ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ინტერვიუ შოთიკო აფციაურთან: “ნებისმიერ რამეზე მიყოლა, საკუთარი თავისა და კონტექსტის გააზრების გარეშე, არ ჟღერს მომხიბვლელად”

ცოტა ხნის წინ “შემოქმედებითმა საქართველომ”, იტალიურ ფონდ IGAV-თან თანამშრომლობით, გამოაცხადა კონკურსი – „რეზიდენცია ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისათვის“.

კონკურსის ფარგლებში, “შემოქმედებითმა საქართველომ” 23 აპლიკაცია მიიღო, რომლიდანაც 20-მა აპლიკანტმა დააკმაყოფილა ტექნიკური მოთხოვნები და გადავიდა მეორე ეტაპზე. კონკურსის ფარგლებში კომისიამ გამოავლინა 2 ახალგაზრდა თანამედროვე ხელოვანი: მანანა კობახიძე და შოთა აფციაური, რომლებიც გაემგზავრებიან იტალიაში, ქალაქ ტურინში ერთთვიან რეზიდენციაში, 1-ლი ნოემბრიდან 30 ნოებრის ჩათვლით

“არტნიუსი” გთავაზობთ ინტერვიუს არტისტ შოთიკო აფციაურთან:

– ალბათ, ამ ეტაპზე შენს ცხოვრებაში ყველაზე აქტუალური მაინც ისაა, რომ ტურინში მიემგზავრები. ამ თემის ირგვლივ ვისაუბროთ, როგორ ფიქრობ, რა იყო ის, რითიც გამოგარჩიეს სხვა აპლიკანტებისგან?

– ყველა რეზიდენციას აქვს  შერჩევის საკუთარი კრიტერიუმები. საბოლოო ჯამში, რომელიმე კონკრეტული აპლიკანტის არჩევის პროცესი რეზიდენციის პროფილზე და იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აკმაყოფილებს აპლიკანტი რეზიდენციის მოთხოვნილებებს. არ ვიცი, რატომ გამომარჩიეს სხვა აპლიკანტებისგან, თუმცა მოხარული ვარ, რომ არჩეულ ორ აპლიკანტს შორის მოვხვდი.  ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი ნამუშევრები, რომელიმე აპლიკანტის ნამუშერებზე უკეთესია, უბრალოდ ჩემი აპლიკაცია უფრო მეტად აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნილებებს რაც ამ კონკრეტულ რეზიდენციის პროფილს აკმაყოფილებს.

– რამდენად საპასუხისმგებლოა, რომ საქართველო უნდა წარადგინო იტალიაში?

– არ ვიცი, რთული სათქმელია, პასუხისმგებლობის გრძნობას ძირითადად მხოლოდ ჩემი თავის  და  იმის მიმართ ვგრძნობ, რასაც ვაკეთებ.

– თავად ამ პროექტს როგორ შეაფასებდი, რა მნიშვნელობისაა იგი დღევანდელი ქართული რეალობისთვის?

– მსგავსი პროექტები საინტერესო და გასახარია, რადგან შესაძლებლობასა და გასაქანს აძლევს ხელოვანებს, რომ გააფართოვონ საკუთარი სამუშაო არეალი. რაც შეეხება რამდენად მნიშვნელოვანია და რა არის მნიშვნელოვანი დღევანდელი ქართული რეალობისთვის, ამის განხილვას უფრო დიდი სადისკუსიო ფორმატი ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, ხელოვნებათმცოდნეები, ხელოვანები, პოლიტოლოგები, ანთროპოლოგები რამდენიმე ეკონომისტი და ერთი-ორი განდეგილი ადამიანი სჭირდება.

– სამომავლოდ, რას ურჩევდი სხვა აპლიკანტებს?

– უთხარით თქვენ თავს „ჰოკაიი“, ჩასხედით ტანკებში და გააგზავნეთ აპლიკაციები, თუ ამის სურვილი გექნებათ.

– ახლა შენზე ვისაუბროთ, როდიდან გადაიკვეთეთ შენ და ვიზუალური ხელოვნება?

– ალბათ, მაშინ, როცა ყველა ვეკვეთებით, ბავშვობაში ჩემს სათამაშო მაგიდასთან ფლომასტერებით, ქაღალდებით და კუბიკებით ხელში. შემდეგ იყო ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი მუშაობა, ა.ვირსალაძის ხელოვნების გიმნაზია, ხატწერა, ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა, სალზბურგის საერთაშორისო აკადემია, თვითგააზრებისა და გადააზრების  პროცესები, რომელიც ახლაც გრძელდება.

– საერთოდ, რა ეტაპზეა დღეს ვიზუალური ხელოვნება საქართველოში? აქაც წარსულით ვამაყობთ თუ აქტიურად მივყვებით მსოფლიო ტენდეციებს?

– ალბათ, მინიმუმ 10 წელი მაინც არის საჭირო  იმის გასაგებად თუ რა ეტაპზეა დღეს ვიზუალური ხელოვნება საქართველოსა და, ზოგადად, მსოფლიოში. რაც შეეხება წარსულით ვამაყობთ თუ მსოფლიოს ტენდენციებს მივყვებით, არც  ვიცი, რთულია პასუხის გაცემა. პირადად ჩემთვის, არც წარსულით სიამაყე, ზოგადად სიამაყე და არც ნებისმიერ რამეზე მიყოლა, საკუთარი თავისა და კონტექსტის გააზრების გარეშე, არ ჟღერს მომხიბვლელად.

–  შენი შემოქმედებიდან, რომელი პროექტს გამოარჩევდი?

– ყველა პროექტს და ნამუშევარს აქვს თავისი ხასიათი და განსხვავებული მუშაობის პროცესი, ყველა თავისებურად საინტერესოა, ამ ეტაპზე ალბათ იმას, რომელზეც ახლა ვმუშაობ.

– რამე კონკრეტული სამომავლო გეგმა თუ გაქვს?

– გეგმები, ძირითადად, არ მაქვს ხოლმე, თავისით ხდება ბევრი რაღაც, მაგრამ მაქვს ახალი ინტერესები და იდეები, რომელზეც ვფიქრობ და რომელზეც ვმუშაობ.

კომენტარები

კომენტარი