კულტურა სტილი, დიზაინი

გიორგი ავალიანი: “დიადი წარსული გამოწვევაა”

მოგეხსენებათ, ფრანკფურტის ფესტივალზე წელს საქართველო გიორგი ავალიანმა წარადგინა, რომელიც გახლავთ ზემოქმედებითი სააგენტო “ლივინგსტონის” კრეატიული დირექტორი, წელს კანის შემოქმედებითი ფესტივალის ჟიურის წევრი Brand Experience & Activation კატეგორიაში, ჭაჭა “ბოდიში”-ს თანადამფუძნებელი.

მისმა ფესტივალზე ყოფნამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მიზეზი კი არც მეტი არც ნაკლები – ვარდისფერსა და ცისფერ ფერებში გადაწყვეტილი ჩოხა გახლავთ.

მოსახლეობის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ მისი ასეთი ვიზუალი და, ზოგადად, ამ პიროვნების წარმდგენად ყოფნა საქართველოს და ქართველი ერის მიზანმიმართული შეურაცხყოფა და დივერსიაა.

ამ თემით გამოწვეული ნეგატივი და, ხშირ შემთხვევაში, აგრესია საქართველოს სათავეში მდგარი პოლიტიკური ჯგუფისკენაც არის ხოლმე მიმართული.

“ეს არის ლიბერასტებისა და პედერასტების (არა)ქართული ოცნება!” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გიგაური.

რამდენიმე დღის წინ ამ თემის ირგვლივ თავად გიორგი ავალიანმა ისაუბრა სფოთლაითზე, სადაც ვარდისფერი ჩოხისა და, ზოგადად, მსგავსი ეპატაჟური ქმედებებისა თუ საგნების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“ტრადიციები უბრალოდ ხშირად განმეორებადი ქცევები და გავრცელებული მოსაზრებებია, რომლებიც ჩვენს სოციალურ ცხოვრებას აწესრიგებენ და კალაპოტს აძლევენ. საერთოდ არ გულისხმობს ტრადიცია ავტომატურად სიწმინდეს და უცვლელობას – ტრადიციები ყოველდღე ქრებიან, იქმნებიან და იცვლიან სახეს. ახალი წელი საყოველთაო სიქრეთ სანტას თამაშის გარეშე შეიძლება უკვე აღარ წარმოგვიდგენია ან 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღის აღუნიშნავად, მაგრამ ხუთი-ექვსი წლის წინ ჭაჭანებაც არ იყო ამ ამბების. არადა ისეთი დიდებული ტრადიციები, როგორიც წაწლობა და ყეენობაა სამარცხვინოდ დავივიწყეთ.

ტრადიციები მასობრივი კომუნიკაციის საუკეთესო ფორმაა, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ აწმყო შობილი წარსულისაგან ძალიან სახიფათო მოცემულობაა საამაყო მომავლის დაბადებისთვის. ზოგიერთი ამბავი და მოვლენა ავტომატურად იქცევა საკრალურად და ხელშეუხებლად, უბრალოდ იმიტომ რომ ადრე მოხდა, ჩვენს დაბადებამდე, მამა-პაპა და დედა-ბებია ასე იქცეოდა და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. არადა ეს წინაპრებიც ხომ ჩვენნაირი დაბნეული, დარდუბალა ხალხი იყო, თან გაცილებით ნაკლები რესურსით. ამ პატიოსანი ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს კარაქიანი პური არ ჰქონდა გასინჯული და საკუთარი ორღობის იქით ფეხი არ ჰქონდა გადგმული, რაც იმას საერთოდ არ ნიშნავს, რომ ერთბაშად დავგმოთ და ხაზი გადავუსვათ ყველაფერს, რაც დაგვიტოვეს – უბრალოდ, ბრმად ნუ ვენდობით ისტორიის გახუნებულ ფურცლებს და ჩვენითაც გავანძრიოთ ხოლმე ტვინი ხანდახან.

წარსულზე გამარჯვება ჩემთვის ის მუხტია, რასაც სუხიშვილების თანამედროვე ქართული მოძრაობების რიტმში ვგრძნობ. წარსულზე გამარჯვება ისტორიის ისტორიის სანაგვეზე გამწესებას კი არ გულისხმობს, არამედ ახალი საწყისების თამამად ძიებისთვის გვიხსნის ხელფეხს და ახლა სწორედ ეგ გვჭირდება. დიადი წარსული გამოწვევაა, ის ხარიხა, რომელსაც ჩვენი საქმეებით უნდა გადავევლოთ და არავითარ შემთხვევაში ის ჩარჩო, რომელიც ფიქრის არეალს შეგვიზღუდავს”

კომენტარები

კომენტარი