საშემსრულებლო ხელოვნება

თეატრალური პიესა “დედა ომი” – რეჟისორ დათა თავაძის წარმატება ნიუ იორკში

ქართველი ვიზუალური ხელოვანი ლევან სონღულაშვილი  ქართულ-ამერიკული თეატრალური ფესტივალის შესახებ წერს და ამ პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა ქართველი თეატრალური დრამატურგის, დათა თავაძის თეატრალურ პიესას  აღწერს. “დედა ომი”- ასე ჰქვია ქართველი დრამატურგის ნამუშევარს. დათა თავაძემ აღნიშნული პიესისთვის საერთაშორისო ჯილდოც მიიღო.

სამეფო უბნის თეატრის რეჟისორის, დათა თავაძის თეატრალური პიესა – “დედა ომი”, გერმ. “Mutter Krieg”,  2015 წელს გ. ჰაუპტმანის თეატრში, ციტაუში დაიდგა. უფრო ადრე, 2013 წლის 4 ივნისს, ვენაში, თეატრ „Garage X”-ში, რამაც 2009 წელს, სარემონტო სამუშაოების შემდგომ, კვლავ დაიწყო ფუნქციონირება, გაიმართა საერთაშორისო კონკურსი – „საუბარი საზღვრების შესახებ”, სადაც ჟიურიმ სამი გამარჯვებული პიესა გამოავლინა. პირველი პრემიის მფლობელი ორი ქართველი დრამატურგი გახდა: – დათა თავაძე, პიესით „დედა ომი”, და ბასა ჯანიკაშვილი, პიესით „გაბრაზებული ჩიტი”. მესამე პრემიის მფლობელი გახდა ლაშა ბუღაძე, პიესით „26 მაისი”.

ქართველი ვიზუალური ხელოვანი ლევან სონღულაშვილი აღნიშნავს, რომ ნიუ-იორკში წარმოდგენილმა პიესამ, პრობლემებზე დაკვირვებით, სწორი აქცენტებითა და  ფინალით, უამრავი კითხვა და სააზროვნო სივრცე დატოვა.

ფოტო: ლევან სონღულაშვილი

“ქალაქის სხვადასხვა თეატრიდან თავმოყრილმა მსახიობებმა “დედა ომი” მაღალპროფესიონალურად წარმოადგინეს (სამწუხაროდ, თეატრში ვიდეო-აუდიო ჩაწერა იკრძალებოდა). ამერიკელ რეჟისორს სცენოგრაფიისა და წარმოდგენის დადგმისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა, ამიტომ მარტივ, მაგრამ ეფექტურ ფორმას მიმართა – მსახიობები კითხულობდნენ.  პიესის ნარატივი მოიცავს, როგორც ლოკალურ, ჩვენი რეგიონისა თუ სახელმწიფოს, ასევე გლობალურ, აქტუალურ ზოგადსაკაცობრიო საკითხებს; ავტორი პრობლემებზე დაკვირვებით, სწორი აქცენტებითა და შესანიშნავი ფინალით, უამრავ კითხვას და სააზროვნო სივრცეს ტოვებს.

წარმოდგენის ბოლოს, საინტერესო დიალოგი მქონდა “დედა ომის” აქაურ რეჟისორთან, რიჩარდ ავენთან, რომელიც პიესაში გაცხადებულ პრობლემებსა და კითხვებზე პასუხებს ჩემთან ერთად ეძიებდა. დისკუსიაში შემოგვიერთდნენ კულისებიდან გამოსული მსახიობებიც, სადაც ამჯერად თავად მომევლინნენ ცოტა ხნის წინ განსახიერებული პერსონაჟების “კრიტიკოსებად”. შეიტყვეს საქართველოს უახლეს ისტორიაზე, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, ახალი თვალით შეხედეს გენოციდს, საბჭოთა ტრავმასა და ნაცისტურ რეპრესიებს. ეს მაშინ, როცა საქართველოს საზღვრები ყოველდღიურად მცირდება ოკუპანტის მიერ, რაზეც, დანარჩენთან ერთად, დამატებითი ინფორმაცია გავუზიარე.
კითხვაზე, თუკი ახლო მომავალში ქართველი დრამატურგის ეს პიესა ნიუ იორკის სცენაზე სპექტაკლის სახით წარდგება, როგორ მიიღებს ფართო ამერიკელი აუდიტორია, რეჟისორმა განაცხადა: თუ არ ვცდით, ვერ გავიგებთო. ასევე, რამდენჯერმე ხაზი გაუსვა პიესის მხატვრულ ღირებულებასაც.

ხელოვნებას შესწევს ძალა ადამიანთა დაფიქრებისა და გამოფხიზლების, თეატრი კი ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ქართულ-ამერიკული თეატრალური ფესტივალის სახით შესანიშნავი პროექტი ხორციელდება, რაც არა მხოლოდ კულტურულ, დიპლომატიურ ურთიერთობებსაც ემსახურება, რუსული აგრესიის ფონზე.
დათა თავაძეს კი სამომავლო წარმატებას ვუსურვებ და ველი მის ახალ ნამუშევრებს”,- განაცხადა ლევან სონღულაშვილმა.

ქართულ-ამერიკული თეატრალური ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც “დედა ომი” წარმოადგინეს,  13 ივლისს, ლ. ბუღაძის “ნავიგატორით” გაიხსნა და 6 აგვისტომდე გაგრძელდება. 16 ივლისს გაიმართა ქართველი დრამატურგის, ლ. ბუღაძის პიესის, “პუტინის დედის” ლიტერატურული კითხვა. ასევე, დაგეგმილია   ლ. ბუღაძის – “ნავიგატორი”, თ. ბართაიას – “სათამაშო იარაღი”, გ. ბათიაშვილის – “არწივის ფრთებზე”, რ. კლდიაშვილის – “პილონი”, ნ. კვინიკაძის – “მეგობრები”, ბ. ჯანიკაშვილის – “დიქტატურა” (რომელიც ინგლისურ ენაზე მაია კიასაშვილმა თარგმნა, სადაც სათაური შეცვლილია – On the Latch), დ. ტურაშვილის – “რკინის ფარდა” და ნ. ხარატიშვილის – “ლივ შტაინი”.

კომენტარები

კომენტარი