს იშვერს ჩემკენ – შეხედეთ, ცოი მოვიდა”

ვიქტორ ცოი ცნობილი საბჭოთა როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მხატვარია.

ვიქტორ ცოიმ, ალექსეი რიბინმა და ოლეგ ვალინსკიმ 1981 წელს შექმნეს ჯგუფი  «Гарин и Гиперболоиды», რომელიც მალევე გახდა ლენინგრადული როკ-ჯგუფების წევრი. ვალინსკის ჯარში გაწვევის შემდეგ, ჯგუფმა სახელწოდება შეიცვალა და „კინოს“ სახელით («Кино»,) დაიწყო პირველი ალბომის ჩაწერა.

,,კინო” მალევე გახდა პოპულარული როკ-ჯგუფი. ცოის ცნობადობა დღითიდღე იზრდებოდა, მისი სიმღერები  საუკეთესო სიმღერების წოდებას იღებდა (მაგალითად, „Я объявляю свой дом безъядерной зоной“  ომის საწინააღმდეგო საუკეთესო სიმღერად დასახელდა).

მოგვიანებით ცოიმ გაიცნო იური აიზენშპისი, რომელიც 1989 წლიდან „კინოს“ პროდიუსერი გახდა. ის ორგანიზებას უწევდა კონცერტებსა და ცოის ტელევიზიაში გამოჩენას, რის შემდეგაც ჯგუფი მთელ მოკავშირე ქვეყნებში გახდა ცნობილი.

ვიქტორ ცოი 1990 წლის 15 აგვისტოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მუსიკოსის უეცარი გარდაცვალება შოკისმომგვრელი იყო მისი ურიცხვი თაყვანისმცელისთვის. რამდენიმემ თვითმკვლელობითაც კი დაასრულა სიცოცხლე.

გთავაზობთ ვიქტორ ცოის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუს, რომელიც ჟურნალმა ,,Костер”- მა მუსიკოსის გარდაცვალებიდან 1 წლის თავზე, 1991 წელს გამოაქვეყნა.

-ვიქტორ, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში გასული წლიდან დღემდე?

-არაფერი. ერთი ის არის, რომ ცხოვრება უფრო რთული და საშიში გახდა. ვიღვიძებ დილით და არ ვიცი რა იქნება ხვალ, დღეს რას ველოდები ცხოვრებისგან…

-რა იწვევს ასეთ დამოკიდებულებას?

-დღევანდელი საზოგადოების მდგომარეობა, რომელსაც ძალიან საშიშად აღვიქვამ. უკვე ოთხი წელია საქმის ნაცვლად მხოლოდ ლაპარაკს ვისმენ, ცვლილებების ნაცვლად დუმილს ვხედავ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველა შიდსით ვართ დაავადებული…

-თუ მუსიკაზე ვისაუბრებთ?

-ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია: სითბოსა და ბავშვების დეფიციტი, შიდსით გარდაცვილები, ნაციონალური კონფლიქტები და აკრძალვები ხელოვნებასა და შემოქმედებაში.

-შენი აზრით, რა არის პოპულარობა?

-რთულია განსაზღვრება იპოვო. უპირველესად ის არის, როცა არა მხოლოდ გაქებენ და გაღმერთებენ, არამედ პატივს გცემენ, როგორც შემოქმედებით პიროვნებას.

შენს სადარბაზოსთან თაყვანისმცელმები მორიგეობენ…

-სამწუხაროდ, კი. მათ გამო სახლში გამოკეტილი გავხდი, ადრე ასე არ ვიყავი. არ შემიძლია ქალაქში გასეირნება, არ შემიძლია სტუმრად წასვლა, მეგობრებთან ერთად ყოფნა, რადგან ყველა თითს იშვერს ჩემკენ ,,შეხედეთ, ცოი მოვიდა”.

-იქნებ შენს სადარბაზოსთან მორიგეობა, ერთადერთი შესაძლებლობაა შენი თაყვანისმცემლებისთვის, ჩაგხედონ თვალებში, სულში, გაიგონ რითი ცხოვრობ?

-ჩემი სული ჩემს სიმღერებშია. ცხოვრებით კი, უკეთესი დროის იმედით ვცხოვრობ.

კომენტარები

კომენტარი