ლიტერატურა

“შავი კატა” ბნელი რომანტიზმიდან

ბნელი რომანტიზმი ლიტერატურის ჟანრია, რომელიც მომდინარეობს ტრანსცენდენტალური ფილოსოფიური მოძღვრებიდან, მისი ფესვები მე-19 საუკუნის ამერიკაში უნდა ვეძიოთ. ბნელ რომანტიზმში შექმნილ ნამუშევრებზე ნამდვილად იგრძნობოდა ტრანსცენდენტალიზმის გავლენა, თუმცა მთლიანად მისი იდეებით არ სულდგმულობდა. ასეთი ნამუშევრები ნაკლებად პოზიტიურია, ხშირად გვესაუბრება დიდაქტიკური ენით, გვისახავს ადამიანის, ღმერთისა და ბუნების კავშირს და ხშირად მათ დისჰარმონიას. ედგარ ალან პო იმ ავტორთაგან ერთ-ერთია, რომელსაც ბნელი რომანტიზმის სახელი უკავშირდება.

    ედგარ ალან პოს „ბნელ მხარეს“ სწორედ მისი წერის მანერასა და ბნელ რომანტიზმს აბრალებენ. ამ მიმდინარეობის მწერლებისათვის დამახასიათებელია ინსტიქტისა და ლოგიკის შეპირისპირების ჩვენება, მოვლენებისა და ადამიანების ისეთი სახით წარმოჩენა თითქოს მათი ყოველ მოქმედების უკან რაღაც განსაზღვრული ნიშანი და სიმბოლო ყოფილიყოს. დაუბალანსებელი ფსიქიკის ბნელი მხარის წარმოჩენა იყო ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბნელი რომანტიკოსებისათვის. პომ თავის პირად ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები აიღო და წარმოგვიჩინა ისინი ბნელი, ბოროტი და ავბედითი რაკურსით.

    ალან პოს „შავი კატა“-ში, დრამატიზმის უდიდესი წილი სახლში ხდება, მოვლენები მთხრობელის ურთიერთობის შესახებაა თავის შინაურ ცხოველებთან და ცოლთან. ისევე როგორც ცრურწმენაში, შავი კატის სიმბოლომ მკითხველში შიში უნდა დათესოს, გვაგრძნობინოს თავი არაკომფორტულად და მოგვასწაოს მოსალოდნელი უბედურება. სახლი ის ადგილია, სადაც ჩვენ დაცულად და მყუდროდ უნდა ვიგრძნობთ თავი, თუმცა იქ სადაც შავი კატა გამოჩნდება სიფრთხილისა და დაცულობის გარდა ყველაფერი უნდა ვეძებოთ. პოს ეს მოთხრობა უცნაურად აქვს აგებული, სიუჟეტური კვანძის გახსნა ხდება არა კულმინაციის შემდეგ, როგორც ეს ძირითადადაა მიღებული ლიტერატურაში, არამედ ბოლოში, დასკვნის ადგილას, მოთხრობა მთავრდება ჩამოხრჩობილი შავი კატის გამოჩენითა და ჩხავილით გარდაცვლილი მეუღლის კედელში ჩატანებული გვამის თავზე. პოს ამით ნაწარმოებში შემოაქვს ეჭვების მთელი ახალი გროვა, უპასუხოდ დარჩენილი სიტყვები. ლიტერატურული წყობის ამ დარღვევის მცდელობამ თავისი სათქმელი უნდა თქვას, ის რომ მკითხველის კმაყოფილება ნაწარმოების ბოლოს, მწერლის თვითმიზანი არაა. რა თქმა უნდა, სკოლაში გვასწავლიან და მშობლებიც გვეუბნებიან, რომ ყველა წიგნიდან უნდა ვისწავლოთ რაღაც, გადმოვიღოთ ჩვენს ცხოვრებაში და ა.შ, მაგრამ თუ წიგნში წამოჭრილ პრობლემებს ავტორი წიგნშივე გასცემს პასუხებს და ამით, შესაბამისად კმაყოფილს დაგვტოვებს, ჩვენ, როგორც მკითხველს წესით უნდა გაგვიჭირდეს ამ პრობლემასთან ხელ თავიდან დაბრუნება და ჩვენეული ახსნის პოვნა, ხოლო თუ მწერალი პრობლემასა და კვანძის გახსნას, დასკვნის გარეშე, წიგნის ბოლოში შემოგვთავაზებს, ამაზე დამაინტრიგებელი, გასაღიზიანებელი, მაგრამ ამასთანავე დამაფიქრებელი რა უნდა იყოს? ჰო და, სწორედ ასე მოიქცა ალან პო.

    ედგარ ალან პო ამერიკის სამოქალაქო ომამდელი მწერალია. მის დროს მონები ჯერ კიდევ სახლობდნენ თანამედროვე ამერიკის ტერიტორიაზე, უფრო მეტიც, ის სამხრეთული ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც კი იყო. შესაძლებელია, რომ შავი კატა შეიძლება  ჩამომხრჩვალ მონას განასახიერებდეს, როგორც ნაწარმოებში ვხვდებით მას.

    შიში პოს სხვა ნაწარმოებსაც გასდევს ლაიტმოტივად. მისი „ამონტილადოს კასრი“ გვაჩვენებს შურისძიებისა და საიდუმლო მკვლელობებს, მაშინ როცა შეიძლებოდა სამართლებრივი რევანშის წყალობით ნაწარმოები იგივე ხაზით განვითარებულიყო. კანონი არსად ჩანს ალან პოს თვალსაწიერში. ინგლისურში არსებობს კარგი სიტყვა, რომელიც სამწუხაროდ ქართულში არ გვაქვს – prejudice და მისი წარსულის ფორმა prejudiced რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სიტყვებიც კია. Pre-წინასწარ და Judge-განკითხვა. წინასწარ გამოტანილი განაჩენები, დაღდასმული და სტერეოტიპულად მოაზროვნე საზოგადოება. სწორედ ეს იყო სამოქალაქო ომამდელი ამერიკის პრობლემა და ამაზე მოგვითხრობს ალან პოც. რეალობის მიკერძოებული ინტერპრეტაცია – სხვადასხვა ხალხი, ერთი და იგივე საქმიანობა – სხვადასხვა შედეგი, პრობლემად სწორედ ეს წარმოედგინა მწერალს.

    კიდევ ერთი ნიშან-თვისება, რითაც ვრწმუნდებით, რომ ედგარ ალან პო ნამდვილად ბნელი რომანტიზმის მიმდევარია – სიმბოლიზმისადმი მისი დამოკიდებულებაა. მონტრესორის მოტივების თვალსაჩინოდ წარმოდგენისათვის, პო თავისი პერსონაჟის სახეს შავი აბრეშუმის ნიღბით ფარავს. ამ შემთხვევაში მონტრესორი არა ბრმა სამართალს, არამედ მის აბსოლუტურ გოთიკურ საწინააღმდეგოს – წინასწარ გადაწყვეტილ (prejudiced) რევანშს განასახიერებს. ამის საწინააღმდეგოდ, ფორტუნატოს აცვია ფერადოვანი ტანსაცმელი და წითელი მოსასხამი, რომელიც ირონიულად ფორტუნატოს სასიკვდილო განაჩენს თავშივე მოგვასწავებს. ფორტუნატო იტალიური სიტყვაა და იღბლიანს ნიშნავს, ალან პომ პერსონაჟის სახელისა და მის რეალურ ბედს შორის შეპირისპირებით მკითხველს აჩვენა, რომ მხიარულებისა და ბედნიერების პერიოდიც კი შეიძლება მომაკვდინებლად საშიში იყოს და ყველაფერი ისე არ სრულდება, როგორც ჩვენ გვსურს ან გვგონია რომ დასრულდება. ნაწარმოებში კიდევ უამრავი სიმბოლოა, დაწყებული მოქმედების ადგილის გაურკვევლობით (როგორც აღმოჩნდება მოქმედება მიწისქვეშ ხდება, რაც, რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთის ალუზიას ქმნის) დამთავრებული გაურკვეველი მოგზაურობით, რომელიც მეტაფორულად დანტეს ინფერნოსაც კი მოგვაგონებს.

    ალან პოსეული ბნელი რომანტიზმის გამოვლინებები ხშირად აისახება მწერლის ერთ-ერთ საყვარელ ხერხში – წინასწარმეტყველებებში. მაგალითად, როცა ფორტუნატო ამბობს, რომ ის ხველებისაგან არ მოკვდება, მონტრესორი პასუხობს – მართალია, რადგანაც იცის, რომ წყლის უკმარისობისაგან, დეჰიდრატაციისაგან დაიღუპება იგი სამარხში. ნაწარმოების გარდაუვალი დასასრულის მიმანიშნებელია საოჯახო გერბის ელემენტიც. იქ გამოსახულია ადამიანის ფეხი, რომელიც სრესს ქვეწარმავალს. ამ სურათში, ფეხი მონტრესორის სიმბოლოა, ხოლო გველი ფორტუნატოსი. მიუხედავად იმისა, რომ ფორტუნატომ მას ჭრილობა მიაყენა (ფეხზე ნაკბენიც ჩანს), მონტრესორი მას მაინც გაანადგურებს. მასონებზე დიალოგიც ფორტუნატოს აღსასრულს მოასწავებს, ხელით მინიშნებული ქვების გროვა, სწორედ ფორტუნატოს სამუდამო განსასვენებლის სიმბოლოა.

    ბნელი რომანტიზმის წარმომადგენლებს ადამიანის სრულყოფილების არ სჯერათ. სჯერათ, რომ ერთი ადამიანის გონებაში მიმდინარე აზრები ვერასდროს ვერ იქონიებს კაცობრიობაზე გავლენას. მათ სჯერათ, რომ ადამიანები იმაზე უფრო ბედნიერად ან უფრო ბრძნულად ვერ იცხოვრებენ, ვიდრე ადრე ცხოვრობდნენ (ეს რომანტიზმისათვის დამახასიათებელი უპირველესი შტრიხია). ხოლო ამ მოტივებზე ბნელი რომანტიკოსები უფრო მარტივად წარმოგვიდგენენ: დაქცეულ კაცობრიობას, საყვარელი ადამიანებს დაკარგვას, დაწყევლილ ურთიერთობებს, ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ აშლილობებს და ა.შ ედგარ ალან პო ამ ცხოვრებისეულ არასაიმედოობას და ხიფათებს „შავ კატაში“ გვიტოვებს ჩამომხრჩვალი კატის სახით. „ამონტილადოს კასრში“ კი სიუჟეტს დანგრეული კაცობრიობით, საყვარელი ადამიანების დაკარგვითა და დაწყევლილი ურთიერთობებით ასრულებს.

    დასასრულისათვის, მრავალი მიზეზი გვაქვს რომ ედგარ ალან პო გავლენიან ბნელ რომანტიკულ ავტორად ჩავთვალოთ. ბევრი მისი მონათხრობი და პროზა კაცის ფსიქოლოგიას წარმოგვიდგენს ჯერ არნახული პერსპექტივით. მისი შეუპოვარი თემები გვთავაზობს სიკვდილთან საუბარს და მის ფიზიკურ გამოვლინებებს, გახრწნისა და ლპობის შედეგებს და მკვდრის გაცოცხლებას, ისევე როგორც გლოვისას.

    P.S ძალიან მინდოდა განმეხილა ბნელი რენესანსის ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი „ალისფერი ნიშანი“ (The Scarlett Letter By Nathaniel Hawthorne), მაგრამ დედლაინში ვერ ჩავეტეოდი. თუმცა ორ სიტყვას მაინც ვიტყვი – ადამიანზე წინასწარ შექმნილი უარყოფითი წარმოდგენებზე დამყარებული დასკვნები (PREJUDICE) ამ ნაწარმოებშიც მთავარი თემაა და მას ამერიკის სკოლებში ასწავლიან დღესაც, იმიტომ კი არა, რომ ისტორიულად ეს მნიშვნელოვანი პერიოდია ადამიანის ცნობიერების განვითარებისათვის, არამედ იმიტომ, რომ ეს საკითხი ისეთი სიმწვავით შეიძლება არა, მაგრამ საკმაოდ დგას დღესაც – განსაკუთრებით საქართველოში, ადამიანის კანის ფერზე, სიმაღლეზე, წონაზე, გარეგნობაზე და ა.შ წინასწარ შექმნილი წარმოდგენებით ვაფასებთ და ვანადგურებთ მის მთლიან პიროვნებას და სხვებთან ერთად „უცხოთა“ სანაგვეზე ვისვრით. ეს მიუღებელია ჩემთვის, როგორც მკითხველისათვის, რომელიც რომანტიზმის ეპოქაზეა უზომოდ შეყვარებული.

კომენტარები

კომენტარი