ვიზუალური ხელოვნება კულტურა

მომაკვდავი გალის ულვაშები

საინტერესოა, როგორ შეიძლება გამოიხატოს ქანდაკებაში მომაკვდავი ადამიანის შეუპოვრობა, სიმამაცე, სიკვდილზე არდანებება და ამასთან უდიდესი სევდა და წუთისოფლის წარმავლობა და სიმუხთლე. სკულპტურა რომელიც მე ავირჩიე განსახილველად ზედმიწევნით გამოხატავს და აღუძრავს მნახველს ყველა ამ გრძნობას.

მომაკვდავი გალი არის მამაკაცის მარმარილოს ქანდაკება, რომელიც წარმოადგენს ელინისტურ საბერძნეთში შექმნილ ამავე სახელწოდების ბრინჯაოს ქანდაკების რომაულ ასლს. ორიგინალი სკულპტურა შეიქმნა ძვ. წ. აღ. 230-220 წლებში მეფე ატალუს I-ის დაკვეთით, კელტ-გალათებზე გამარჯვების უკვდავსაყოფად და იგი დღევანდელი ინფორმაციით განადგურებულია. დღესდღეობით ამ ქანდაკების რამდენიმე ასლია გამოფელი მსოფლიოს მასშტაბით.

ქანდაკებას ბევრი დამახასიათებელი და უნიკალური ნიშანი აქვს. დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ის დაჭრილი რომაელი გლადიატორისადმი მიძღვნილი სკულპტურა იყო, თუმცა მამაკაცის ულვაში, კისრის დაგრეხილი ყელსაბამი და წვერმახვილიანი თმები სულ სხვა რამეზე მეტყველებდა: იგი ან გერმანული ტომის წარმოშობის ბარბაროსი იყო ანდა გალი მებრძოლი, რომელიც იმ დროის ელინისტურ სამყაროში სამყაროში სიმამაცის და შეუპოვრობის სიმბოლო გახლდათ. რაც შეეხება სკულპტურის სიშიშვლეს, ეს იმ მითიდან გამომდინარეობს, რომ ვითომდა გალები რომაელებთან ომისას შიშველნი შეებნენ მათ.

მის სახეზე უდიდესი სევდაა გამოხატული. ქვემოთ მიმართული თავი მის მწუხარებასა და გარდაუვალ მომავალს – სიკვდილს მოასწავებს. მას ჭრილობაც აქვს მიყენებული ტორსის ქვედა მარჯვენა მხარეს. ანატომიური თვალსაზრისით ეს ჭრილობა ღვიძლს ან ფილტვს გახვრეტდა, რაც კიდევ ერთ დამატებით ცნობას გვაძლებს ქანდაკების გმირის შესახებ – მას 15 წუთის სიცოცხლეღა დარჩენია. ძნელია უემოციოდ შეხედო მომაკვდავი გალის სხეულს, განსაკუთრებით მის სახის გამომეტყველებას სხვადასხვა კუთხიდან; ამგვარი ემოციების წაკითხვა ძნელია მისი თანამედროვე სხვა ქანდაკებებში.

ელინისტურ კულტურაში ულვაშის გაზრდა ბარბაროსებთან ასოცირდებოდა, დაახლოებით ისე, როგორც დღეს დასავლური ცივილიზაცია აღიქვამს თურქ ულვაშიან მამაკაცებს. დღესაც კი ულვაშის გაზრდა მამაკაცურობის ნიშანია ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, მაგრამ თუ ელინისტურ ან რომაულ ქანდაკებებს შევხედავთ, რამდენ მათგანს აქვთ გაპარსული სახე და ამასთანავე გაზრდილი ულვაში? ეს შეიძლება იმის ბრალიც იყოს, რომ როდესაც ბერძნებს სურდათ ვინმე დამარცხებული გამოესახათ თავიანთ შემოქმედებაში, ისინი მათ ყოელთვის ბარბაროსის სახით წარმოაჩენდნენ, რათა ხაზი გაესვათ, რომ ისინი დამარცხებულზე აღმატებულნი იყვნენ. ამას ადასტურებს გალის დაულაგებელი და აჩეჩილი თმები, მისი არც თუ ისე გამოყვანილი და იდეალიზებული ცხვირი და დიდი წარბები.

ქანდაკებას აქვს სიმეტრიული თუმცა ანდროგენული და მამაკაცური სახე. მისი წამოწეული სახის ძვლები მკაფიოდ გამოკვეთს ჩამოყრილ ღაწვებსა და ლოყებს. მისი სახის კუნთებისა და პირის მოხაზულობა გვაფიქრებინებს, რომ ის ანალიზის პროცესშია, სავარაოდოდ ეს ის მომენტია, როცა ადამიანებს მთელი ცხოვრება წინ კადრებად ჩაუვლის ხოლმე.

„გალური სუიციდი“ ამ პერიოდის კიდევ ერთი ქანდაკებაა, რომელიც გამოსახავს გარდაცვლილ ქალსა და თვითმკვლელ მამაკაცს გალიიდან. ამ ორ ქანდაკებას მრავალი საერთო აქვთ იმის გარდა, რომ ისინი ერთი და იგივე ომიდან ამოგლეჯილი პერსონაჟები არიან. არაჩვეულებრივი პროპორციები, უცხო ტომელთათვის დამახასიათებელი გარეგნობა (თმები, ულვაშები, წარბები და ა.შ), ყოფილი ძლიერების გამომხატველი სხეული, სევდა და შემაძრწუნებელი რეალობის მკაფიო განცდა.

ქანდაკების მნიშვნელობამ და რეალისტურმა პათოსმა დიდი აღტაცება გამოიწვია მე-17 და მე-18 საუკუნის განათლებულ საზოგადოებაში (გასაკვირი არცაა, ამ დროს ხომ ევროპაში რეალიზმის პერიოდი ყვავის და „მომაკვდავ გალზე“ მეტი რეალისტური რაღა უნდა ხელოვანს?!). ერთ-ერთი ასეთი შთაგონებულთაგანი გახლდათ ჯორჯ ბაირონი, რომელმაც შეამკო ეგ ძეგლი და თავის უკვდავ პოემაში „ჩაილდ ჰეროლდში“ მიუჩინა ადგილი:

„ვხედავ მე ჩემ წინ მომაკვდავ მებრძოლს,

ტანი და წარბნი მის ხელს ეყრდნობა,

ებრძვის სიკვდილს თუმც სძლევს აგონიას,

თავი მისი კი ნელა ეშვება.

ჭრილობით გვერდში წვეთ-წვეთ იცლება

სისხლფერ იარით მძიმედ ეცემა.“

ყველაზე მეტად რაც მაოცებს ამ ქანდაკებაში არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვითაც კი მივხვდებით, რომ გალს სულ მალე ჩაუქრება თვალებში სინათლე და გარდაიცვლება, მისი წინარე ძალა და, ასე ვთვათ, ენერგეტიკული პოტენციალი უაღრესად დიდია და თვალნათლივ ჩანს მის ძლიერ მკლავებში. მიმაჩნია რომ ეს ქანდაკება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ელინიზმში, აქ მტრის ემოციები და ნაწილობრივ მისი სიძლიერეცაა გამოხატული, რეალიზმისკენ და ჰუმანიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი.

კომენტარები

კომენტარი