ვიზუალური ხელოვნება

“ევა” შუა საუკუნეების ხელოვნებაში

სიმბოლიზმი შუა საუკუნეებში ორი, თეოლოგიური და საზოგადოებრივი მნიშვნელობით არსებობდა, და ევას ფიგურაც არაჩვეულებრივად ჯდება ორივე მათგანში ერთი სიმბოლისტური ფორმის სახით. შუა საუკუნეების ხელოვნებაში სიმბოლიზმი ყოველთვის ეკლესიის მიერ ან ეკლესიისათვის იყო გამოყენებული. რელიგიის მიხედვით ხელოვნებას უნდა ესწავლებინა ყველა კლასის წარმომადენელისათვის როგორ გამხდარიყვნენ ისინი უკეთესნი. ისინი ასახავდნენ მხოლოდ სამაგალითო და გამორჩეულ პიროვნებებს, რომლებსაც, იდეაში, საზოგადოებრივი მორალი უნდა აემაღლებინა.

თეოლოგიის მიხედვით ევას პერსონაჟი განასახიერებს პირველ ქალს, რომელიც გამოყენებულია მთელი ადამიანთა რასის დაცემის სიმბოლიზირების მიზნით. მან იგემა „კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის“ ნაყოფი, უბიძგა ადამსაც რომ იგივე ჩაედინა, ამით კი ადამიანთა რასა პირველი ცოდვის წინაშე აღმოჩნდა და ეშმაკის ძალა შეიცნო. თუმცა ევას სიმბოლიზმი ქალის ბუნებასაც ასახავს: მაცდური ქალი რომელიც ცდილობს კაცი ცოდვაში ჩაითრიოს. რომანულ სტილში ევას გამოსახვისას ავტორები ყოველთვის ცოდვაში დაცემას უსვამდნენ ხაზს, თუმცა მისი გამოსახულების მიხედვით მნახველს თვალ წინ უნებისყოფო, ცბიერი, მშვენიერი არსებაც აღუდგებოდათ.

განვიხილოთ მეთორმეტე საუკუნის ძეგლი, წმინდა ლაზარეს კათედრალი საფრანგეთში (ქალაქი Autun), კერძოდ კი მისი დასავლეთის კედელი, სადაც მეორედ მოსვლის ბიბლიური პასაჟია გამოსახული (აღსანიშნავია, რომ რომანული სტილის ტაძრების დასავლეთის კეთელზე უმეტეს შემთხვევაში აპოკალიფტური სიუჟეტია გამოსახული, რაც რენესანსის ეპოქაშიც გაგრძელდება და სიქსტეს კაპელათი მიქელანჯელო დააგვირგვინებს). ამავე კედელზე გისლებერტუსმა გამოსახა „ევას ცდუნება“, რომანულ ხელოვნებაში ძნელია იპოვო უფრო მეტად ესთეტიკური და ამასთანავე მაცდური სახე ვიდრე ეს. მარჯვენა მკლავსა და მუხლს დაყრდნობილი ევა ისე გადაადგილდება ედემის ბაღში, თითქოს თავად იყოს ქვემძრომი გველი, მისი მზერა ადამისკენაა მიპყრობილი (ადამის ბარელიეფი სამწუხაროდ დაკარგულია), რომელსაც შემაცდენელ ინსტრუქციებს ჩასჩურჩულებს, რათა ჩაიდინოს ის, რაც თავად ჩაიდინა, მისი მარჯვენა მაჯა პირზეა მიყრდნობილი რაც კიდევ აღრმავებს სიჩუმისა და მისი ნათქვამის განცდას. მისი მარცხენა ხელი ვაშლის ხის ტოტს სწვდება და ვაშლს წყვეტს, როგორც მკვლევარები ამბობენ ევას აქ მარცხენა ხელზე ფრჩხილების მაგივრად კლანჭები აქვს, რაც, რა თქმა უნდა, ეშმაკთან აღთქმულის ალუზიას იწვევს. მისი ქალური სიშიშვლე კი კიდევ უფრო ხაზგასმულია ანატომიური გაზვიადებით – მისი ზედა ტანი დამკვირვებლისკენაა მიტრიალებული.

ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ევას გამოსახულება ფრანგული ბაზილიკის ნოტრ-დამის ტაძარზეა გამოსახული, სადაც ფაქტობრივად ცოლ-ქმრის ჩხუბია გამოსახული. ადამი მიწაზე სცემს მტირალ ევას და თმით ექაჩება მიწისკენ. ამბობენ, რომ ეს სცენა შთაგონებულია რელიგიური წარმოდგენით რომელიც მეთორმეტე საუკუნეში ეკლესიებშიც და მის გარეთაც სრულდებოდა. სამკმაოდ ადვილი სავარაუდოა, რომ ასეთი ევას წარმოდგენა მამაკაცთა საზოგადოების დამოკიდებულებასაც გამოხატავდეს ქალების, ცოლების მიმართ. გთხავაზობთ ამ რელიგიური წარმოდგენიდან ადამის სიტყვებს :

 

Oh, evil woman, full of treason….

Forever contrary to reason,

Bringing no man good in any season:

Our children’s children to the end of time

Will feel the cruel whiplash of your crime!

 

ბოროტო ქალო, სავსევ ღალატით,

უკუღმართო და მუდამ ურჯულო,

დამაქცეველო, კარგის არ მქნელო

დამაწყეველო შთამომავლობის

დაგსჯის ბოროტი, ვინაც შეგიპყრო!

 

შუა საუკუნეების ხელოვნება სიმბოლურ კოდების ერთობლიობასაც წარმოადგენს, უძველესი დროიდან ქრისტიანული შემოქმედება ყოველთვის ერთს აჩვენებდა და მეორეს გულისხმობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მნახველისათვის საჭიროა მხოლოდ სიშიშვლე, ხე, გველი და ნაყოფი და ყველაფერი ნათელია, ევას სიმბოლიზმი გაშიფრულია, მისი ქმედებების გამო დაიქცა კაცობრიობა, გამოგვყარეს ბაღიდან, დაიწყო ტანჯვა, სიკვდილი და ცოდვა, რომელიც იესოს მოსვლამდე არ ნელდება. მაგრამ სწორია კი ასეთი ინტერპრეტაცია? და თუ ასეა, მაშინ ასეთ დამაქცეველ ქალს რატომ გამოსახავენ ტაძრებში, ნახატებზე? არ გვირჩევნია ეს ჩვენი ცოდვილი წინაპარი საერთოდ დავივიწყოთ და სამარცხვინო ქალთა სიაში პირველი ადგილი მივუჩინოთ? საქმე იმაშია, რომ შუა საუკუნეებში დღევანდელობისაგან განსხვავებით ყველაფერს ზერელედ და ერთი მხრიდან არ უდგებოდნენ. ევა ყოველთვის დაკავშირებული იყო ეკლესიის მისიასთან, ზუსტად მისმა ქმედებებმა გახადა ეკლესია საჭირო, ის უბრალოდ ერთი ეშმაკისეული ქალი არაა, იცით „ახალ ევად“ ვინ მოიხსენება? ღვთისმშობელი მარიამი, ძველი აღთქმა ამ ორი ქალის ნამოქმედარითაა შემოსაზღვრული და ამიტომაც შუა საუკუნეებში ევასაც ისეთი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანობის რელიგიის საწყისებში, როგორც ღვთისმშობელს.

ევა, მარიამ მაგდალინელი და ღვთისმშობელი ერთგვარი ქალთა სამებაა, რომელიც ქალთა ზოგად სახეს ქმნის. შუა საუკუნეებში ქალები, როგორც ჯგუფი, აღქმული იყო ცოდვისკენ მიდრეკილი არსებანი, განსაკუთრებით სექსუალურ ასპექტში. წმინდა ბერნარდი (1091-1153), რომელიც თავისი დროის ერთ-ერთი სახელგანთქმული ორატორი და მწერალი იყო, ამბობდა რომ ევას ცოდვა იყო ყველა ქალის ცოდვა და რომ „ის უპირველესი ცოდვა წყევლად ექცა დედამიწაზე მოვლენილ ყველა ქალს“. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ სექსისტური გამონათქვამის მქონე ორატორს, სხვა წარმოდგენები ჰქონდა ღვთისმშობლის შესახებ, ის მომხრე იყო მარიამის კულტისა, რომელიც მე-12 საუკუნეში საკმაოდ პოპულარული გამხდარა, ხოლო ევასა და ღვთისმშობლის კავშირზე კი ამბობდა: „გიხაროდენ ევა! გიხაროდენ ასეთი ქალიშვილით, განწმენდილ ხარ სირცხვილისაგან და დაე განშორდეს შენს გვარს ბრალი!“. სიტყვა სხვაა, საქმე სხვააო, ამ ორატორიას საზოგადოებაში დიდი არაფერი შეუცვლია, სინამდვილეში ისინი განადიდებდნენ მარიამის პერსონას, და ამას გავლენა ქალთა სახეზე, როგორც ევასავით ცოდვილ არსებებზე, არ ჰქონია. ქალწულის განდიდება იმას ნიშნავს, რომ ის იყო ქალი ცოდვის გარეშე, ქალი ქალობის გარეშე, ანტი-ევა, რომელსაც ეთაყვანებოდნენ, ზუსტად ასეთ ქალს სცემდნენ ისინი თაყვანს.

გაზვიადება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მრავალი წლის განმავლობაში კაცობრიობას დიდად არ უამაყია ჩვენი დედით, ევათი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა მოძღვარმა სცადა მისი რეპუტაციის შელახვა და მთელი კაცობრიობის დაქცევის მიწერა, მათ არასდროს გაუმარჯვიათ, სულ ცოტა იმ ხელოვნების თვალში მაინც, ვისთვისაც ევა კვლავ შეინარჩუნებს ულამაზესი ქალის ტიტულს. ღვთისმშობელი მარიამი იყო ერთადერთი პიროვნება რომელმაც მისი მშვენიერება გადაწონა. არცერთ ხელოვანს, არცერთ ერაში არ უთვალთმაქცია ევას სილამაზის ასახვისას. ის უნიკალურია, ერთადერთია ბიბლიაში თავისი სახელით. ვერავინ ვერ შეძლო მისი მოხუცებულობის ან სიმახინჯის აღწერა. ის კანონიკურ ჩარჩოებში არ ჯდება, გენეზისიდან დაწყებული ის სულ მოსდევს ჩვენს რასას, მისი ტიტული და მნიშვნელობა ყოველთვის გადაწონის მის სისუსტეს.

კომენტარები

კომენტარი