ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

სალომე ზურაბიშვილის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის უარყოფით შეფასებას ორგანიზატორები ირონიით გამოეხმაურნენ

ფოტო: რადიო თავისუფლება

23 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრში პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და კულტურის მნიშვნელობასა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ისაუბრა.

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგენილი ქართული პროგრამა არ მოეწონა. ,,წელს ფრანკფურტში ჩვენი გასეირნება არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვერ გავიტანეთ ქართული კულტურა ისე, როგორც უნდა გაგვეტანა. უზარმაზარი შანსი მხოლოდ სანახევროდ გამოვიყენეთ. ბევრად მეტი შეგვეძლო, მაგრამ ეს ჩვენ წინ გვაქვს და ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია 

ზურაბიშვილის განცხადებას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი და ქართული წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა “იმედის” ეთერში, “დღის შოუში” გამოეხმაურნენ:

,,ჩვენ მხოლოდ პოზიტივზე არ უნდა ვისაუბროთ, თუმცა კრიტიკა, ჯერჯერობით, არ გვსმენია გერმანიის ფარგლებში. იქ ყველამ აღიარა, რომ საქართველო იყო საუკეთესო საპატიო სტუმარი, არ ვაჭარბებთ არც ერთ სიტყვას, – საუკეთესო საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ისტორიის განმავლობაში. ვიცოდით, რომ საქართველოში კრიტიკა იქნებოდა. ყოველთვის გვიყვარს ხოლმე ჩვენი თანამემამულეების მიერ გაკეთებული საქმის კრიტიკული შეფასება.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, მან ახსენა გასეირნება და მე ვიტყოდი, რომ, როგორც ჩანს, კიდევ გვაქვს ჩარჩენილი საბჭოთა მენტალიტეტი, როდესაც მივლინება ითვლებოდა გასეირნებად. ეს თანამედროვე საზოგადოებამ, ახალგაზრდა მენეჯერებმა არ ვიცით რას ნიშნავს. ჩვენთვის მივლინება და საერთაშორისო პროექტები მუშაობაა და არა სეირნობა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბევრი კომენტარი მოჰყვა მწერლების მხრიდანაც, თუმცა ამ ქალბატონს იმდენი უცნაური კომენტარი აქვს გაკეთებული სხვა ბევრ მნიშვნელოვან თემაზე, დადებითი შეფასება რომ მოეცა ჩვენთვის, შეიძლება ეჭვიც კი შეგვპარვოდა საკუთარ თავში” – ამბობს გვანცა ჯობავა.

,,ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა. ეს ჯანსაღი პროცესია და ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ როცა საქმე კეთდება გამკრიტიკებელიც არის. ხუთი წლის წინ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მხრივ, არანაირი შეფასება არ არსებობდა, იმიტომ, რომ არაფერი კეთდებოდა.

ჰაგიოგრაფიული მოთხრობების კრებულიც კი გამოვეცით, დავით კლდიაშვილი გამოიცა, ოთარ ჭილაძე გამოიცა, ჭოლა ლომთათიძე და ეკატერინე გაბაშვილი და სხვა მრავალი კლასიკოსი. უბრალოდ, ვინც ნამდვილად ვიცით საქმის კეთება და უცხოელ პარტნიორებთან მუშაობა, დამეთანხმებით, რომ 4 წელიწადში სრულიად ქართული ლიტერატურის გადათარგმნა არის შეუძლებელი და მგონი, არც არის მიზანშეწონილი”– განაცხადა დეა მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი