არქიტექტურა, არქეოლოგია

ლიხაურში მდებარე ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლიხაურში მდებარე ციხეს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ  მთაზე მდგომი ციხე სწორკუთხაა და რიყის ქვით არის ნაგები.  სამშენებლოდ ასევე გამოყენებულია  ბაზალტისა და ქვიშაქვის ნაწილობრივ დამუშავებული ქვები.

“მაღალ გალავანში ჩართულია სამი სხვადასხვა ზომის და ფორმის კოშკი. ჩრდილოეთის კოშკი სწორკუთხაა, ოდნავ ტრაპეციის ფორმის. შიგნიდანაა გალავანზე მიდგმული, ოთხსართულიანია. მთავარი შესასვლელი ეზოს მხრიდან მესამე სართულზეა. მისი პირველი სართული ციხის მთავარი კარიბჭეა. კარი ქვებშია ამოკვეთილი, რომელსაც თავისი ორმაგი ჩამკეტი ფოსოები აქვს ამოჭრილი. პირველი სართული ქვის თაღოვანი გადახურვით სრულდება. კოშკის მეორე და მესამე სართულები საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, მეოთხე სართული ალბათ – საბრძოლო. პირველ სართულზე, კარიბჭის დასავლეთ კედელში ვიწრო გამჭოლი ხვრელია გაკეთებული, რომელიც დამატებითი დამცავი ბარიერი უნდა ყოფილიყო. მეორე-მეოთხე სართულებზე კედლებში სათოფურებია დატანებული”,- აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.  

ციხის გალავნის დასავლეთ ნაწილში ზურგიანი, ორსართულიანი  საბრძოლო კოშკია, რომელსაც  კონტრფორსის დანიშნულებაც ჰქონდა.

“პირველი სართული, რომელიც ყრუა, ამჟამად ნაშალითაა ამოვსებული. შესასვლელი მეორე სართულის დონეზეა. კარს შიდა მხრიდან ჩამკეტი ორმაგი ფოსოები აქვს. სართულშორისი გადახურვა პირველ სართულზე ქვითკირისაა, დანარჩენებზე ხის ყოფილა. კედლებში ჩართულია სათოფურები. კოშკზე ეზოდან დამატებით კონტრფორსია მიდგმული.
გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში დიდი ზომის ტრაპეციის ფორმის ოთხსართულიანი კოშკია.  შესასვლელი მეორე სართულის დონეზე აქვს ჩრდილოეთიდან. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულისგან გამოყოფილი იყო ქვითკირის ჭერით. მეორე და მესამე სართული საცხოვრებელია. მეოთხე – საბრძოლო ბანი უნდა ყოფილიყო. ამ სართულებზე სართულშორისი გადახურვა ხის იყო. კედლებში დატანებულია მცირე ზომის თაღჩები და სათოფურები. შესასვლელის თავზე უნდა ყოფილიყო საბრძოლო-სათვალთვალო სივრცე”,- განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. 

აღნიშნული ციხე ქართული საფორტიპიკაციო ნაგებობების ერთ-ერთი მაშტაბური და კარგად დაგეგმარებული ნიმუშია, რომელსაც პარალელები ეძებნება სამეგრელოს ჭაქვინჯისა და შხეფის ციხეებთან. ის არა მხოლოდ დამცავ  ნაგებობად გამოიყენებოდა, არამედ საცხოვრებლადაც. ციხეზე კარგადაა გადაწყვეტილი დაცვის მექანიზმები. განსაკუთრებით გამოსაყოფია კარიბჭის კოშკის კედელში დატანებული ვერტიკალური ხვრელი. ამავე დროს ციხეს აქვს ისტორიული მნიშვნელობაც.

კომენტარები

კომენტარი